თეგებით ძიება

საქართველოს "ისტორიის მამა" - ივანე ჯავახიშვილი 148 წლის გახებოდა

ქართული ისტორიის სამეცნიერო სკოლისა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთ-ერთი სულისჩამდგმელი, აკადემიკოსი, პროფესორი ივანე ჯავახიშვილი დღეს 148 წლის გახდებოდა. დიდი მეცნიერი 1876 წლის 23 აპრილს, თბილისში დაიბადა. ჯავახიშვილმა განათლება პეტერბურგის უნივერსიტეტის, აღმოსავლურ ენათა ფაკულტეტის სომხურ-ქართულ-ირანულ განყოფილებაში მიიღო. ნიჭიერი სტუდენტი მოგვიანებით საპროფესოროდ მოსამზადებლად დატოვეს. 1902 წლიდან იგი ლექციებს კითხულობდა პეტერბურგის უნივერსიტეტში. 

ჯავახიშვილმა დასაბამი მისცა საქართველოს ისტორიის უმდიდრესი წყაროთმცოდნეობითი ბაზის ღრმა მეცნიერულ კვლევას. ჯავახიშვილმა შექმნა ქართული წყაროთმცოდნეობის ფუძემდებლური ნაშრომი „ისტორიის მიზანი, წყაროები და მეთოდები წინათ და ახლა“, რომელიც გამოიცა ოთხ წიგნად:  ძველი ქართული საისტორიო მწერლობა (V—XVIII სს.),  ქართული საფას-საზომთამცოდნეობა ანუ ნუმიზმატიკა-მეტროლოგია, ქართული დამწერლობათამცოდნეობა ანუ პალეოგრაფია და ქართული სიგელთამცოდნეობა ანუ დიპლომატიკა. 

ჯავახიშვილს ეკუთვნის კაპიტალური შრომა „ქართველი ერის ისტორია“ (5 წიგნად), რომელშიც სრულიად ახლებურადაა შესწავლილი საქართველოს პოლიტიკური ისტორია, სოციალური ურთიერთობის ფორმები, ქართველი ხალხის ვინაობისა და მიგრაციის საკითხები, სახელმწიფოებრივი წყობილების ფორმები, მატერიალური კულტურა, იდეოლოგია, სარწმუნოება, კულტურა. ივ. ჯავახიშვილი მნიშვნელოვან ყურადღებას უთმობდა არქეოლოგიურ კვლევა-ძიებას. მის სახელთან არის დაკავშირებული 1930-იანი წლების შუა ხანებში ფართომასშტაბიანი არქეოლოგიური გათხრების დაწყება მცხეთასა და არმაზში. ამავე პერიოდში მას გარკვეული დროით კომუნისტურმა რეჟიმმა შეუზღუდა უნივერსიტეტში პედაგოგიური საქმიანობა. გარდაიცვალა 1940 წლის 18 ნოემბერს 64 წლის ასაკში. 1988 წელს პირველ ქართულ უმაღლეს სასწავლებელს სწორედ მისი სახელი ეწოდა. 

ავტორი: გიორგი აბულაძე


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა