ტურისტული სეზონიდან გამომდინარე, ბაკურიანსა და გუდაურში 5-5 გადაუდებელი სამედიცინო მომსახურების ბრიგადაა მობილიზებული, მათ შორის, 1 რეანომობილი
საქართველოში ზამთრის ტურისტული სეზონი აქტიურად მიმდინარეობს. კურორტების დატვირთულობასა და დამსვენებლების სიმრავლესთან ერთად, იზრდება მოთხოვნა სამედიცინო სერვისებზე, რომელთა ხელმისაწვდომობაც ადგილზე უზრუნველყოფილია.
ბაკურიანში მუშაობს საჭიროების შესაბამისად აღჭურვილი ამბულატორია. ადგილზე ხელმისაწვდომია ტრავმატოლოგის, რადიოლოგის, ოჯახის ექიმისა და სხვა სპეციალისტების მომსახურება.
როგორც მედიკოსები ამბობენ, სამთო სათხილამურო კურორტზე ტურისტული სეზონიდან გამომდინარე, გაზრდილია მომართვიანობა და მოთხოვნა სამედიცინო სერვისებზე.
ბაკურიანში ასევე მობილიზებულია სასწრაფო სამედიცინო დახმარების 5 ბრიგადა, მათ შორის, 1 რეანიმობილი. გადაუდებელი სამედიცინო მომსახურების 5 ბრიგადაა მობილიზებული გუდაურშიც, რომელთა შორის ასევე 1 რეანიმობილია.