მთვარე ზოდიაქოს ნიშნებში - მთვარე სასწორში
მათთვის, ვინც ასე თუ ისე ერკვევა ასტროლოგიაში, კარგად არის ცნობილი ის ფაქტი, რომ ადამიანის ძირითად სახასიათო შტრიხებს მზის (ცნობიერი) და მთვარის (ქვეცნობიერი) კონფიგურაციები აყალიბებს. ამიტომ, რაც უფრო ჰარმონიულია პიროვნების ნატალურ რუკაში მზე-მთვარის კომბინაცია (განლაგებულია ისინი ერთი და იმავე ან მონათესავე სტიქიაში), მით უფრო გაწონასწორებულ და ჰარმონიულ ინდივიდთან გვაქვს საქმე.
თუმცა, მოდით, უფრო დეტალურად გავეცნოთ მთვარის მდებარეობას ნიშნებში:
მთვარე სასწორში
ადამიანი, რომელიც მთვარის ამგავრი მდებარეობით იბადება, ყოველთვის იზრდება, როგორც პიროვნება ცხოვრების მანძილზე დაშვებული შეცდომების ხარჯზე. მას აქვს მუდმივი მოთხოვნილება გარშემო მოყოფებს გაუზიაროს საკუთარი შთაბეჭდილებები და მიიღოს მათგანაც უკუკავშირი. იგი კარგად ამჩნევს ადამიანებში ინდივიდუალიზმს და ყოველთვის აღაფრთოვანებს მათში უბრალოება.
მთვარით სასწორს გააჩნია ძლიერი სურვილი ყველას მოსწონდეს. ამიტომ ცდილობს გარშემო მყოფები მის მიმართ დადებითად განაწყოს. საამისოდ მას თანდაყოლილი შარმი, დიპლომატიურობა და მოსმენა-გაგების ნიჭი გააჩნია. მისი ემოციური ფონი ხშირად არის დამოკიდებული იმაზე, რამდენად ამართლებენ გარშემო მყოფი ადამიანები მის საქციელს ან რამდენად სწორად მიაჩნიათ იგი. ამიტომ მთვარით სასწორი, როგორც წესი, გამუდმებით იმის ცდაშია, ყველასთვის კარგი თუ არა, მისაღები მაინც იყოს სხვებისთვის. იგი ცვალებადი ხასიათისაა და მისი განწყობის ცვლა ძირითადად იმაზეა დამოკიდებული, თუ კონკრეტულად როგორ გარემოში იმყოფება. არის ძალიან მეგობრული, კარგი მოსაუბრე და მრჩეველი. ამიტომ ადვილად ხდება პოპულარული საზოგადოებაში. თუმცაღა ზოგჯერ კაპრიზულობაც ახასიათებს.
მისი სისუსტე ხათრიანობა და მერყევი ხასიათია. ამ ადამიანმა აუცილებლად უნდა ისწავლოს "არას" თქმა, თანაც საჭირო დროს და რაც შეიძლება კატეგორიულად. ასევე უნდა აკონტროლოს სიზარმაცე და კომფორტის მიმართ ზედმეტი სიყვარული. მთვარით სასწორს თანდაყოლილი სტილის გრძნობა და უზადო გემოვნება აქვს. იგი აფასებს სილამაზეს ყველაფერში, მათ შორის ჩაცმა-დახურვის საკითხშიც, შემთხვევითი როდია, რომ მთვარის ამგვარი მდებარეობით ძალიან ბევრი დიაზინერი იბადება. თუმცა სასწორისეული ჰაეროვნების გამო, ამ ადამიანებს აკლიათ პრაქტიკულობა. ამიტომ ყოველთვის ურჩევნიათ მსჯელობა ქმედებას. გეგმების დასახვა, მათ შესრულებას.
მართალია, მთვარით სასწორი პრინციპულობით არ გამოირჩევა, მაგრამ არც ის ფაქტი უნდა დავივიწყოთ, რომ სასწორის ზოდიაქო, პლანეტა სატურნის ეგზალტაციის ზონაა, ამიტომ თუ ეს ადამიანი ერთ დღეს, მართლა გაჯიუტდა, მას ადგილიდან ფეხს ვერაფრის დიდებით მოაცვლევინებთ.
მთვარით სასწორებს უყვართ მუსიკა, პოეზია, თეატრი და ზოგადად ხელოვნება. მართალია ხშირად თავადაც გააჩნიათ მონაცემები ამ მხრივ, მაგრამ მათი უმრავლესობა უფრო დარგის კარგი შემფასებელია ვიდრე აქტიური ხელოვანი.
მთვარით სასწორი კეთილი და გულმოწყალეა. თუმცა მისი პირადი ცხოვრება ხშირად ხდება პრობლემატური იმის გამო, რომ ეს ადამიანი მიდრეკილია მოექცეს გავლენის ქვეშ და აჰყვეს ჭორებს. მაგრამ იმ შემთხვევაში თუ იგი ემოციურად მასზე უფრო მყარ, გაწონასწორებულ და პრინციპულ პარტნიორს ნახავს შესაძლოა ამან შესანიშნავად დააბალანსოს მისი მერყევი ბუნება.
მამაკაცის ჰოროსკოპში მთვარის ამგვარი მდებარეობა მიანიშნებს იმას, რომ იგი მეგობრული, დახვეწილი და ვიზუალურად ლამაზი ქალბატონებით იხიბლება.
ქალის ჰოროსკოპში კი ეს ასპექტი კარგი დიასახლისობის ნიჭზე, ვიზუალურ დახვეწილობასა და ლამაზი აქსესუარების ან ძვირფასი კოსმეტიკის განსაკუთრებულ სიყვარულზე მიუთითებს.
წყარო: astrologi.ambebi.ge