ინდოეთი ეკონომიკური ზრდით ჩინეთს გადაუსწრებს - Bloomberg
ინდოეთმა ეკონომიკური ზრდის მხრივ 2028 წლისთვის შესაძლოა, ჩინეთს გაუსწროს. ამის შესახებ Bloomberg Economics-ის პროგნოზში წერია.
სააგენტოს შეფასებით, ჩინეთის ეკონომიკა ზრდას ანელებს, ხოლო დასავლელი პარტნიორები მასში კონკურენტს სულ უფრო ხედავენ, ვიდრე პარტნიორს. ამის პარალელურად ინდოეთის საფონდო ბაზარი იზრდება, ქვეყანა უცხოელ ინვესტორებს იზიდავს და სხვა ქვეყნებთან ახალ სავაჭრო ხელშეკრულებებს დებს.
Barclays და სხვა საინვესტიციო ბანკები პროგნოზირებენ, რომ პრემიერ-მინისტრ ნარენდრა მოდის მომდევნო ხუთწლიან ვადაში, რაზეც საყოველთაო არჩევნები მაისში გაიმართება, ქვეყანას შეუძლია, გლობალური ეკონომიკური ზრდის ძრავის როლში ჩინეთი ჩაანაცვლოს.
თუმცა Bloomberg Economics-ის შეფასება უფრო ოპტიმისტურია. კერძოდ, საბაზისო სცენარით, ინდოეთის ეკონომიკური ზრდა ამ ათწლეულის ბოლოსთვის 9%-მდე დაჩქარდება, ხოლო ჩინეთის 3.5%-მდე შენელდება. ყველაზე პესიმისტური სცენარითაც კი ინდოეთის ეკონომიკა 6,5%-ით იზრდება, რითიც ქვეყანა ჩინეთისთვის გადასწრებას 2037 წელს შეძლებს.
ამჟამად ინდოეთის მშპ 3,5 ტრლნ დოლარი, ჩინეთის კი 17,8 ტრლნ დოლარია. 2023 წლის მეოთხე კვარტალში ჩინეთის ეკონომიკა, წლიური თვალსაზრისით, 5,2%-ით, ხოლო ინდოეთის მშპ მესამე ფისკალურ კვარტალში, ანუ ოქტომბერ-დეკემბრის პერიოდში 8.4%-ით გაიზარდა.
ინდოეთის მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის დაჩქარება ნარენდრა მოდის ერთ-ერთი მთავარი საარჩევნო დაპირებაა: 2023 წელს მან განაცხადა, რომ თუ მთავრობას მესამედ უხელმძღვანელებს, შეეცდება, ქვეყნის ეკონომიკა “მსოფლიოში პირველ ადგილზე” გაიყვანოს. ხელისუფლება ცდილობს, ეკონომიკა უფრო კონკურენტუნარიანი გახადოს, რაც დასავლეთს იზიდავს. თუმცა უცხოური კომპანიები, რომლებსაც ინდოეთში ბიზნესის წარმოება სურთ, სხვადასხვა გამოწვევის წინაშე დგანან, როგორიც არის ცუდი გზები, ბიუროკრატია, კვალიფიციური მუშახელის დეფიციტი და სხვ. ამის გამოსასწორებლად და მშპ-ის ზრდით ჩინეთისთვის გასწრების მიზნით Bloomberg ქვეყნის ხელისუფლებას ურჩევს, ინფრასტრუქტურის მშენებლობაზე, ურბანულ განვითარებასა და სამუშაო ძალის ხარისხზე გაამახვილოს ყურადღება.
ცნობისთვის: 2023 წლის ზაფხულში Goldman Sachs-ის ექსპერტები პროგნოზირებდნენ, რომ ინდოეთის ეკონომიკა 2075 წლისთვის მსოფლიოში სიდიდით მეორე გახდება და ისეთ ქვეყნებს გადაუსწრებს, როგორიც იაპონია, გერმანია და აშშ-ია, ხოლო ჩინეთს მიუახლოვდება. ბანკის პროგნოზით, 52 წელიწადში ჩინეთის ეკონომიკის ოდენობა 57 ტრლნ დოლარს, ინდოეთის მშპ 52,5 ტრლნ დოლარს, ხოლო აშშ-ის ეკონომიკა 51,5 ტრლნ დოლარს შეადგენს.
ინდოეთის უმდიდრესი ადამიანი, Reliance Industries-ის ხელმძღვანელი, მუკეშ ამბანი, რომელიც 117,1 მლრდ დოლარით Forbes-ის სიაში მე-11 ადგილზეა, თვლის, რომ 2047 წლისთვის ქვეყნის მშპ 40 ტრლნ დოლარამდე გაიზრდება.
წყარო: „ბიზნესპრესნიუსი“