მთვარე ზოდიაქოს ნიშნებში - მთვარე ქალწულში
მათთვის, ვინც ასე თუ ისე ერკვევა ასტროლოგიაში, კარგად არის ცნობილი ის ფაქტი, რომ ადამიანის ძირითად სახასიათო შტრიხებს მზის (ცნობიერი) და მთვარის (ქვეცნობიერი) კონფიგურაციები აყალიბებს. ამიტომ, რაც უფრო ჰარმონიულია პიროვნების ნატალურ რუკაში მზე-მთვარის კომბინაცია (განლაგებულია ისინი ერთი და იმავე ან მონათესავე სტიქიაში), მით უფრო გაწონასწორებულ და ჰარმონიულ ინდივიდთან გვაქვს საქმე.
თუმცა, მოდით, უფრო დეტალურად გავეცნოთ მთვარის მდებარეობას ნიშნებში:
მთვარე ქალწულის ზოდიაქოში
თუკი ნატალური რუკის მიხედვით, მთვარის ამგვარი მდებარეობა გაგაჩნიათ თქვენ მზრუნველი, დაკვირვებული, პრაქტიკული და მეთოდური ადამიანი იქნებით. გაგაჩნიათ ძლიერი სურვილი გარშემო მყოფებს საკუთარი გამოცდილება და ცოდნა გაუზიაროთ, ითანამშრომლოთ მათთან. თუმცა, ზუსტად ამ მოთხოვნილების გამო, პირად ურთიერთობაში საკმაოდ ემოციური და პრეტენზიული ხდებით. სამაგიეროდ, პარტნიორისთვის არასოდეს გენანებათ დრო და რესურსი. თქვენში არსებობს ძლიერი შინაგანი მოთხოვნილება ემსახუროთ ხალხს, თუმცა ძალიან რთულად ან საერთოდ არ გესმით მათი ემოციურად.
მთვარის ამგვარი მდებარეობა, პირველ რიგში ადამიანის გონებრივ შესაძლებლობებს უსვამს ხაზს, თუმცა ამ შემთხვევაში მთვარე მერკურით მართული კიდევ ერთი ნიშნის, ტყუპისგან განსხვავებით, ნაკლებად ქაოტური და გაცილებით უფრო პრაქტიკული აზროვნებით გამოირჩევა. მთვარე ქალწულში შესანიშნავი მუშაკია. მასში კარგად არის განვითარებული პასუხისმგებლობის გრძნობა და პედანტიზმი. იგი აფასებს განათლებას და ერუდიციისკენ მაქსიმალურად ისწრაფვის, თუმცა მისთვის ინტელექტის მაღალი დონე მარტოოდენ საზოგადოებაში თავის მოწონების ბერკეტი როდია, იგი მას პრაქტიკაშიც აქტიურად იყენებს.
მთვარით ქალწულს შესანიშნავი მეხსიერება გააჩნია. იგი ძალიან ფრთხილად და დეტალურად აანალიზებს არამარტო მის გარშემო მიმდინარე მოვლენებს, არამედ საკუთარ ემოციებს და გრძნობებს. მთვარის ამგვარი მდებარეობა, თუ მას მზის, ვენერას ან მარსის კომბინაცია არ "უმაგრებს" ზურგს, როგორც წესი, სექუალურად ნაკლებად აქტიურ ადამიანს აყალიბებს. სამაგიეროდ, მას ძალიან აინტერესებს ოკულტიზმი და მეცნიერების სხვადასხვა დარგი. ინფორმაციის მიღებისას, მისი დეტალიზაციის უნარი კი ხშირად აძლევს ამ ადამიანებს საშუალებას მომავლის მოვლენები ზუსტად იწინასწარმეტყველოს.
ნებისმიერი მთვარით ქალწული მიდრეკილია ფსიქოანალიზისკენ და მძაფრად განვითარებული ინტუიციაც გააჩნია. სურვილის შემთხვევაში მას შეუძლია კიდევ უფრო განავითაროს საკუთარ თავში ეს თვისებები. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ქალწულის ზოდიაქოსთვის დამახასიათებელი ბუზღუნის, ჭირვეულობის ნიჭი მთვარის შემთხვევაში ნაკლებად ვლინდება ადამიანში. უფრო პირიქით, მთვარით ქალწულების უმრავლესობა ზედმეტად მორცხვი, მორიდებული და თავშეკავებული ადამიანიც კია. მერკურის გავლენით, მთვარის ამგვარი მდებარეობით დაბადებულ ინდივიდებს საკმაოდ ფართო სანაცნობო წრე და კონტაქტების დიდი ბაზა გააჩნიათ. მათ ასევე აღენიშნებათ მიდრეკილება ცვლილებებისა და გადაადგილებისკენ. ისინი ხშირად მოგზაურობენ, თუმცა დიდ მანძილზე მგზავრობისგან ძირითადად თავს იკავებენ. მთვარით ქალწული დიდ ყურადღებას აქცევს კვების რაციონს, ზედმიწევნით იცავს ჰიგიენის ნორმებს და ზოგადად, ზრუნავს საკუთარ ჯანმრთელობაზე.
გარეგნული სიმშვიდის მიუხედავად, ეს ადამიანები ხშირად არიან მიდრეკილი ნევროზულობისა და პანიკისკენ. განსაკუთრებით მაშინ, როცა რაიმე სახის ემოციური სტრესის გადატანა უხდებათ. სასურველია, ასეთმა ადამიანმა გამუდმებით იმუშაოს საკუთარი თავის რწმენის ამაღლებაზე. ნაკლებად გამოეკიდოს წვრილმანებს.
ქალის ჰოროსკოპში მთვარის ამგვარი მდებარეობა მიანიშნებს ემოციურ სიმყიფეზე, რაც ხშირად გარეგნული სიცივითა ან თავშეკავებულობით ვლინდება.
მამაკაცის რუკაში ეს კომბინაცია იმის ნიშანია, რომ ასეთი ადამიანი იხიბლება ემოციურად თავდაჭერილი და გაწონასწორებული ქალებით. იმიტომ რომ, შინაგანად ყოველთვის გაურბის პასუხისმგებლობას იყოს თბილი და მოსიყვარულე ურთიერთობაში.
წყარო: astrologi.ambebi.ge