თეგებით ძიება

საკამათო გახდა, მარტოხელა ქალს უნდა ჰყავდეს თუ არა შვილი - მდინარაძე ინ ვიტროზე

ამბროლაურში დღეს, 23 აპრილს გამართულ საკონსტიტუციო განხილვაზე მმართველი პარტიის წევრებს შეკითხვა აბორტის შესახებაც დაუსვეს. მამუკა მდინარაძის პასუხს „პუბლიკა“ აქვეყნებს:

„ეს არის თემა, რომელიც იმხელა მსჯელობის საგანია, და სხვათა შორის, არამხოლოდ აბორტთან დაკავშირებით… შარშან ჩვენ, წლის ბოლოს – ნოემბერ-დეკემბერში, დიდი მსჯელობა და კამათიც, არ დაგიმალავთ, გვქონდა და დიდი ხანი მოვუნდით, ხელოვნურ განაყოფიერებასთან დაკავშირებულ საკითხებს. ეს ხშირ შემთხვევაში ძალიან სენსიტიური თემაა. არ შევალ სიღრმეებში, იმიტომ, რომ გადაწყვეტილებისკენ არ წავსულვართ ჯერ. ერთი მხრივ, არის სამედიცინო მანიპულაციად მიჩნეული, რომელსაც ჩვენი ეკლესიის წარმომადგენლები სასტიკად ეწინააღმდეგებიან, მეორე მხრივ, არის სამედიცინო ჩვენება, რაც დემოგრაფიული ზრდის თვალსაზრისით საჭიროებას წარმოადგენს.

…მაგალითად აბორტთან დაკავშირებით სამედიცინო ჩვენების შემთხვევაში და ა.შ. ბუნებრივი ამბავია, მაგრამ პათოსში ზოგადად გეთანხმებით. ეს არის კომპლექსური საკითხი, რომელზეც წელს ჩვენ ვაპირებთ, ვიმსჯელოთ. და რაღაცა შედეგამდე მივალთ… მათ შორის ხელოვნურ განაყოფიერებასთან დაკავშირებით. არც იმას დაგიმალავთ, რომ ეკლესიის წარმომადგენლებთან გარკვეული დისკუსია, კამათი გვქონდა ამასთან დაკავშირებით. მათ უფრო ხისტი მიდგომა აქვთ, ჩვენ უფრო შედარებით რბილი მიდგომა გვაქვს, იმიტომ, რომ ბევრი უშვილო წყვილია, რომელთათვისაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია… რაღაცა ოპტიმალურ ზღვარზე ალბათ, საბოლოოდ,  გავალთ და საერთო თანხმობა რომ იქნება ეკლესიისგან, ჩვენგანაც, ხალხისგანაც, შემდეგ ამ თემებზე მივალთ და ოპტიმალურ გამოსავალს მოვძებნით. ახლა ვერ გეუბნებით, უკაცრავად, ცოტა რთული კითხვაა, სად იქნება ეს ზღვარი, თუმცა ჩვენ შევეცდებით, რომ, ერთი მხრივ, უშვილო წყვილის ინტერესები დავიცვათ, მეორე მხრივ, ზედმეტი მანიპულაციებისგანაც დავიცვათ.

მეორე მხრივ, იცით რა არგუმენტებია, საშინელება ხდება თურმე ხალხო, ვერ წარმოიდგენთ ისეთი პრეცედენტები და მაგალითები მოგვიტანეს. ბავშვთა ტრეფიკინგის… ე.ი. უცხოელები ჩამოდიან, როცა რეგულაცია არ არის ხისტი; ასე ვთქვათ, ჭურჭელს ეძახიან ქალს, რომელსაც ხელოვნური განაყოფიერებით ჩაუსახავენ ბავშვს, შემდეგ ყიდიან ამ ბავშვებს და მერე ეს ბავშვები იკარგებიან სადღაც უცხოეთში და წარმოუდგენელი ამბები ხდება. ამას ცალკე დაზღვევა სჭირდება, მაგრამ ამის დაზღვევაში ის არ უნდა მოხდეს, რომ აქ ქართველ წყვილს აუკრძალო ბავშვის ყოლა, ბავშვის გაჩენის უფლება.

მერე იყო, მარტოხელა დედას უნდა ჰყავდეს თუ არა შვილი – აი, მაგალითად – „არ ვარ დაოჯახებული” – ქალი ამბობს და „მინდა, რომ მყავდეს შვილი” – ამის უფლება უნდა ჰქონდეს თუ არა. მერე ეს გახდა საკამათო თემა. „ჩემი რაღაცა ფაქტორების გამო არ გავთხოვილვარ” – ამბობენ და „რატომ მართმევ დედობის უფლებას”. ძალიან რთული თემაა და რაღაცამდე უნდა მივიდეთ და მათ შორის ამ აბორტის თემასთან დაკავშირებით.

სამედიცინო ჩვენების დროს გასაგებია, მაგრამ იმის შემდეგ აკრძალვაზე ალბათ უფრო ოპტიმალურ გამოსავალთან მივალთ”


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა