ლევან კოღუაშვილის მხატვრულ ფილმს, "მეოთხე ბრაიტონს", 8 თებერვლიდან იტალიის კინოეკრანებზე უჩვენებენ
რეჟისორ ლევან კოღუაშვილის მხატვრულ ფილმს, „მეოთხე ბრაიტონს”, 8 თებერვლიდან იტალიის კინოეკრანებზე უჩვენებენ. ფილმს მაყურებელი იტალიის სხვადასხვა ქალაქის 30 კინოთეატრში ნახავს.
საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის მხარდაჭერით შექმნილი ფილმი იტალიის რამდენიმე ქალაქში თავად რეჟისორმა და ამერიკიდან ჩამოსულმა ქართველმა მსახიობებმა - ცუცა კაპანაძემ და ირმა გაჩეჩილაძემ წარადგინეს.
„მეოთხე ბრაიტონის" იტალიურ კინოგაქირავებაში გამოჩენა ფართოდ გააშუქა იტალიურმა მედიამ.
„რაი უნოს" კინოგანხილვისას ცნობილმა იტალიელმა კინოკრიტიკოსმა ვალერიო კაპრარამ „მეოთხე ბრაიტონი” კვირის საუკეთესო ფილმად დაასახელა.
„კორიერა დელა სერა":
„შთამბეჭდავი და, ამავე დროს, ტრაგიკომიკური „მეოთხე ბრაიტონი” არის ამბავი, რომელსაც ემოციურად ყვება კოღუაშვილი. მისი შთაგონების წყარო ჩვენი (იტალიური) ნეორეალიზმის ოსტატები და ვიტორიო დე სიკა არიან. „მეოთხე ბრაიტონმა" ტრაიბეკას კინოფესტივალზე სამი მთავარი პრიზი მოიპოვა. ის იყო „ოსკარის" კანდიდატი ქართული ფილმი, ისევე, როგორც მისი [კოღუაშვილის] სადებიუტო ნამუშევარი „ქუჩის დღეები”, რომელიც, ბევრი კრიტიკოსის შეფასებით, თანამედროვე ახალი ქართული ტალღის დასაწყისი იყო.
კოღუაშვილი არასდროს სცდება ტრაგიკომედიის საზღვრებს. სტილი ამერიკანიზებულია, ნატურალისტური, ყურადღება ეთმობა ეთნიკური, ანთროპოლოგიური და სოციოლოგიური დეტალებისა და ფაქტურის ჩვენებას. შედეგად ვიღებთ სურათს ოჯახის, მშობლისა და შვილის ურთიერთობის, ტრადიციებისა და „აღთქმული მიწის” საფრთხეების შესახებ."
„გლობალისტი":
„ყველგან როგორი ძლიერი და ღრმაა ნეორეალიზმის ფესვები. ეს დაამოწმა ლევან კოღუაშვილმა, როდესაც თავისი ფილმი „მეოთხე ბრაიტონი" რომის "სინემა ტიციანოში" წარადგინა. კოღუაშვილი გვიყვება თბილისიდან წასულ ემიგრანტებზე, ჩვენ კი, იტალიელები, ვპოულობთ საკუთარ თავს და ვუბრუნდებით ჩვენს დიდ ფილმებს, რომლებიც ასევე გვიყვებოდნენ კაცებსა და ქალებზე, რომლებიც იძულებული არიან, მიატოვონ საკუთარი მიწა. გუშინ ჩვენ ავდიოდით მატარებელში, რომ წავსულიყავით მდიდარ ჩრდილოეთში, როგორც ეს ხდება ლუკინო ვისკონტის ფილმში „როკო და მისი ძმები”. დღეს სხვისი ჯერია, სხვა სამხრეთიდან მიდიან, უდაბნოებისა და ზღვის გავლით, მიდიან ისე, რომ სიცოცხლესა და სიკვდილს შორის ზღვარი თითქმის უხილავი ხდება.
აპლოდისმენტები კომპანია Invisible Carpets-ს, რომელსაც ეყო გამბედაობა, ლევან კოღუაშვილის ეს მშვენიერი ფილმი იტალიის ეკრანებზე ეჩვენებინა. ფილმის პრემიერას თვით სან-რემოს ფესტივალმაც ვერ შეუშალა ხელი.”