უსაფრთხო ადგილზე გადაყვანილია 296 ოჯახი, გაიცემა კომპენსაციები - ირაკლი კობახიძე სტიქიაზე
პრემიერმინისტრი, ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ გასულ კვირას სტიქიის ზონებში, ასეულობით სოფელში, ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის მიწოდება აღდგენილია, გაწმენდილია საავტომობილო გზები.
კობახიძის თქმით, დატბორილი იყო 400-ზე მეტი სახლი, უსაფრთხო ადგილას გადაყვანილია 296 ოჯახი. როგორც პრემიერი ამბობს, ამ დროისთვის მზადდება დოკუმენტაცია, რათა ოჯახებზე კომპენსაციები გაიცეს.
"დაახლოებით 400 საცხოვრებელი სახლი იყო დატბორილი, საიდანაც 300-ზე მეტ შემთხვევაში დასრულდა უკვე ამოტუმბვის სამუშაოები. საბოლოო დასკვნის მომზადებამდე, უსაფრთხო ადგილზე გადაყვანილია 296 ოჯახი. ასევე, შეფასდა ზარალი. მზადდება სათანადო დოკუმენტაცია იმისთვის, რომ გაიცეს კომპენსაციები, ანაზღაურება, შესაბამის ოჯახებზე. საჭიროების შემთხვევაში ამისათვის ცენტრალური ბიუჯეტიდანაც იქნება გამოყოფილი თანხები და რესურსები", - თქვა კობახიძემ მთავრობის სხდომაზე და სტიქიის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა.