შეისწავლეთ მზია ამაღლობელის დაკავებისას მისი უფლებების დარღვევის ფაქტები - მედიაომბუდსმენი
მედიაომბუდსმენი გამოცემა ბათუმელების ხელმძღვანელის, მზია ამაღლობელის დაკავებას ეხმაურება და სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, დაკავების პროცესში მისი უფლებების დარღვევის ფაქტების შესწავლას სთხოვს.
მედიაომბუდსმენი, ასევე, მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს, დაუყოვნებლივ გათავისუფლდნენ ბათუმში დაკავებული პირები, მათ შორის, მზია ამაღლობელი.
"2024 წლის 11 იანვარს, გვიან საღამოს, ბათუმში, აქციაზე პოლიციის მთავარ სამმართველოსთან ორჯერ უკანონოდ დააკავეს მზია ამაღლობელი, შპს „გაზეთი ბათუმელების“ დამფუძნებელი და დირექტორი, თავდაპირველად, პლაკატის გაკვრისთვის წარწერით "იფიცება საქართველო". მანამდე, დღის განმავლობაში, ბათუმში იგივე მიზეზით უკანონოდ დააკავეს ცხრა აქტივისტი. მზია ამაღლობელს სამართალდამცველისადმი დაუმორჩილებლობას ედავებოდნენ. მალევე, ბათუმში დაკავებული ყველა ქალი გაათავისუფლეს. მათ შორის, მზია ამაღლობელიც.
მეორედ, "ბათუმელებისა" და "ნეტგაზეთის" დამფუძნებელი და დირექტორი მზია ამაღლობელთან არ უშვებდნენ ადვოკატს. რამდენიმე საათის განმავლობაში ირღვეოდა მისი უფლება ადვოკატთან კომუნიკაციის ნაწილში. როცა იგი მოინახულა სახალხო დამცველის წარმომადგენელმა. მზია ამაღლობელმა თქვა, რომ დაკავების შემდგომ ადგილი ჰქონდა არასათანადო მოპყრობას.
შპს "გაზეთი ბათუმელები" ორ მედიაგამოცემას - "ბათუმელებსა" და "ნეტგაზეთს" აერთიანებს. ისინი გამორჩეულად მაღალპროფესიული გამოცემებია, რომლებიც დაარსების დღიდან უშიშრად აკრიტიკებენ ხელისუფლებას კორუფციისა და ადამიანის უფლებების დარღვევის გამო, თანმიმდევრულად აშუქებენ ყველა პრობლემას, რომელიც საზოგადოებას აწუხებს.
თავად მზია ამაღლობელი კი, თავისი სამოქალაქო პოზიციისა და სიტყვის და გამოხატვის თავისუფლების დაცვის გამო არაერთხელ გამხდარა ხელისუფლების სამიზნე. საგანგაშოა ისიც, რომ მისი დაკავება სწორედ გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის მოტივით მოხდა.
მოვითხოვთ:
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა დაუყოვნებლივ შეისწავლოს, "ბათუმელებისა" და "ნეტგაზეთის" დამფუძნებელის და დირექტორის მზია ამაღლობელის დაკავების მომენტში მისი უფლებების დარღვევის ფაქტები;
კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, დაისაჯონ მზია ამაღლობელის დაკავების მომენტში მასზე ძალადობის განმახორციელებელი პირები, მათ შორის, აჭარის პოლიციის უფროსი ირაკლი დგებუაძე.
მოვუწოდებთ შინაგან საქმეთა სამინისტროს, შეწყდეს ბათუმში ძალადობა და დაუყოვნებლივ გათავისუფლდნენ დაკავებული პირები, მათ შორის, მზია ამაღლობელი", - ვკითხულობთ განცხადებაში.
გამომძიებლის ცნობით, გამოცემა ბათუმელების ხელმძღვანელის, მზია ამაღლობელის წინააღმდეგ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც პოლიციელზე, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეზე ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენელზე ანდა საჯარო დაწესებულებაზე თავდასხმას გულისხმობს.
გავრცელებული ინფორმაციით, აღნიშნული მუხლი 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
მზია ამაღლობელი ორჯერ დააკავეს ბათუმის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან. პირველად იგი სტიკერის გაკვრის გამო დაიჭირეს და დაახლოებით ორი საათის შემდეგ ხელწერილის საფუძველზე გამოუშვეს, თუმცა მალევე ხელახლა დააკავეს.