თბილისში ოთხსულიანი ოჯახის თვიური ხარჯები, საშუალოდ, 6 358 ლარია - ნახეთ, რა ღირს ცხოვრება თბილისში, ბაქოსა და ერევანში.
მსოფლიოში უმსხვილესი ონლაინ-მონაცემთა ბაზის, Numbeo-ს განახლებული სტატისტიკის თანახმად, სამხრეთ კავკასიის დედაქალაქებს შორის ცხოვრების საერთო ღირებულებით ერევანი პირველ ადგილს იკავებს და ყველაზე ძვირ ქალაქად რჩება, ხოლო ბაქო ყველაზე ბიუჯეტურია. საქართველოს დედაქალაქი თბილისი რეგიონულ ინდექსში შუალედურ პოზიციაზეა.
კვლევა ეფუძნება მომხმარებელთა მიერ მიწოდებულ და გადამოწმებულ მონაცემებს, რომლებიც მოიცავს საცხოვრებელი ფართის ქირას, ყოველდღიურ სამომხმარებლო კალათას, კომუნალურ გადასახადებსა და მომსახურების სფეროს ფასებს.
ერევანი რეგიონში ყველაზე ძვირი დედაქალაქია
სომხეთის დედაქალაქში ბოლო პერიოდში დაფიქსირებული ეკონომიკური დინამიკა პირდაპირ აისახა ფასების დონეზე. Numbeo-ს ინდექსით, ერევანი თბილისს ყველა ძირითადი პარამეტრით აჭარბებს:
- საერთო საყოფაცხოვრებო ხარჯები: ქირის გაუთვალისწინებლად, ერევანში ყოველდღიური ხარჯები თბილისის მაჩვენებელზე 9.7%-ით მაღალია.
- უძრავი ქონების იჯარა: ერევანში საცხოვრებელი ბინის დაქირავება საშუალოდ 21.5%-ით ძვირია, ვიდრე თბილისში.
- თვიური ბიუჯეტი: ქირის გარეშე, ერევანში 1 ადამიანის საარსებო თვიური ხარჯი საშუალოდ 1,912.6 ლარს შეადგენს, ხოლო ოთხსულიანი ოჯახისთვის ეს ციფრი 6,967.5 ლარს აღწევს.
თბილისი საშუალო პოზიციას ინარჩუნებს
- საქართველოს დედაქალაქში საშუალო წმინდა ხელფასი საშემოსავლო გადასახადის გადახდის შემდეგ 1,835.41 ლარს შეადგენს. თბილისში ცხოვრების ღირებულება ასე ნაწილდება:
- თვიური ხარჯები: ქირის გარეშე, 1 პირის თვიური საარსებო ბიუჯეტი 1,725.3 ლარია, ხოლო 4-სულიანი ოჯახისა - 6,358.9 ლარი.
- უძრავი ქონების ქირა: 1-საძინებლიანი ბინის იჯარა ქალაქის ცენტრში საშუალოდ 1,795.19 ლარს შეადგენს, ხოლო ცენტრს გარეთ - 1,182.56 ლარს. 3-საძინებლიანი ბინის ქირა ცენტრალურ უბნებში 3,456.06 ლარს აღწევს.
- საბაზისო ხარჯები: 90 კვ.მ. ფართობის ბინის თვიური კომუნალური გადასახადები (ელექტროენერგია, გათბობა, წყალი, დასუფთავება) საშუალოდ 227.74 ლარია, ხოლო საზოგადოებრივი ტრანსპორტის ხარჯი ერთ ადამიანზე საშუალოდ 40 ლარი.
ბაქო ყველაზე ხელმისაწვდომი დედაქალაქია
აზერბაიჯანის დედაქალაქი სამხრეთ კავკასიის სამეულში ყველაზე დაბალი საცხოვრებელი ხარჯებით გამოირჩევა, რაც განსაკუთრებით თვალსაჩინოა უძრავი ქონების სექტორში:
- საერთო ხარჯები: ბაქოში ყოველდღიური საყოფაცხოვრებო ხარჯები (ქირის გარეშე) თბილისზე 15.1%-ით იაფია.
- უძრავი ქონების იჯარა: ბინის ქირის ფასები ბაქოში საშუალოდ 33.8%-ით დაბალია, ვიდრე თბილისში.
- თვიური ბიუჯეტი: ქირის გარეშე, ბაქოში 1 ადამიანის თვიური ხარჯი საშუალოდ 1,499.3 ლარია, ხოლო ოთხსულიანი ოჯახისთვის – 5,555.2 ლარი.
