თეგებით ძიება
14. 11. 2024 კულტურა

14 ნოემბერი მურმან ლებანიძის დაბადების დღეა

დღეს მურმან ლებანიძის დაბადების დღეა. ცნობილი ქართველი პოეტი, მთარგმნელი და ესეისტი მურმან ლებანიძე 1922 წლის 14 ნოემბერს დაიბადა.

დაიბადა დაბა აღსტაფაში, აზერბაიჯანში, სილოვან ლებანიძის ოჯახში. 1940 წელს ჩააბარა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტზე. მეორე მსოფლიო ომის დაწყების გამო წავიდა ომში. იბრძოდა კავკასიისა და ყუბანის ფრონტებზე. 1943 წელს მძიმედ დაიჭრა და თბილისში დაბრუნდა. 1945 წელს სწავლა განაგრძო უნივერსიტეტში, რომელიც 1948 წელს დაასრულა. 1948 წელს დაქორწინდა ელენე ჭავჭავაძეზე.

1946 წლიდან მუშაობდა საყმაწვილო-სალიტერატურო გაზეთების რედაქციებში. მოღვაწეობდა საქართველოს ბეჭდვითი კომიტეტის მთავარ რედაქტორად. 1975-1978 წლებში იყო ლიტერატურის, ხელოვნებისა და არქიტექტურის სახელმწიფო პრემიების კომიტეტის პასუხისმგებელი მდივანი, მერე თავმჯდომარის მოადგილე (1978-1994), 1994 წლიდან თავმჯდომარე. გახლდათ შოთა რუსთაველის საზოგადოების პრეზიდენტი.

მურმან ლებანიძის ლექსების პირველი კრებული 1950 წელს გამოქვეყნდა.

ეწეოდა მთარგმნელობით მოღვაწეობას. მან თარგმნა იაპონური, კლასიკური და ძველი ეგვიპტური პოეზიის ნიმუშები, რადიარდ კიპლინგის, რობერტ ბერნსის ლექსები. შექმნა რუსული კლასიკური პოეზიის მიკროანთოლოგია (კრებული „უკვდავი ყვავილები“, 1971).

მურმან ლებანიძის ლექსები თარგმნილია რუსულ, სომხურ, აზერბაიჯანულ, უკრაინულ, ფრანგულ, გერმანულ და ჩეხურ ენებზე.

იგი დაჯილდოებული იყო შრომის წითელი დროშის, „საპატიო ნიშნის“, ღირსების ორდენებით. მიღებული ჰქონდა შოთა რუსთაველის, გალაკტიონისა და სახელმწიფო პრემიები. 1995 წელს აირჩიეს თბილისის საპატიო მოქალაქედ.

მურმან ლებანიძე გარდაიცვალა 2002 წლის 17 აგვისტოს. დაკრძალულია დიდუბის პანთეონში.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა