“ხანძარი გავრცელებულია დაახლოებით 1 ჰექტარზე..." - არის თუ არა უფრო დიდ ტერიტორიაზე გავრცელების საფრთხე? - ბოლო ცნობები ბორჯომის ხეობიდან (ვიდეო)
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები ბორჯომის ხეობაში, დაბა ახალდაბას მიმდებარედ ტყეში გაჩენილი ხანძრის ლოკალიზების სამუშაოებს ინტენსიურ რეჟიმში განაგრძობენ.
ცეცხლის ქრობის პროცესში დღეს დილიდან სასაზღვრო პოლიციის 4 ვერტმფრენი ჩაერთო.
თბილისის საგანგებო სიტუაციების მართვის მთავარი სამმართველოს უფროსის, ლევან მუსელიანის განცხადებით, ამ დროისთვის კერა კონტროლს ექვემდებარება.
“აქტიურად მიმდინარეობს ახალდაბის ტყის მასივში ხანძრის სალოკალიზაციო სამუშაოები. ამ ეტაპზე ხანძარი კონტროლირებადია. მეხანძრე მაშველები მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ კერების აღმოსაფხვრელად. აქტიური სამუშაოები მიმდინარეობს.
ხანძარი გავრცელებული არის დაახლოებით 1 ჰექტარზე, ცეცხლი ქვედა საფარზეა და მიმდინარეობს დამუშავება. გავრცელების საშიშროება არ არსებობს. ხანძარი კონტროლირებადია,“- განაცხადა მუსელიანმა.
მეხანძრე-მაშველების მიერ სალოკალიზაციო სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა. რთული რელიეფის გამო, ხანძრის კერასთან სახანძრო-სამაშველო ტექნიკის შეყვანა ვერ ხერხდება.