თეგებით ძიება

სელენა ზოდიაქოს ნიშნებში - სელენა ლომში

აქამდე არაერთი სტატია და განხილვა მიეძღვნა ფორუმზე შავი მთვარის იგივე ლილიტის განლაგებას და მის გავლენას ადამიანზე (უფრო კონკრეტულად ლილიტზე ინფორმაცია იხილეთ აქ http://forum.astrologi.ge/viewtopic.php?f=9&t=16) , თუმცა ამის პარალელურად ვფიქრობ უპრიანი იქნება თუ თეთრ მთვარეს იგივე სელენასაც დავუთმობთ ყურადღებას. მით უმეტეს, რომ ცოტა ხნის წინ სელენას განლაგებაც შეიცვალა და იგი სასწორის ზოდიაქოს ნიშნიდან, მორიელის ზოდიაქოში გადავიდა.

სელენა ნებისმიერი ჩვენგანის პირად კოსმოგრამაში ფიგურირებს, ლილიტთან ერთად. თუმცა თუ ლილიტი წარსული ინკარნაციებიდან გადმოყოლილ ფარულ საფრთხეებზე და მავნე ჩვევებზე მიგვანიშნებს, სელენა მის საპირისპიროდ მიუთითებს იმას, თუ რა სახის ნათელი კარმა დავაგროვეთ ჩვენ წარსულ ცხოვრებაში. სწორედ ეს დადებითი გამოცდილება გვეხმარება ამჟამინდელ ინკარნაციაში სელენას სფეროებში წინსვლა რომ შევძლოთ, ხოლო ხალხი ვინც ჩვენი სელენას ზოდიაქოს ნიშანს შეესაბამება, კეთილისმყოფლად გვევლინება ხშირად.

სელენას განლაგების შესახებ თითოეულ ზოდიაქოსა ნიშანსა და სახლში, ოდნავ მოგვიანებით შემოგთავაზებთ სტატიების ვრცელ ციკლს, ამჯერად კი მინდა მოკლედ მოგახსენოთ იმის შესახებ თუ რას გვიქადის თეთრი მთვარის ტრანზიტული კომბინაცია მორიელის ზოდიაქოს ნიშანში, რომელიც უახლოესი ერთი წლის მანძილზე გასტანს.

სელენას განლაგება მორიელის ზოდიაქოში აძლიერებს ადამიანური ნაკლოვანებების, ფარული ზრახვების და ჩანაფიქრების ზედაპირზე ამოტივტივების და გაცხადების ტენდენციას. ხალხი ვისაც პირად რუკაში წყლის სტიქიის პლანეტების სიმრავლე აღენიშნება, სელენას ამგვარი ტრანზიტისას განსაკუთრებით მძაფრად დაიწყებს გარშემომყოფების ფარული აზრების აღქმა-გაშიფრვას. თუმცა სელენა მორიელში ბევრის ცხოვრებაში დააყენებს „განწმენდის გზაზე“ დადგომის საკითხს. თუ ნებაყოფლობითად არა, იძულებით (გარემოებების მსვლელობის მეშვეობით) მაინც. ამიტომ ბევრი ადამიანისთვის მოიტანს სელენას ტრანზიტი მორიელში სულიერ ძვრებს, საკუთარ თავში ჩაღრმავების აუცილებლობას, თუნდაც ემოციური ტკივილის სახით. შესაბამისად თუკი ტრანზიტული სელენა თქვენს პირად კოსმოგრამაში რომელიმე მთავარ პლანეტას „ჩაება“ მის აქტივაციას გამოიწვევს სწორედ სულიერების კუთხით. ასე მაგალითად, ვენერას შემთხვევაში იგი მოიტანს ახალ ნაცნობობას, რომელიც თქვენში ფასეულობების გადაფასებას ან ემოციურ ძვრებს შეუწყობს ხელს. მეკრურის შემთხვევაში აქამდე დაფარულ საიდუმლოებებს ახდით ფარდას, მარსის შემთხვევაში შესაძლოა მოგიხდეთ პრინციპული ნაბიჯების გადადგმა სამართლიანობის დასაცავად და ა.შ
ზოგადად სელენას ტრანზიტი მორიელში იძლევა უნიკალურ შანსს განვითარდეთ სულიერად. ამაღლდეთ თქვენს ნაკლოვანებებზე და გადახვიდეთ პიროვნული განვითარების გაცილებით უფრო მაღალ ეტაპზე. ეს არის სულიერი გამოღვიძების ხანა. რომლის დროსაც ლილიტის კირჩხიბში განლაგების პარალელურად (შეგახსენებთ რომ ლილიტი ამგვარი ტრანზიტით ოჯახურ ფასეულობებს „უტევს“) სელენა საშუალებას მოგცემთ კიდევ ერთხელ გადააფასოთ და რაც მთავარია დააფასოთ თქვენი დამოკიდებულება ოჯახის წევრების, ახლობლების და საყვარელი ადამიანების მიმართ.

სელენა ლომში
სელენას ამგვარი მდებარეობის მქონე ადამიანს, გასული ინკარნაციიდან მოჰყვება რაინდული სული, დიდსულოვნება, სიკეთის უშურველად კეთების ნიჭი. იგი შესაძლოა ყოფილიყო გურუ, მასწავლებელი, განმანათლებელი, მხსნელი, წინამძღოლი ან მკურნალი. თუმცა პირველ რიგში იგი იყო საკუთარი შვილების (შთამომავლობისთვის) მაგალითი და ავტორიტეტი. ამიტომ ამ ცხოვრებაში ინდივიდს, რომელიც სელენას მსგავსი კომბინაციით დაიბადა, ეძლევა კარგი სასიცოცხლო ენერგეტიკა, გამძლეობა, ენერგიულობა. დამჯერი და ნიჭიერი შვილები. ზოგადად მას აქვს კარგი ურთიერთობა ბავშვებთან და ადვილად ახერხებს მათთან საერთო ენის გამონახვას. იგი ქარიზმატული და მომხიბვლელი ადამიანია, ხშირად უმართლებს სიყვარულში. მასში ბევრი შემოქმედებითი ენერგიაა, ამიტომ ცხოვრების მომდევნო ეტაპზე ამ ადამიანს მოეთხოვება განავითაროს საკუთარ თავში სახელოვნებო მონაცემები ან სხვებს დაეხმაროს იმ მხრივ, რომ საკუთარი ოპტიმიზმით დამუხტოს. დაანახვოს გზა მიზნისკენ მიმავალი. დაეხმაროს ოცნებების ასრულებაში. ადამიანი, რომელიც სელენას ამგვარი კომბინაციით იბადება, შესაძლოა შესანიშნავი მედიუმი, ასტროლოგი ან ეზოთერიკოსი გახდეს. მის მეხსიერებაში ხშირად არის დალექილი ინფორმაციის სახით წარსული ინკარნაციები ფრაგმენტულად. საჭიროების შემთხვევაში, მეტი სულიერი სიმწიფის ნიადაგზე ინდივიდი შესძლებს მათ გახსენებას და გაცნობიერებას. შესაძლოა იგი მხატვარი, მწერალი ან მსახიობიც გახდეს, რომელიც ფაქტობრივად მთელ თავის "სულსა და გულს" ჩადებს შემოქმედებაში, ამიტომ მისი კარიერა ბრწყინვალე იქნება და იგი დიდი ხნით დაიმკვიდრებს ადგილს ადამიანთა გულებში.
წყარო: astrologi.ambebi.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა