მოვისმინეთ აბსურდული არგუმენტაცია გახარიას მხრიდან, თურმე პარლამენტი არალეგიტიმურად უნდა ცნოს, მაგრამ სიები არ უნდა ჩახსნას - ვაშაძე
„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, სიების არჩახსნასთან დაკავშირებით, პარტიას „გახარია საქართველოსთვის“ აბსურდული არგუმენტაცია აქვს.
როგორც ვაშაძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ერთადერთი რამ, რაც პოლიტიკურ ჯგუფს შეუძლია ხელისუფლების არალეგიტიმურობის ცნობისთვის, ეს არის სიების ჩახსნა და მანდატებზე უარის თქმა - სხვა ყველა არგუმენტი არის ტყუილი.
„სამმა პოლიტიკურმა ძალამ ჩახსნა სიები, შემდგომ, რა თქმა უნდა, დარწმუნებული ვარ ყველა დაწერს განცხადებას მანდატების გაუქმებასთან დაკავშირებით. დღეს მოვისმინეთ აბსურდული არგუმენტაცია გახარიას და მისი პარტიის მხრიდან, რომ თურმე ეს პარლამენტი არალეგიტიმურად უნდა ცნოს, მაგრამ სიები არ უნდა ჩახსნას. ერთადერთი რამ, რაც დღეს ნებისმიერ პოლიტიკურ ჯგუფს შეუძლია [პარლამენტის] არალეგიტიმურობის ცნობისთვის, ეს არის სიების ჩახსნა და მანდატებზე უარის თქმა. სხვა ყველა არგუმენტი არის ტყუილი. მორჩა უკვე ამდენი შეგონებები პრესკონფერენციებიდან და „ნაციონალური მოძრაობისთვის“ დაბრალება და ა.შ.
პირდაპირ ვამბობ, იმისათვის, რომ არაღიარების პოლიტიკა იყოს შენარჩუნებული საერთაშორისო მასშტაბით, მნიშვნელოვანია ყველა ოპოზიციურმა ჯგუფმა გააუქმოს სიები და საკუთარი მანდატები. ამიტომ ყველა პოლიტიკური ჯგუფი სამართლებრივ კავშირს წყვეტს თვითგამოცხადებულ დაჯგუფებასთან, "ქართული ოცნების“ სახით“, - განაცხადა ვაშაძემ.
ინფორმაციისათვის, „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერმა, გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ „მანდატებს დატოვებენ მაშინ და ისეთი ფორმით, როცა საჭიროდ ჩათვლიან“.