"ფიზიკურად იმდენად დაზიანებული იყო, დნმ-ის ტესტისთ ამოიცნეს" - რუსეთში ტერაქტს ქართველი ქალი ემსხვერპლა - ინტერვიუ მოკლულის დასთან (ვიდეო)
რუსეთში მოწყობილ ტერაქტს ერთი ქართველი ემსხვერპლა. ტერორისტების მიერ სასტიკად მოკლული ქალის და "ტვ პირველს" პირველ ინტერვიუს აძლევს. ნინო მამისაშვილი ამბობს, რომ საბედისწერო დღეს მისი და საკონცერტო დარბაზში მეუღლესთან ერთად იმყოფებოდა. ISIS-ის მებრძოლებმა წყვილი დერეფანში ჩაცხრილეს. ირინა და რომან სოკოლოვები დაბადების დღეს აღნიშვნოდნენ.
ქალს ათობით ტყვია ზურგის არეში აქვს მოხვედრილი და ფილტვები აქვს დახვრეტილი, მამაკაცს კი ერთი ტყვია გულში მოხვდა.
ირკვევა, რომ ცხედრები იმდენად იყო დაზიანებული, რომ ოჯახს გარდაცვლილების ამოცნობა გაუჭირდა.
ზურგში აქვთ მოხვედრილი, ალბათ გაქცევის დროს. ხანძარში არ არიან მოყოლილი. დას კისერში აქვს ჭრილობა, ფილტვები აქვს გახვრეტილი და მკლავში აქვს გამჭოლი ჭრილობა და სიძეს ერთი ტყვია აქვს მოხვედრილი, სავარაუდოდ, გულში. დის ამოცნობა, ფიზიკურად იმდენად დაზიანებული იყო, ფილტვი რომ სკდება, ადამიანი სახეზე შავდება და შესაბამისად, დის ამოცნობა რთული იყო. დნმ-ის ტესტისთ ამოიცნეს, - ამბობს ნინო მამისაშვილი.
ნინო მამისაშვილი ამბობს, რომ რუსეთში დის დაკრძალვაზე ჩასვლა უნდოდა, მაგრამ შესაძლო მოსალოდნელი ტერაქტების და საფრთხეების გამო თავი შეიკავა. დაღუპულების ახლობლები ტერაქტის ორგანიზატორების და შემსრულებლების უმკაცრესად დასჯას მოითხოვენ.
ამბობენ, რომ მილიონი ჰქონდა მიღებული თითოეულს და ჰქონდათ დავალება, რომ ადამიანები დაეხოცათ. მეც მინდოდა წასვლა დის დაკრძალვაზე, მაგრამ ტერაქტების სერიაა კიდევ მოსალოდნელი, რასაც ვიგებთ, პრესაშიც ვრცელდება, ამერიკა აფრთხილებს თავის მოქალაქეებს, რომ დატოვონ ტერიტორია, ამიტომ თავს ვიკავებ. თუ ისინი უნდა მოერიდონ, ალბათ ჩვენც უნდა გავფრთხილდეთ. მინიმუმ სამუდამო პატიმრობა უნდა მიუსაჯონ, იმიტომ, რომ ადამიანის სიკვდილით დასჯა ძალიან სასტიკი განაჩენია. სამუდამო პატიმრობა ღირსეული სასჯელი იქნებოდა მათთვის, - ამბობს მამისაშვილი.
გარდაცვლილებს ორი არასრულწლოვანი შვილი დარჩათ. მათთან ახლა ფსიქოლოგები მუშაობენ.