ინფორმაცია, თითქოს საფრანგეთი უკრაინის სამხედრო დახმარებას წყვეტს, სიმართლეს არ შეესაბამება - იხილეთ შესწორებული ვერსია
ინფორმაცია, თითქოს საფრანგეთი უკრაინის სამხედრო დახმარებას წყვეტს, სიმართლეს არ შეესაბამება. ცნობისთვის, თავდაპირველად გავრცელდა უზუსტობა აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით და azernews-ზე დაყრდნობით ვწერდით, რომ საფრანგეთმა გადაწყვიტა შეწყვიტოს უკრაინის სამხედრო მხარდაჭერა, სანაცვლოდ კი იარაღს სომხეთში გაგზავნას. ტექსტის თავდაპირველი ვერსია არასწორ ინფორმაციას შეიცავდა და ამიტომ მოხდა მისი შესწორება.
გთავაზობთ დაზუსტებულ ინფორმაციას:
საფრანგეთმა სომხეთთან 2023 წელს ხელი მოაწერა სამხედრო თანამშრომლობის შეთანხმებებს, 2024 წლის ივნისში კი ფრანგული CAESAR-ის თვითმავალი საარტილერიო სისტემების მიწოდებაზე კონტრაქტი გაფორმდა. საფრანგეთსა და სომხეთს შორის არსებული შეთანხმება უკრაინისთვის სამხედრო დახმარებას არ გამორიცხავს.
2023 წლის ოქტომბერში საფრანგეთმა და სომხეთმა ხელი მოაწერეს ორმხრივ სამხედრო თანამშრომლობის შეთანხმებებს სომხეთისთვის სამხედრო აღჭურვილობის, საჰაერო სისტემების გადაცემის შესახებ. 2023 წლის შემოდგომაზე გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, სომხეთმა ნოემბერში საფრანგეთის თავდაცვის ჯგუფისგან Thales-ისგან სამი Ground Master 200 (GM200) რადარის სისტემა, ასევე სხვა სახის სამხედრო აღჭურვილობა და საბრძოლო მასალა მიიღო. საფრანგეთმა სომხეთს საქართველოს გავლით ასევე მიაწოდა ფრანგული წარმოების Bastion მრავალფუნქციური ჯავშანტექნიკა.
უკვე 2024 წლის ივნისში საფრანგეთის შეიარაღებული ძალების მინისტრი სებასტიან ლეკორნუ საფრანგეთში სომხეთის თავდაცვის მინისტრს სურენ პაპიკიანს შეხვდა. მინისტრები შეთანხმდნენ რამდენიმე საკითხზე, მათ შორის იყო შეთანხმება, რომელიც სომხეთის თავდაცვის სამინისტროსა და ფრანგული იარაღის მწარმოებელ KNDS France-ს შორის გაფორმდა. ფრანგული CAESAR-ის თვითმავალი საარტილერიო სისტემების მიწოდებაზე კონტრაქტის შესახებ საფრანგეთის თავდაცვის მინისტრმა სებასტიან ლეკორნუმ სოციალურ ქსელ X-ში გაავრცელა ინფორმაცია.
პარალელურად, 19 ივნისს აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომელშიც საფრანგეთის მიერ სომხეთისთვის თვითმავალი საარტილერიო დანაყოფების მიყიდვა დაგმო. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს თანახმად, სომხეთის შეიარაღებით „სამხრეთ კავკასიის რეგიონში სიტუაციის ესკალაციაზე და ახალი საომარი ზონის შექმნაზე პასუხისმგებლობა მთლიანად სომხეთის ხელმძღვანელობასა და საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს ეკისრება“. ასევე, აზერბაიჯანის პრეზიდენტის თანაშემწემ, ჰიკმათ ჰაჯიევმა განაცხადა, რომ საფრანგეთის მილიტარიზაციის პოლიტიკა რეგიონში “სერიოზულ საფრთხეს უქმნის” აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ნორმალიზაციის პროცესების კონტექსტში.
Azernews-ს მიერ გავრცელებულ მასალაში, რომელსაც ქართული ონლაინ სააგენტო ეყრდნობა, გარდა იმისა, რომ წარმოდგენილია ბოლოდროინდელი შეთანხმებების შესახებ ინფორმაცია, ავტორი გამოთქვამს საკუთარ მოსაზრებებს საფრანგეთის მიერ გატარებული პოლიტიკის შესახებ და წერს, რომ პარიზი წარმატებას ვერ მიაღწევს, რადგან აზერბაიჯანი მიიღებს ყველა საჭირო ზომას. გარდა ამისა, ავტორი აღნიშნავს, რომ მაკრონი უკრაინისთვის დახმარების გაზრდას და ჯარების გაგზავნას აპირებდა, ახლა კი ფრანგული კომპანია, “რომელსაც არ შეუძლია სრულად დააკმაყოფილოს თავისი არმიის საჭიროებები და იარაღი მიაწოდოს უკრაინის შეიარაღებულ ძალებს, მოულოდნელად ამ იარაღს სომხეთს მიყიდის”.
