აშშ-მ შესანიშნავად იცის, სად გადის ჩვენი წითელი ხაზები, მათ ხუმრობას არ ვურჩევ - ლავროვი
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადებით, აშშ-მ კარგად იცის, სად გადის რუსეთის წითელი ხაზები უკრაინის საკითხზე. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ვაშინგტონს ამ თემაზე ხუმრობას არ ურჩევს.
ამის შესახებ ლავროვმა კიევისთვის F-16-ების რაკეტების მიწოდების პერსპექტივასთან დაკავშირებულ კითხვაზე პასუხის გაცემისას განაცხადა.
„მათ უნდა ესმოდეთ, რომ არ ღირს ჩვენს წითელ ხაზებთან დაკავშირებით ხუმრობა. შესანიშნავად იციან, სად გადის ეს ხაზები“, - განაცხადა ლავროვმა ჟურნალისტებთან, როდესაც კიევისთვის F-16-ების რაკეტების მიწოდების პერსპექტივაზე ჰკითხეს.
მისივე თქმით, „აშშ რუსეთთან მიმართებით თავშეკავების შეგრძნებას კარგავს და ეს სახიფათოა“.
ლავროვი აგრეთვე გამოეხმაურა თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების ოფიცრის, ჯონ კირბის განცხადებას.
„კირბიმ თქვა, უკრაინისადმი მხარდაჭერის გაზრდის საკითხში ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ, რათა არ მოხდეს მესამე მსოფლიო ომის პროვოცირება, რადგან ევროპა გვეცოდებაო. ანუ, გენეტიკური რწმენა აქვთ, რომ მათ თითს ვერავინ ახლებს“, - ამბობს ლავროვი.