„სადღაც მაინც რომ ფიქრობ, იქნებ გამოსავალს ეძებენ და იქნებ პატიმრები გამოუშვან და იქნებ.... ახლა ბათუმელებს დარევიან“ - ნათია ფანჯიკიძე
ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე სოციალურ ქსელში ეხმიანება:
სადღაც მაინც რომ ფიქრობ, იქნებ გამოსავალს ეძებენ და იქნებ პატიმრები გამოუშვან და იქნებ....
ახლა ბათუმელებს დარევიან.
როგორც ჩანს, არანაირი "იქნებ" აღარ არსებობს. რუსმა ბრძანა და მორჩა.
საფრთხის დროს სამნაირი რეაქცია არსებობს მხოლოდ - შებრძოლება, გაქცევა, გაყინვა (კამუფლიაჟი, თავის მომკვდარუნება, მოსაწყლება, მორჩილება).
ის ხალხი, რომელსაც სჯერა, რომ რუსეთი თავს არ დაგვესხმება, თუ "კარგად მოვიქცევით", იგივე ინსტინქტით ხელმძღვანელობს ძალაუფლების მქონეთა წინაშეც - თუ ადიდებს, თუ არ შეეწინააღმდეგება, მას არ დაიჭერენ, მას არ დაჩაგრავენ და სხვები ჯანდაბას.
ხოდა, რომ იცოდეთ მაინც სამეცნიერო სტატისტიკა, - თავმომკვდარუნებულთა ხარჯზე ბუნებაში გადარჩენილთა რაოდენობა არ იზრდება.
მთლად ლამის გახრწნილ მკვდრად თუ ვერ მოაჩვენა თავი მტაცებელს, ყლაპს უზამს და რამდენჯერაც არ უნდა გაუმართლოს თავისმომკვდარუნებით, საბოლოოდ კვების ჯაჭვს არაფერი დაარღვევს.
ბუნებაში ასეა და ბუნების ნაწილი ვართ, მიუხედავად მეტი ამბიციისა.
ხოდა რა ვიცი, ბოლოს რადგან ყველას ჩაგაკრახუნებენ, მგონი ჯობს, უსამართლობას, ტერორს ყველამ ჩაკრახუნებამდე ვუთრხათ - არა.
იქნებ მოვიდნენ აზრზე?
აი, ისევ "იქნებ" წამცდა, მაინც როგორ მჯერა ადამიანის, როგორც ასეთის, ინტელექტუალური რესურსის - წერს ნათია ფანჯიკიძე.
ცნობისთვის, „ბათუმელების“ დირექტორი, მზია ამაღლობელი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით არის დაკავებული, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს.