რუსეთის თავდასხმა ნატოს ქვეყანაზე არ არის გამორიცხული - ესტონეთის თავდაცვის მინისტრი
ესტონეთის თავდაცვის მინისტრმა ჰანო პევკურმა განაცხადა, რომ რუსეთი საფრთხეს წარმოადგენს არა მხოლოდ ესტონეთისთვის, არამედ მთელი დასავლეთისთვის და დასძინა, რომ არაა გამორიცხული, რუსეთი ნატოს რომელიმე ქვეყანას დაესხას თავს.
მისი თქმით, ქვეყნები მზად უნდა იყვნენ რუსეთის მხრიდან შესაძლო თავდასხმისთვის.
"ამისთვის მზად უნდა ვიყოთ. ბოლოს და ბოლოს, ჩვენ ეს უკვე ვნახეთ“, - აღნიშნა მან და მაგალითად მოიყვანა უპილოტო საფრენი აპარატების ნამსხვრევების ჩამოვარდნა რუმინეთში და რუსული რაკეტების დაფიქსირება პოლონეთის ტერიტორიაზე.
ჰანო პევკურმა აღნიშნა, რომ ესტონეთი აძლიერებს სამხედრო წარმოებას და ზრდის თავდაცვის ხარჯებს რომელიც მშპ-ს 3%-ზე მეტი იქნება.
"რუსეთი საფრთხეა არა მხოლოდ ესტონეთისთვის, არამედ მთელი დასავლეთისთვის და როცა არსებობს საფრთხე, უნდა არსებობდეს ჩვენი პასუხიც. ამ პასუხის ძიებისას უნდა გავაცნობიეროთ, რომ ერთადერთი, რაც რუსებს ესმით, არის ძალის ენა. ამიტომ ვყიდულობთ უამრავ საბრძოლო მასალას. ეს არის ჩვენი პასუხი იმ საფრთხეზე, რომელსაც ახლა რუსეთი უქმნის დასავლეთს“, - დასძინა ესტონელმა მინისტრმა.