თეგებით ძიება

თბილისის შემოვლითი გზა - 499 მილიონიანი პროექტი

თბილისის შემოვლითი გზის პროექტის განხორციელება ახალ ეტაპზე გადადის. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა წიწამური–ავჭალის 7.3-კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობაზე საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან, China Railway Tunnel Group Co., Ltd-თან 499 მილიონი ლარის ღირებულების ხელშეკრულება გააფორმა.

ხელშეკრულებას ხელი საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, სალომე წურწუმიამ და კომპანიის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ლიანგ ჰონგჯუნმა მოაწერეს.

წიწამური–ავჭალის მონაკვეთზე აშენდება ოთხზოლიანი საავტომობილო გზა, რომლის ერთ-ერთი მთავარი საინჟინრო კომპონენტი 3.4 კილომეტრის სიგრძის ორი პარალელური გვირაბია. პროექტი ასევე ითვალისწინებს ხიდების, სატრანსპორტო კვანძებისა და სხვა ხელოვნური ნაგებობების მშენებლობას. გზის ეს მონაკვეთი დაუკავშირდება ავჭალა-აეროპორტის 22.5-კილომეტრიან მონაკვეთს, რომელზეც 932 მილიონი ლარის სავარაუდო ღირებულების ტენდერში კომპანიის შერჩევის პროცესი ამ დრომდე გრძელდება. როგორც ინფრასტრუქტურის მინისტრმა, რევაზ სოხაძემ განაცხადა, გზის ავჭალა-აეროპორტის მონაკვეთზე გამარჯვებული კონტრაქტორი უახლოეს პერიოდში გამოვლინდება.

„თბილისის შემოვლითი გზის მშენებლობის პირველი ეტაპის ფარგლებში კონტრაქტორთან ხელშეკრულება უკვე გაფორმებულია და უახლოეს პერიოდში სამშენებლო სამუშაოებიც დაიწყება. რამდენიმე დღეში გამოვლინდება მესამე მონაკვეთის ტენდერში გამარჯვებული კომპანია, რომელთანაც ასევე გაფორმდება ხელშეკრულება. გვაქვს მოლოდინი, რომ უახლოეს თვეებში მეოთხე და მეხუთე მონაკვეთებზეც სამშენებლო სამუშაოები აქტიურ ფაზაში გადავა“, — აღნიშნა რევაზ სოხაძემ.

China Railway Tunnel Group Co-ს შესახებ:

China Railway Tunnel Group Co ამჟამად ქვეშეთი-კობის 9-კილომეტრიანი გვირაბის შიდა მოსახვის სამუშაოებით არის დაკავებული. კომპანიასთან ქვეყანაში ყველაზე გრძელი გვირაბის გაყვანისთვის 902-მილიონიანი კონტრაქტი 2019 წელს გაფორმდა. კომპანია ასევე 2024 წელს გაფორმებული 215-მილიონიანი კონტრაქტის ფარგლებში სტეფანწმინდა-გველეთის 4.5-კილომეტრიან საგზაო მონაკვეთს აშენებს, რაც მოიცავს 460 და 846 მეტრის სიგრძის ორი გვირაბის და 2018 და 636 მეტრის სიგრძის ორი ხიდის მშენებლობას. მათ შორის პირველი საქართველოში ყველაზე გრძელი ხიდი იქნება.

კიდევ ერთი მსხვილი კონტრაქტი კომპანიასთან 2026 წლის სექტემბერში გაფორმდა, რაც ბათუმი-სარფის 11.3-კილომეტრიანი ახალი მაგისტრალის, მათ შორის 7.6 კილომეტრის სიგრძის გვირაბის გაყვანას. აღნიშნული კონტრაქტის ღირებულება 809 მილიონ ლარს შეადგენს.

თბილისის შემოვლითი მაგისტრალის მეორე ლოტის შესახებ:

პროექტის ფარგლებში მოეწყობა 7.3-კილომეტრიანი, 4-ზოლიანი გზა, რომელიც მოიცავს 3.4 კმ სიგრძის ორ პარალელურ გვირაბს, ასევე ხიდებს, საგზაო კვანძებსა და სხვა ხელოვნურ ნაგებობებს.

"მონაკვეთი მოიცავს დაახლოებით 3.4 კმ-იან ორმაგ გვირაბს, რომელიც აკავშირებს წიწამურსა და ავჭალის დასახლებებს. ზაჰესის გავლით არსებული გზის განახლების შეუძლებლობის გამო, გვირაბი პირდაპირ შემოვლით გზას ქმნის აღმოსავლეთის მიმართულებით.

გვირაბი ორმაგი კამერითაა დაგეგმილი, სადაც მილებს შორის უზრუნველყოფილია კავშირი კომუნიკაციისა და უსაფრთხოებისათვის. მთელი სავალი ნაწილის სიგანეზე (მათ გარეშე, რაც მოიცავს ტროტუარებს) უზრუნველყოფილია 5.00 მ ვერტიკალური ჰაერის სივრცე. გვირაბში დიზაინის სიჩქარე შეზღუდულია 80 კმ/სთ-მდე (საქართველოში მოქმედი ზოგადი წესი). მაქსიმალური გრძივი დაქანება გვირაბში შეადგენს 1.1%-ს. წიწამურის პორტალის საწყისი ნიშნული ზღვის დონიდან არის 498.99 მ, ხოლო ავჭალის პორტალის – 479.10 მ. გვირაბის მაქსიმალური მიწის საფარი დაახლოებით 200 მ-ს შეადგენს.

სპეციალური ტომოგრაფიული ელექტრული კვლევა ჩატარდა გვირაბის მთელ სიგრძეზე ზედაპირიდან, რის შედეგადაც მიღებულია დეტალური და უწყვეტი ინფორმაცია მიწისქვეშა ფენების შესახებ.

პორტალები იდენტიფიცირებულია ახლომდებარე სოფლების სახელებით:

  • წიწამურის პორტალი
  • ავჭალის პორტალი

ორივე პორტალზე შესაძლებელი იქნება მოძრაობის გადართვა ერთი გვირაბიდან მეორეში ტექნიკური მომსახურების, სამუშაოების ან ავარიის შემთხვევაში,"- ნათქვამია პროექტის განმარტებით დოკუმენტაციაში.

წიწამური-ავჭალის 7.3-კილომეტრიანი გზა დაუკავშირდება ავჭალა-აეროპორტის მონაკვეთს, რომელიც მეტწილად თბილისის ყოფილი შემოვლითი რკინიგზის მარშრუტს გამოიყენებს. გზის აღნიშნული მონაკვეთის სიგრძე 22.5 კილომეტრი იქნება და ის თბილისის შემოვლითი მაგისტრალის ყველაზე ძვირად ღირებული მონაკვეთი იქნება.

წიწამური-ავჭალის გზის მონაკვეთის გვირაბის შესასვლელის საპროექტო სქემა:


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა