სტრადივარიუსის ვიოლინო 23 მილიონ დოლარად გაიყიდა, რაც ვიოლინოში გადახდილი რეკორდული თანხაა
სტრადივარიუსის ვიოლინო „ბარონი კნუპი“, რომელიც ვიოლინოების ცნობილმა კრემონელმა ოსტატმა მისი „ოქროს პერიოდის“ დროს, 1715 წელს შექმნა, ანონიმურმა ამერიკელმა კოლექციონერმა 23 მილიონ დოლარად იყიდა, რითაც ვიოლინოს ყველაზე მაღალ ფასად გაყიდვის ისტორიული რეკორდი დაფიქსირდა.
ანტონიო სტრადივარიუსის პრესტიჟული ვიოლინო „იოახიმ-მა“, ერთი თვის წინ, აუქციონზე 11.3 მილიონ დოლარად გაიყიდა, რაც მუსიკალურ ინსტრუმენტში გადახდილი სიდიდით მესამე ფასია. რამდენიმე დღის შემდეგ კი, სტრადივარიუსის კიდევ ერთი გამორჩეული ვიოლინო უფრო დისკრეტულად გაიყიდა - 1715 წელს დამზადებული „ბარონ კნუპი“, ანონიმურმა ამერიკელმა კოლექციონერმა, აგენტების მეშვეობით, რეკორდულ თანხად - 23 მილიონ დოლარად შეიძინა.
ვიოლინოს, რომელიც მისი ყოფილი მფლობელის, კოლექციონერ იოჰან კნუპის სახელს ატარებს, 33 წლის განმავლობაში სხვა კოლექციონერი, დევიდ ფულტონი ფლობდა, რომელმაც ის 1992 წელს 2.75 მილიონ დოლარად შეიძინა. ეს იყო ფულტონის პირველი ვიოლინო და სწორედ მან გაუჩინა ფულტონს 28 ინსტრუმენტისგან შემდგარი „გიჟური კოლექციის“ შექმნის ვნება და სურვილი. კოლექცია ვიოლინოებისგან, ჩელოებისგან და ალტებისგან შედგებოდა და ისეთი დიდი ოსტატების მიერ იყო შექმნილი, როგორებიც იყვნენ ანტონიო სტრადივარიუსი, გვარნერ დელ ჯეზუ, ბერგონცი, გვადანინი და ამატი. „ბარონი კნუპი“ ჩემი საყვარელი ვიოლინოა იმ მრავალ გამორჩეულ ვიოლინოს შორის, რაც კი მქონია“, - განაცხადა დევიდ ფულტონმა თავისი კოლექციის შესახებ, რომელიც 2010 წლიდან გასაყიდად არის გამოტანილი.
„ბარონი კნუპი“ თებერვლის ბოლოს გაიყიდა, ოღონდ არა აუქციონზე, არამედ აგენტების მეშვეობით. მისმა ფასმა 23 მილიონი დოლარი შეადგინა, რითაც 14 წლით ადრე დამყარებული რეკორდი დაემხო. მაშინ, 2011 წელს, სტრადივარიუსის მიერ 1721 წელს შექმნილი ვიოლინო სახელწოდებით „ლედი ბლანტი“ ტარისიოს აუქციონზე 15.9 მილიონ დოლარად გაიყიდა.