როდის შეუერთდა ვაკე თბილისს? - ისტორია
თბილისის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული უბანი ვაკე, დედაქალაქს 1906 წლის იანვრიდან შემოუერთდა. ინტენსიური განაშენიანება კი XX ს. 20-იან წლებში დაიწყო.
სახელწოდება გაჩნდა XIX საუკუნეში, ნიშნავს დაბალ ადგილს. ვაკე ძველი ვერის (საგაბაშვილო) ტერიტორიაზე წარმოშობილი დასახლებული პუნქტია.
თბილისის 1906 წ. გეგმაზე ხევს გაღმა მხოლოდ სათავადაზნაურო გიმნაზიის შენობაა აღნიშნული (ამჟამად თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის I კორპუსი). შემდეგ გიმნაზიიდან მოშორებით აშენდა სასულიერო სემინარია ( ყოფ. მე-9 საავადმყოფო ), ხოლო ტერიტორია, რომელიც შემდგომში თბილისის ფიზკულტურის ინსტიტუტს (მოგვიანებით, სპორტის აკადემია) ეკავა, კადეტთა კორპუსისათვის გამოიყო.
დიდი ხნის განმავლობაში ეს უბანი თბილისის ცენტრს მხოლოდ მელიქიშვილის ქუჩით უკავშირდებოდა. 1957 წ. ვარაზისხევის ქვედა ნაწილის ამოვსების შედეგად იგი ფართო ქუჩით გავიდა გმირთა მოედანზე, 1958 წ. კი გაყვანილ იქნა ვაკე-საბურთალოს შემაერთებელი მაგისტრალი (ამჟამად მიხეილ თამარაშვილის ქუჩა).
არქივებში ინახება საგაზეთო წერილი,სადაც ვაკელების თხოვნაა აღწერილი. 1910 წელს გამოქვეყნებულ წერილში, ვაკელები ქალაქის გამგეობისგან მოითხოვენ დაპირებების შესრულებას.წინააღმდეგ შემთხვევაში წერდნენ რომ ისინი თბილისს გამოეყოფოდნენ. როგორც ჩანს, გამგეობამ შეასრულა მოთხოვნები.