მიუხედავად ამ მოსაზრებისა, არ არსებობს მტკიცებულება იმის შესახებ, რომ საფრანგეთი უკრაინას უზღუდავს სამხედრო დახმარებას სომხეთის სასარგებლოდ. ფაქტობრივად, საფრანგეთი კვლავ აგრძელებს უკრაინისთვის სამხედრო აღჭურვილობის მათ შორის მოწინავე თავდაცვის სისტემებისა და გამანადგურებელი თვითმფრინავების მიწოდებას. ეჭვები საფრანგეთის შესაძლებლობებთან დაკავშირებით, დააკმაყოფილოს როგორც თავისი შიდა სამხედრო საჭიროებები, ასევე შეასრულოს მისი საერთაშორისო ვალდებულებები, მათ შორის უკრაინის მხარდაჭერა, შესაძლოა დაკავშირებული იყოს იმ გამოწვევებთან, რომელიც ფართომასშტაბიან სამხედრო ოპერაციებს უკავშირდება. ეს გამოწვევები შესაძლოა მოიცავდეს წარმოების შეზღუდვებს, რამდენადაც სამხედრო აღჭურვილობის წარმოება, როგორიცაა ტანკები, თვითმფრინავები და იარაღი, მოითხოვს მნიშვნელოვან დროსა და რესურსებს. კომპანიებს, როგორიცაა მაგალითად Nexter და Dassault Aviation, რომლებიც მონაწილეობენ თავდაცვის იარაღების წარმოებაში, უწევთ არა მხოლოდ საერთაშორისო კონტრაქტების შესრულება, არამედ ფრანგული სამხედრო ტექნიკის განახლებაზე ზრუნვა, თუმცა ეს კომპანიები წარმოების მაჩვენებელს ზრდიან, როგორც ეროვნული, ასევე საექსპორტო შეკვეთების შესასრულებლად. გარდა ამისა, არ არსებობს ოფიციალური მტკიცებულება, რომ საფრანგეთი ვერ ასრულებს თავის ვალდებულებებს როგორც უკრაინის, ისე სომხეთის მიმართ.
აღსანიშნავია, 19 ივნისს რომ უკრაინის თავდაცვის ინდუსტრიამ, ფრანგულ თავდაცვის კომპანია Thales-თან სამ ხელშეკრულებას მოაწერა ხელი. განცხადების თანახმად, გარიგებები საფრანგეთის შეიარაღებული ძალების სამინისტროსა და უკრაინის სტრატეგიული მრეწველობის სამინისტროს ეგიდით გაფორმდა. ეს შეთანხმებები მიზნად ისახავს უკრაინის შეიარაღებული ძალების წინა ხაზზე ოპერატიული მხარდაჭერის გაძლიერებას და ადგილობრივი თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერებას. თანამშრომლობის სფეროებში შედის ასევე ელექტრონული ომი, ტაქტიკური კომუნიკაციები, საჰაერო თავდაცვის სისტემები და რადარები, ასევე უპილოტო თვითმფრინავების სისტემები.
საფრანგეთი მხარს უჭერს უკრაინას 2022 წლის თებერვალში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან, სამხედრო აღჭურვილობის გაგზავნით და ფინანსური დახმარების კუთხით. საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა 7 ივნისს განაცხადა, რომ სურს შექმნას ქვეყნების კოალიცია უკრაინაში სამხედრო ინსტრუქტორების გაგზავნის მიზნით.
აღსანიშნავია, რომ საფრანგეთის ულტრამემარჯვენე ეროვნული მოძრაობის თავმჯდომარემ ჯორდან ბარდელამ 18 ივნისს აღნიშნა, რომ მხარს უჭერს უკრაინის უფლებას დაიცვას თავი რუსეთისგან, მაგრამ პრემიერ-მინისტრად არჩევის შემთხვევაში, ის არ მიაწვდის კიევს რაკეტებს, რომლებიც მას რუსეთის ტერიტორიაზე შეტევის საშუალებას მისცემს.
ბარდელამ ასევე განაცხადა, რომ დაიცავს საფრანგეთის ვალდებულებებს თავისი პარტნიორების მიმართ, მათ შორის თავდაცვის ხარჯების გაზრდაზე.
ჯორდან ბარდელა: ”მე არ ვაპირებ საფრანგეთის მიერ აღებული ვალდებულებების კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენებას საერთაშორისო დონეზე, რადგან არსებობს სანდოობა ჩვენი ევროპელი პარტნიორების, ისევე როგორც ჩვენი ნატოს მოკავშირეების მიმართ.