თეგებით ძიება
17. 04. 2024 კულტურა

ქართული ფილმი "იქ, სადაც სახლია" ამერიკული კინოფესტივალის გამარჯვებული გახდა

ქართულმა ფილმმა იქ, სადაც სახლია აშშ-ში, ფულ ფრეიმის დოკუმენტური ფილმების ფესტივალზე გაიმარჯვა და ჩარლზ გუგენჰაიმის სახელობის ჯილდო დაიმსახურა. რეჟისორ გიორგი ქველიძის სადებიუტო სრულმეტრაჟიანი ფილმი ღონისძიებაზე ახალგამოჩენილი ხელოვანის საუკეთესო ნამუშევრად დასახელდა.

ფილმს იქ, სადაც სახლია ორი მთავარი გმირი ჰყავს: აფხაზეთიდან დევნილი და წყალტუბოს ყოფილ სანატორიუმში მცხოვრები 80 წლის იამზე და წყალტუბოში დაბადებული 12 წლის ნიკუშა "ჰაიკო" ბერულავა. იამზეს ერთი შვილი აფხაზეთის ომში დაეღუპა, მეორე შვილი კი საბერძნეთში ცხოვრობს. ოჯახის სარჩენად ემიგრაციაშია წასული ნიკუშას დედაც, რომელიც 13 წლის ასაკში იქცა დევნილად, დღეს კი თურქეთიდან ყოველდღე ურეკავს შვილს და იმედი აქვს, რომ მას მალე ნახავს. იამზე და ნიკუშა, წყალტუბოში მყოფი ყველა დევნილის მსგავსად, უკეთესი საცხოვრებელი პირობების მოლოდინში არიან.

ფულ ფრეიმის დოკუმენტური ფილმების ფესტივალი არამხატვრული კინოს ერთ-ერთი ცნობილი ღონისძიებაა, რომელიც 1998 წლიდან ტარდება. წელს ფესტივალი 4 აპრილიდან 7 აპრილამდე, ჩრდილოეთ კაროლინის ქალაქ დარემში იმართებოდა. ფესტივალზე ერთ-ერთი მთავარი ჯილდო სწორედ ჩარლზ გუგენჰაიმის სახელობის პრიზია. გუგენჰაიმი ოთხგზის ოსკაროსანი ამერიკელი დოკუმენტალისტი იყო, რომელმაც გარდაცვალების შემდეგ, 2003 წელს, ამავე ფესტივალის საპატიო ჯილდო დაიმსახურა.

რაც შეეხება ფილმს იქ, სადაც სახლია, მისი პრემიერა იანვარში, სლემდენსის კინოფესტივალზე შედგა. ერთსაათიანმა დოკუმენტურმა ფილმმა მაყურებლისა და კინოკრიტიკოსების დიდი მოწონება დაიმსახურა.

"ომი წარუშლელ კვალს ტოვებს ადამიანებზე და ეს ექო ათობით წლის შემდეგაც ისმინება მათ ხმებში, შესამჩნევია მათ თვალებში", — აღნიშნავს რეჟისორი, — "ფილმში ნაჩვენებია ორი თაობა: იამზე, რომელსაც პირდაპირ შეეხო ომი, მას შეუძლია ყველაფერი გვიამბოს კონფლიქტსა და მის შედეგებზე. მაშინ, როდესაც ნიკუშამ ბევრი არაფერი იცის სოხუმზე, იქ ნამყოფიც კი არაა, მაგრამ ეს ომი მისი ნაწილია. სწორედ ესაა ომის სისასტიკე, ხშირად ის რამდენიმე თაობის ცხოვრებას განსაზღვრავს".

გიორგი ქველიძე საქართველოდან ნიუ-იორკში საცხოვრებლად და კინოკარიერის დასაწყებად 2015 წელს გადავიდა. ფილმამდე იქ, სადაც სახლია, მას გადაღებული აქვს ოთხნაწილიანი დოკუმენტური ნამუშევარი მე და ევროპა.

წყარო: on.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა