თეგებით ძიება

იაპონია იმუშავებს აშშ-თან ტაივანის მშვიდობისთვის, მიუხედავად იმისა, თუ ვინ იქნება თეთრ სახლში საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ - იაპონიის კაბინეტის მთავარი მდივანი

იაპონია გააგრძელებს შეერთებულ შტატებთან მუშაობას ტაივანის სრუტეზე მშვიდობისთვის, მიუხედავად იმისა, თუ ვინ იქნება თეთრ სახლში ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ,- ამის შესახებ სააგენტო Reuters-ს იაპონიის მთავრობის მაღალჩინოსანმა განუცხადა. 

კომენტარი მას შემდეგ გაკეთდა, რაც რესპუბლიკური პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ტაივანმა აშშ-ს თავდაცვისთვის უნდა გადაუხადოს. 

„მშვიდობა და სტაბილურობა (ტაივანის სრუტეში) უაღრესად მნიშვნელოვანია არამარტო ჩვენი უსაფრთხოებისთვის, არამედ მთელი საერთაშორისო საზოგადოებისთვის“, - განაცხადა იაპონიის კაბინეტის მთავარმა მდივანმა იოშიმასა ჰაიაშიმ კითხვაზე, ექნება თუ არა ტრამპის პრეზიდენტობას გავლენა ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონში აშშ-ის ვალდებულებაზე.  

იმის გათვალისწინებით, რომ აშშ-სა და იაპონიას ორივეს სჯერა, რომ საკითხის მშვიდობიანად გადაჭრა მნიშვნელოვანია „ჩვენ გავაგრძელებთ ამ დიპლომატიურ ძალისხმევას. მნიშვნელოვანია, გავამყაროთ საერთო საფუძველი, რომელიც გვაქვს, როგორც მოკავშირეებს“, - დასძინა მან.

ამასთან, ჰაიაშიმ აღნიშნა, რომ აუცილებელია ჩინეთთან დიალოგის გაგრძელება და თქვა, რომ ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შესახვედრად მზადება მიმდინარეობს. 

„მნიშვნელოვანია ერთმანეთთან მკაფიო კომუნიკაცია სხვადასხვა დონეზე“, - განაცხადა მან. 

ინფორმაციისთვის, ჩინეთი დემოკრატიულად მართულ ტაივანს საკუთარ ტერიტორიად განიხილავს და მის დასაპყრობად ძალის გამოყენებას არ გამორიცხავს. აშშ-ს ტაივანთან ოფიციალური თავდაცვითი შეთანხმება არ აქვს გაფორმებული, თუმცა კანონით ვალდებულია, კუნძული საკუთარი თავის დასაცავად უზრუნველყოს.

ამჟამინდელი შეთანხმება, როგორც ჩანს, აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატის, დონალდ ტრამპის უკმაყოფილებას იწვევს. მან განაცხადა, რომ აშშ-ს „ტაივანი არაფერს აძლევს“. 


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა