რა თქვა სასამართლოში აქციაზე დაკავებულმა გიორგი ოკმელაშვილმა?
"უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მოწინააღმდეგეთა აქციაზე დაკავებულ გიორგი ოკმელაშვილს, რომელსაც პოლიციელზე, ალექსანდრე ოხანაშვილზე თავდასხმას ედავებიან, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე დავით მგელიაშვილმა მიიღო.
მოსამართლის განმარტებით, საქმეში ვიდეომასალა, ასევე, ნარკოტიკებზე ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნები არსებობს. მისივე თქმით, ბრალდებული კანონთან კონფლიქტში 2022 წელსაც იყო, მისთვის ძალადობრივი ქმედება პირველი არ არის და ეს მის პიროვნულ მახასიათებელზე მეტყველებს.
დღევანდელ სხდომაზე დაკავებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელეს.
პროკურატურა ოკმელაშვილის მიმართ ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების - პატიმრობის გამოყენებას, დაცვის მხარე კი 20 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას მოითხოვდა. ამასთან, ადვოკატი პატიმრობის სანაცვლოდ სასამართლოს დაკავებულის მიმართ სხვა შემზღუდავი ღონისძიებების, თუნდაც, ელექტრონული მონიტორინგის გამოყენებას სთავაზობდა.
ადვოკატ ჯუმბერ ქათამაძის განცხადებით, ბრალდებული პოლიციელს თავს არ დასხმია და ეს იყო საკუთარი თავისა და სხვა პირების დაცვის მცდელობა.
ადვოკატის თქმით, არსებობს ვიდეომტკიცებულებები, რაც ადასტურებს, რომ ოკმელაშვილს მიზნად ვინმეზე თავდასხმა არ ჰქონია და ის ცდილობდა, ნიღბიანი ადამიანებისგან, რომელთაც პოლიციელის აღმნიშვნელი არანაირი ნიშანი არ ჰქონდათ, მოქალაქეები დაეცვა.
პროკურორის განმარტებით, ბრალდებული მოულოდნელად მივიდა დაზარალებულ პოლიციელთან და სახის არეში დაარტყა, რის შემდეგაც ის წაიქცა. სახელმწიფო ბრალმდებლის განცხადებით, აღნიშნულის დამადასტურებელი ვიდეომასალაც და ექსპერტიზის დასკვნაც არსებობს.
პროკურორის თქმით, ოკმელაშვილის საცხოვრებელი სახლში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად ამოღებული ნივთიერების ექსპერტიზით დადგინდა, რომ ნარკოტიკული საშუალებაა.
სახელმწიფო ბრალმდებლის განცხადებით, დაკავებულის მხრიდან ახალი დანაშაულის ჩადენისა და მტკიცებულებების განადგურების საფრთხე არსებობს, რის გამოც მის მიმართ ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უნდა გამოყენებულიყო.
გამოძიების ინფორმაციით, 13 მაისს, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე გამართულ საპროტესტო აქციაზე, გიორგი ოკმელაშვილმა შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელს, ალექსანდრე ოხანაშვილს, ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, იდაყვის დარტყმით სახის არეში დაზიანებები მიაყენა.
უწყების ცნობით, ოკმელაშვილი წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის, მათ შორის, ძალადობის, ჯანმრთელობის დაზიანებისა და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისთვისაა ნასამართლევი.
ოკმელაშვილს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით და 260-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც სამსახურებრივი საქმიანობის შესრულების დროს პოლიციელზე თავდასხმასა და ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
დაკავებული გიორგი ოკმელაშვილი სარეკლამო კომპანია "ლიმონის" დამფუძნებელია.