ესპანეთის დაზვერვა ფიქრობს, რომ რუსი პილოტის, მაქსიმ კუზმინოვის მკვლელობა კრემლმა შეუკვეთა
რუსი მფრინავი მაქსიმ კუზმინოვი, რომელმაც 2023 წელს უკრაინაში რუსული სამხედრო ვერტმფრენი დასვა და უკრაინულ მხარეს ჩაბარდა, ესპანეთში გარდაცვლილი იპოვეს.
როგორც ესპანური გამოცემა El País-ი დაუსახელებელ წყაროებზე დაყრდნობით წერს, ესპანეთის დაზვერვაში მიაჩნიათ, რომ რუსი პილოტის, მაქსიმ კუზმინოვის მკვლელობა კრემლმა შეუკვეთა.
გამოცემასთან საუბრისას დაზვერვაში მომუშავე წყაროებმა თქვეს, რომ მკვლელობის პირდაპირ რუსულ სამსახურებთან დაკავშირება რთული იქნება, მაგრამ ფიქრობენ, რომ რუსეთმა მკვლელობა დაქირავებულ მკვლელებს დაავალა.
El País-ი წერს, რომ სამთავრობო წყაროების განმარტებით, ესპანეთის დაზვერვა კუზმინოვის ქვეყანაში ყოფნის შესახებ ინფორმაციას არ ფლობდა, რუს პილოტს ჩასვლის შესახებ მათთვის არ შეუტყობინებია.
გამოცემასთან საუბრისას წყაროებმა თქვეს, რომ პროვინციაში, სადაც კუზმინოვი იმყოფებოდა, ალიკანტეში, ქვეყანაში ყველაზე მეტი რუსეთის მოქალაქე ცხოვრობს. მათი თქმით, შესაძლებელია, რომ რუსეთის მთავრობამ მკვლელობის ოპერაცია ადგილობრივი მოსახლეობის დახმარებით ჩაატარა.
ესპანეთის მთავრობა რუსეთის საჯაროდ დადანაშაულებას ერიდება და გამოძიების შედეგებს უცდის.
"სამოქალაქო გვარდიას უნდა მივცეთ საშუალება, თავისი საქმე შეასრულოს და გამოძიება გაგრძელდეს". - თქვა მთავრობის სპიკერმა, პილარ ალეგრიამ.
თუმცა, El País-თან საუბრისას დიპლომატიურმა წყაროებმა თქვეს, რომ ეს "ძალიან სერიოზული" საკითხია და რუსეთის ჩართულობის დადგენის შემთხვევაში, ესპანეთს "ძლიერი" საპასუხო რეაქცია ექნება.
კუზმინოვი 2023 წელს უკრაინულ მხარეს ვერტმფრენით ჩაბარდა. 19 თებერვალს ის ესპანეთში ცეცხლსასროლი იარაღით მოკლული იპოვეს.
წყარო: ტაბულა