თეგებით ძიება

საქართველოს მთავრობის მიერ ევროპული საპოლიციო სტანდარტების კრიტიკა არის უნამუსობა, უსინდისობა და სირცხვილი - ლევან ლორთქიფანიძე

მემარცხენე აქტივისტი, პოლიტოლოგი და კავკასიური სახლის გამგეობის წევრი ლევან ლორთქიფანიძე საქართველო პრემიერ-მინისტრის გამოსვლას სოციალურ ქსელში ეხმიანება:

სამი შენიშვნა ბ-ნ პრემიერ-მინისტრს:

1. კაცი გვეუბნება, "გამჭვირვალობის კანონს" სოციოლოგიური გამოკითხვებით 60% უჭერს მხარსო. ამ სოციოლოგიური გამოკითხვის შედეგებით სურს გაამართლოს ის ძალმომრეობა, რომელიც ხვალ და ზეგ აქვთ დაგეგმილი.  როცა ეკითხებიან, ვინ ჩაატარა ეს კვლევაო, "გამჭვირვალობის აპოლოგეტი" და სოციოლოგიური გამოკვითვებით ლეგიტიმაციის მაძიებელი კვლევით ორგანიზაციას არ ასახელებს, კომპეტენტური ორგანიზაციააო, მხოლოდ ამას ამბობს. 

დიდებული IQ-ის დემონსტრირება!

2. ძალიან გთხოვთ, ყველამ კარგად მომისმინეთ!

სრული პასუხისმგებლობით ვამბობ - საქართველოს მთავრობის მიერ ევროპული საპოლიციო სტანდარტების კრიტიკა არის უნამუსობა, უსინდისობა და სირცხვილი. ყოველი გამოსვლის დროს გვამადლიან, რომ ფრანგული პოლიციის მსგავსად არ გექცევით და მადლობა გვითხარითო.

დემონური დემაგოგიის კლასიკური შემთვევაა, როდესაც "ქართული ოცნება" მხოლოდ პოლიციის ძალადობრივ ქმედებებზე საუბრობს და არაფერს ამბობს იმის შესახებ, თუ რას მოჰყვა, ვთქვათ, საფრანგეთში სამართალდამცველთა დაუნდობლობა!

მაკრონის საპენსიო რეფორმას უბრალო საპროტესტო გამოსვლები არ მოჰყოლია, დემონსტრანტებს ერთი ქუჩა არ დაუზიანებიათ, ფრანგები უძველესი რევოლუციონერები არიან და სოციალური სახელმწიფოს უკანასკნელი ნიშნების დასაცავად მილიონი ნაგვის ყუთი დაწვეს, უამრავი ვიტრინა დაამსხვირეს, ყველა დიდი ქალაქის ქუჩებში მანქანები დაწვეს, ასობით მოლოტოვის კოქტეილი ისროლეს, პირიტექნიკა თავდასხმისთვის გამოიყენეს, შენობები დაიკავეს... ღმერთმა დაგვიფაროს ასეთი საშინელებისგან! ღმერთმა დაგვიფაროს! რა თქმა უნდა, საფრანგეთის პოლიციის სისასტიკეს არაფერი ამართლებს, უბრალოდ, სანამ მას შეედრებით ჯერ ის თქვით, თუ რა ტიპის ქმედებებზე რეაგირებდნენ ევროპელები. 

ჭიჭინაძის ქუჩის მხრიდან პარლამენტის ჭიშკარზე ძიძგილაობის (რასაც არ ვამრთლებ და ვეწინააღმდეგები, მე გუშინდელი აქციის მსგავს მდინარეებს ვეტრფი) და პარლამენტის ირგვლივ ქუჩების დაკავების უსუსური მცდელობის გამო, ძაღლებით და ბომბებით, ე.წ. ევროპული სტანდარტებით მომიტინგეთა დარბევას არცერთი თავმოყვარე ფრანგი პოლიციელი არ იკადრებს.

ამასთანავე, ფრანგული პოლიცია უსწრაფესი რეაგირების გარეშე არ დატოვებდა სადარბაზოებთან ადამიანების ჩაქოლვას, სატელეფონო შანტაჟს, მოძალადე ჯგუფების მიტინგებზე მივარდნას... ფარისევლებო!

3. პრემიერ-მინისტრი კვლავ უსინდისოდ იტყუება: მის მიერ ინიცირებული კანონი მხოლოდ გამჭვირვალობას არ ითხოვს. ის სამშობლოს მოღალატედ და ჯაშუშად აცხადებს 31 ათას ორგანიზაციას.

ჩვენ, გაურკვეველი IQ-ს მქონე საქართველოს მოქალაქეთა ნაწილი გამჭვირვალობის გაცილებით უფრო მაღალ სტანდარტს  ვემხრობით, რომლის მიღწევა უმტკივნეულოდ არის შესაძლებელი უკვე მოქმედ კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანით. 

P.S. ტროლებისთვის და იდიოტებისთვის განვმარტავ:

🔴 კატეგორიულად არ ვემხრობი ძალადობას აქციის მონაწილეთა მხრიდან, უმცირესი მასშტაბითაც კი, ვინც ქუჩაში გამოსულ მოქალაქეებს თუნდაც მცირედად მაინც უბიძგებს ძალადობისკენ, ყველა ნაძირალაა - წერს ლორთქიფანიძე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა