მიმდინარეობს ფარული კონსულტაციები, სადაც სტუდენტებს ჯაბა სამუშიასთან დახურულ კარს მიღმა შეხვედრას სთავაზობენ - თსუ-ის სტუდენტები განცხადებას ავრცელებენ
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები, რომლებიც რამდენიმე დღეა უნივერსიტეტის რექტორთან შეხვედრას ელიან, საერთო განცხადებას ავრცელებენ და წერენ, რომ მათი ინფორმაციით, ადმინისტრაციასა და სტუდენტებს შორის ფარული კონსულტაციები მიმდინარეობს და სამუშიასთან შეხვედრას დახურულ კარს მიღმა სთავაზობენ.
რამდენიმე დღის წინ გავავრცელეთ განცხადება, სადაც მკაფიოდ დავაფიქსირეთ ჩვენი პოზიცია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორთან შეხვედრის თაობაზე.
ჩვენი ინფორმაციით, მიმდინარეობს ფარული კონსულტაციები, ერთი მხრივ ადმინისტრაციასა და, მეორე მხრივ, სტუდენტებს შორის, სადაც ადმინისტრაციის წარმომადგენლები აქტიურად სთავაზობენ და სთხოვენ სტუდენტებს ჯაბა სამუშიასთან დახურულ კარს მიღმა შეხვედრას.
მკაფიოდ ვაცხადებთ, რომ:
გვჯერა, რექტორისა და სტუდენტების დახურულ კარს მიღმა შეხვედრა ემსახურება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში აგორებული საპროტესტო ტალღის ჩაცხრომას;
ნებისმიერი შეხვედრა ჯაბა სამუშიასა და სტუდენტებს შორის, რომელიც არ იქნება ჩატარებული საჯარო სივრცეში, მედიების წინ, არის არალეგიტიმური და არ გამოხატავს თსუ-ის სტუდენტების საერთო ნებას.
თუ ჯაბა სამუშიას სურს ჩვენთან შეხვედრა, ეს უნდა მოხდეს, ისევ და ისევ, მხოლოდ მედიების წინ, ყველა დაინტერესებული პირის თანდასწრებით, ჩვენივე შედგენილი ფორმატით.
უცვლელი რჩება ჯაბა სამუშიას გადადგომის მოთხოვნა", - წერია განცხადებაში.