თეგებით ძიება

ჩოხატაურის მუნიციპლიტეტში 17 000 ადამიანი ცხოვრობს და აქედან 14 000 სოციალურად დაუცველია. რომელ ეკონომიკურ წინსვლაზე და რა წარმატებაზეა საუბარი? - ზვიად ტომარაძე

რატომ არ გაამართლა საქართველოს „სინგაპურიზაციამ“, როგორ შევაჩეროთ უცხოელებისთვის კანონდარღვევით მიწის მიყიდვა, რა საფრთხეს შეიცავს საქართველოს ლიბერალური საემიგრაციო პოლიტიკა? ამ და სხვა საკითხებზე „TIA.GE“-ს ორგანიზაცია „ერი და სახელმწიფოს“ დამფუძნებელი ზვიად ტომარაძე ესაუბრა:

_ დავიწყოთ იმით, რომ 2004 წლიდან საქართველოში ძალიან ლიბერალური საემიგრაციო პოლიტიკა ამოქმედდა და დღესაც იგივე გრძელდება. ფაქტობრივად, ქვეყანა არაფერს აწარმოებს და ემიგრანტების ფულად გზავნილებზე და ტურიზმიდან მიღებულ შემოსავალზეა დამოკიდებული. სწორედ ამით გაამართლა თავის დროზე მიხეილ სააკაშვილმა საემიგრაციო პოლიტიკის გამარტივება და ამით ამართლებს დღევანდელი ხელისუფლებაც. ამ პოლიტიკის ფარგლებში მოხდა ჩინეთთან სავიზო რეჟიმის გამარტივებაც. რაც შეეხება ამ გადაწყვეტილებიდან მომდინარე საფრთხეებს, თუ გავითვალისწინებთ,  რომ დემოგრაფიული მდგომარეობის გამო, გაერომ მომაკვდავი ერების სიაში შეგვიყვანა, მოსახლეობის მაღალი გადინება გვაქვს (მარტო 2022 წელს ქვეყნიდან 100 000 კაცი წავიდა) ბინადრობის საკითხები და საემიგრაციო პოლიტიკა მოსაწესრიგებელია, რა თქმა უნდა, ეს საფრთხის შემცველია. 

_ დაგვიკონკრეტეთ, რომელ საფრთხეებს გულისხმობთ.

_ მოგეხსენებათ, რომ ჩინეთის მოსახლეობა მილიარდნახევარს შეადგენს. ამ რაოდენობიდან საქართველოში ძალიან მცირე პროცენტიც რომ შემოვიდეს, შეიძლება ქვეყანაში ეთნიკური ბალანსი შეცვალოს. ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ჩინელებამდე საქართველოში ძალიან ბევრი ერის წარმომადგენელი ცდილობდა და ცდილობს დამკვიდრებას. კიდევ ერთი საფრთხე მიწას უკავშირდება - მიუხედავად იმისა, რომ კონსტიტუციის მიხედვით, საქართველოში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის გაყიდვა აკრძალულია, კატეგორიის შეცვლის გზით უცხოელებზე მიწების გაყიდვა მაინც ხდება. 

_  ამის კონკრეტული ფაქტები თუ გაქვთ?

_ მე დავინტერესდი რა ფართობის მიწის ნაკვეთია სასოფო-სამეურნეო დანიშნულებიდან არასასოფლოზე გადაყვანილი და იუსტიციის სახლიდან საჯარო ინფორმაცია გამოვითხოვე. პასუხის მიღებას დაახლოებით 6 თვე ველოდე და აღმოჩნდა, რომ 2018 წლიდან 2022 წლის ნოემბრის ჩათვლით კატეგორია 5 000 ჰექტრამდე მიწას შეეცვალა. სრული საფუძველი გვაქვს ვივარაუდოთ, რომ ამ მიწის უდიდესი ნაწილი უცხოელებზე გაიყიდა. 5 მაისს საჯარო რეესტრს მეორე განცხადებით მივმართე და ვთხოვე დაეზუსტებინა ამ 5 000 ჰექტარიდან უცხო ქვეყნის მოქალაქეზე რამდენი გაიყიდა, თუმცა პასუხი დღემდე არ მიმიღია. პასუხისთვის გონივრული ვადა ითხოვეს, თუმცა ეს გონივრული ვადა რამდენია, არ აკონკრეტებენ. 

_ სულ ახლახან უცხო ქვეყნის მოქალაქეების კრიმინალურ საქმიანობაში ჩართვის შემთხვევების შესახებ გახდა ცნობილი. სვეტიცხოველის ეზოში ნარკოტიკების დამალვის ფაქტს ვგულისხმობ..

