პრემიერი: „ქართული ოცნება“ ყველაფერს გააკეთებს, იმისთვის რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს თავისუფალ და სამართლიან პირობებში
დღეს გვაქვს ძალიან მყარი საარჩევნო პოზიციები. მინდა შეგახსენოთ, რომ დღევანდელი მოცემულობით, „ქართლი ოცნების“ მხარდაჭერა არის დაახლოებით 60%, თუმცა, რა თქმა უნდა, ეს გარემოება არ გვაძლევს მოდუნების საშუალებას და უფლებას, - ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. პრემიერ-მინისტრის და მმართველი პარტიის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის თქმით, მმართველი პარტია ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ რაც შეიძლება მაღალი შედეგი მიიღოს.
„ჩვენ გვჭირდება მაქსიმალური ლეგიტიმაცია, იმისთვის რომ ერთი - უზრუნველვყოთ ჩვენი ქვეყნის შემდგომი განვითარება და მეორე - საბოლოოდ უნდა დავამარცხოთ ლიბერალური ფაშიზმი საქართველოში. სწორედ ამას ესაჭიროება მაქსიმალური ლეგიტიმაცია, რომელსაც აუცილებლად მივიღებთ ამ საპარლამენტო არჩევნებზე.
იცით, რომ 2012 წელს „ქართულმა ოცნებამ“ წარსულს ჩააბარა არჩევნების გაყალბების პრაქტიკა, რომელიც წინა ხელისუფლების ხელწერის ერთ-ერთ მთავარი შტრიხი იყო. „ქართული ოცნება“ რა თქმა უნდა ყველაფერს გააკეთებს, იმისთვის რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს თავისუფალ და სამართლიან პირობებში.
ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია არჩევნები მშვიდობიან და მშვიდ გარემოში ჩატარდეს. დღემდე საარჩევნო პროცესი არსებითად მშვიდ ვითარებაში წარიმართება, თუ არ ჩავთვლით რამდენიმე ლიბერალურ-ფაშისტურ თავდასხმას „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებზე“, - განაცხადა კობახიძემ.