თეგებით ძიება

მაშინ როდესაც მისი დაკრძალვის პროცესი მიმდინარეობდა, მე მისი ნაჩუქარი ჯვარი მეკავა ხელში და სასწაულს ველოდებოდი - ნუგზარ სულაშვილი

რამდენიმე დღის წინ ვარკეთილის, ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი იოსებ ხოხონიშვილი გარდაიცვალა, რომლის შესახებ საფრანგეთში მცხოვრები მწერალი, ნუგზარ სულაშვილი საოცარ ამბავს იხსენებს:

„90-ანი წლების ცივი ზამთარი იყო...

გვიან ღამით გამოვედი სახლიდან და აეროპორტის მოყინულ გზას დავადექი. ფრთხილი სვლით მიმავალს, დიდი სისწრაფით, ფორდის მარკის ავტომობილმა გადამასწრო. უცებ მანქანა მოცურდა, შემდეგ ჰაერში რამდენიმ ბრუნი გააკეთა და სახურავით მიწას დაენარცხა...

სასწრაფოდ მივვარდი ალმოდებულ მანქანას, წინა  ჩამსხვრეული საქარე მინიდან, უგონო მდგომარეობაში მყოფი, სისხლში ამოსვრილი ყმაწვილი ძლივს, ვაი-ვაგლახით გადმვათრიე სალონიდან...

სიცოცხლის ნიშან-წყალი არ ემჩნეოდა...

ჩემი მანქანის უკანა სავარძელზე დავაწვინე და რესპუბლიკურ საავადმყოფოში მივიყვანე...

მიმღებში ვიღაც "ნაბიჭვარი" დამხვდა, რომელმაც ხელები გაასავსავა. 

- არა ძმაო,  ვერ მივიღებ ვიღაც უპატრონოს, ქუჩიდან მოყვანილსო...

 ვეხვეწე, ვემუდარე... პირობა მივეცი, რომ საჭირო თანხას მე გადავიხდიდი. როგორც იქნა საოპერაციო ბლოკამდე მივაღწიეთ და შესასვლელში, პაცინტმა მოულოდნელად გალობა დაიწყო...

მგონი გადარჩა მეთქი, გავიფიქრე გულში და სახელი ვკითხე

- რა გქვია ბიჭო? 

- სოსო...

- აჰ, ჩემი ძმის სეხნია ყოფილხარ. ახლა ყოჩაღად უნდა იყო, ოპერაცია გჭირდება მეთქი...

კარგახნის გათენებული იყო, როდესაც ექიმი საოპერაციოდან გამოვიდა და მითხრა გადავარჩინეთო...

გადავეხვიე...

წავალ ცოტას დავისვენებ და დავბრუნდები მეთქი...

თანხაზე აღარ შეწუხდეო...

ეს როგორ მეთქი?

ეგ ბიჭი დედოფლისწყაროს პოლიციის უფროსი ყოფილა და იმედია მალე მოაკითხავენო...

მართლაც რამდენიმე საათის შემდეგ მისი პალატა უამარავი ადამიანით სავსე დამხვდა...

ჩემს დანახვაზე წამოიწია, გულიდან ჯვარი მოიხსნა და გამომიწოდა...

- გამომართვი, ყველაზე მძიმე მომენტში გადაგარჩენსო...

ახლო მეგობრები გავხდით...

ემიგრაციაში შემატყობინეს, რომ სოსომ პოლიციის მუდირი გაიხადა და ანაფორა ჩაიცვაო...

მამა იოსები დღეს ეახლა უფალს სასუფეველში...

მაშინ როდესაც მისი დაკრძალვის პროცესი მიმდინარეობდა, მე მისი ნაჩუქარი ჯვარი მეკავა ხელში და სასწაულს ველოდებოდი...

ექიმი ღიმილით შემოვიდა ჩემსპალატაში და მივხვდი, რომ სოსომ ( მამა იოსებმა) სიმართლე მითხრა.

პ.ს. ახლა დავბრუნდი ჰოსპიტალიდან...“ - წერს ნუგზარ სულაშვილი სოციალურ ქსელში.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა