„პასიური პროტესტიდან გადავალთ მოქმედებაზე“ - დავით დოიაშვილი ანდრო ჭიჭინაძის გათავისუფლებასთან დაკავშირებით ულტიმატუმს აყენებს
ვასო აბაშიძის სახელობის „ახალი თეატრის“ დასის სამხატვრო ხელმძღვანელის, დავით დოიაშვილის ულტიმატუმი ხელისუფლებას - თეატრთან შეკრებილებმა ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული მსახიობის - ანდრო ჭიჭინაძის პატიმრობიდან გათავისუფლება მოითხოვეს. როგორც დოიაშვილმა განაცხადა, 20 იანვრამდე თუ არ შესრულდება მოთხოვნა, პასიური პროტესტიდან მოქმედებაზე გადავლენ.
„ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრის დასი და მე, მისი სამხატვრო ხელმძღვანელი დავით დოიაშვილი მოვითხოვთ, ამავე თეატრის მსახიობის - ანდრო ჭიჭინაძისა და სხვა პოლიტპატიმრების, ადვოკატების მიერ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გადახედვას და მის გამოშვებას, არაუგვიანეს ამა წლის 20 იანვრამდე. ჩვენი მოთხოვნის არ გათვალისწინების შემთხვევაში, ჩვენ პასიური პროტესტიდან გადავალთ მოქმედებაზე“, - განაცხადა დოიაშვილმა.
ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული 11 პირი თბილისის საქალაქო სასამართლომ პატიმრობაში დატოვა.
დაკავებულებს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინათ, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს. აღნიშნული დანაშაული 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.