_ აქ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი დეტალია, რომელიც თვალში მომხვდა. რა თქმა უნდა, დანაშაული დანაშაულია და დამნაშავის ეთნიკურ წარმომავლობას მნიშვნელობა არ აქვს, მაგრამ ბოლო წლებში მედიის მხრიდან დამნაშავის ეთნიკური წარმომავლობა არ სახელდებოდა. ამ შემთხვევაში კი გამონაკლისი დაუშვეს და თქვეს, რომ დამნაშავე უკრაინელია, რაც კითხვებს აჩენს. სხვა მხრივ, რა თქმა უნდა, სრულიად მიუღებელი ფაქტია და ზოგადად, საჭიროა საემიგრაციო პოლიტიკის გამკაცრება, თუმცა ხელისუფლება ამას ვერ და და არ აკეთებს, რადგან მწარმოებელი სახელმწიფო არ ვართ. წარმოება და ფაბრიკა-ქარხნები კი არა, სასურსათო უსაფრთხოება არა  გვაქვს და ძირითადი კვების პროდუქტები უცხოეთიდან შემოგვაქვს, როდესაც ჩვენს მიწას მინიმუმ 12 მილიონი ადამიანის გამოკვება და კვების პროდუქტების ექსპორტზე გატანა შეუძლია. როდესაც ხელისუფლება ამას არ აკეთებს და ამბობს, რომ მისი პრიორიტეტი ტურიზმი, უცხოელი მომღერლების ჩამოყვანა და ამაში ბიუჯეტიდან 70 მილიონის გადახდაა, ეს უკვე პრობლემაა. გასაგებია, რომ ტურიზმის საშუალებით აპირებენ ბიუჯეტის შევსებას, მაგრამ იმ ტურისტს რომ უცხო ქვეყანაში წარმოებულ პროდუქციას სთავაზობ, ის ფული ხომ ქვეყნის გარეთ გადის? ამიტომ ვამბობ, რომ ეს სიგაპურიზაციის არასწორი და დამახინჯებული მოდელია. არც იმ გამართულ მოდელს ვეთანხმები, იმიტომ, რომ ეს ჩვენი ერის გზა არაა, მაგრამ ჩვენთან ის სინგაპურიზაციაც კი არ ხდება. სინგაპური წარმატებული და შეძლებული ქვეყანა გახდა, ჩვენთან კი სოციალურად  დაუცველი მოსახლეობის რაოდენობა წლიდან წლამდე იზრდება. მაგალითისთვის გადამოწმებული და დადასტურებულ მაგალითს მოგიყვანთ - ჩოხატაურის რაიონში 17 000 ადამიანი ცხოვრობს და  აქედან 14 000 სოციალურად დაუცველია. რომელ ეკონომიკურ წინსვლაზე და რა წარმატებაზეა საუბარი?

_ როგორც ვიცი, დიდ სახალხო  შეკრებას გეგმავთ და იქნებ ამ შეკრების მიზნებზე გვიამბოთ..

_ 17 სექტემბერს 17 საათზე, მეტრო „დელისთან“, პროფკავშირების სახლში შევიკრიბებით, რომ განვიხილოთ როგორ შევაჩეროთ საკანონმდებლო ინიციატივებით სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების უცხოელებზე გასხვისება, როგორ დავიბრუნოთ საკანონმდებლო ხარვეზების გზით წართმეული რეფერენდუმის უფლება, სლოვაკეთის მსგავსად, კანონმდებლობაში ჩავწეროთ, რომ დაუშვებელია ნაღდი ფულის გაუქმება, ასევე, როგორ უზრუნველვყოთ, რომ  პრეზიდენტი ისევ ხალხმა და არა 300-მა ხმოსანმა აირჩიოს. ჩვენ გვაქვს ქვეყანა, სადაც ფაქტობრივად ვერც პრემიერს ვირჩევთ, ვერც სახალხო დამცველს და პრეზიდენტის არჩევის უფლებაც წაგვართვეს. კიდევ ერთი საკითხია პარლამენტის წევრთა რაოდენობის 150 კაციდან 100 კაცამდე შემცირება, რადგან მოსახლეობის რაოდენობასა და პარლამენტარებს შორის პროცენტული შეფარდებით ევროპაში ერთ-ერთ პირველ ადგილზე ვართ. ოთხივე ამ საკითხზე საკონსტიტუციო ცვლილებები მომზადებული მაქვს და მალე დავიწყებთ ხელმოწერების შეგროვებას.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა