ზოდიაქოს ნიშნები – როცა საქმე პირად ურთიერთობებს ეხება
ცხოვრება მოულოდნელობებითაა სავსე. პირადი ურთიერთობები, შესაძლოა, პრობლემებმა დააზარალოს. განვიხილოთ, როგორ იქცევიან ზოდიაქოს ნიშნები, როცა საქმე მათ პირად ურთიერთობებს ეხება.
ვერძი
ვერძი ზოდიაქოს პირველი ნიშანია, რომელსაც დაუშრეტელი ენერგია, გასაოცარი სიცოცხლისუნარიანობა და უჩვეულო ოპტიმიზმი ახასიათებს. ვერძი დამოუკიდებელია და სამართლიანობისკენ ისწრაფვის. ოჯახში ის ხმაურიანი და შრომისმოყვარეა. ვერძები ეჭვიანები არიან. მათი მოუსვენარი ბუნება ნებისმიერ აქტიურ კაცს თავგზას აურევს. თუ გსურთ, ოჯახური იდილია შეინარჩუნოთ, ამ ნიშნით დაბადებულ ადამიანს ყურადღება არ მოაკლოთ. თუ ვერძს ყურადღება, აღფრთოვანება მოაკლდა, თუ ცხოვრება მოსაწყენი გახდა, ის თავად გამოიჩენს ინიციატივას და დაშორებაზე გადაწყვეტილებას მალევე მიიღებს. შესაძლოა, მან ამ მიზნისთვის ხელოვნურად სკანდალიც კი შექმნას, რომლის შემდეგაც თქვენ მასთან მშვიდ და მეგობრულ ურთიერთობას ვერ გააგრძელებთ. ვერძები დაშორების შემდეგ უმეტეს შემთხვევაში ადამიანებს სამუდამოდ კარგავენ. ვერძთან თანაცხოვრებისას აუცილებლად გაითვალისწინეთ მისი სიფიცხე. თუკი მას რამე არ მოეწონა და გაბრაზდა, ვულკანივით ამოიფრქვევა მისი სიბრაზე. მაგრამ ამან არ დაგაფრთხოთ და ნუ იფიქრებთ, რომ ცხოვრებას გაიმწარებთ. დატოვეთ მარტო და მიეცით დრო, დაწყნარდეს. მცირე ხნის შემდეგ ის ჩვეული ხალისით შემოგიერთდებათ და ისე გაგრძნობინებთ თავს, თითქოს არც არაფერი მომხდარა. ამ ურთიერთსაპირისპირო და ტემპერამენტიან ქალთან ნამდვილად გაგიჭირდებათ ცხოვრება, თუ ბუნებით ძლიერ კაცთა რიცხვს არ განეკუთვნებით.
კურო
კუროს უყვარს კომფორტი და სიმყუდროვე, როგორც სახლში, ისე პირად ურთიერთობებში. კურო განშორებაზე ფიქრს გვიან იწყებს, რადგან მისთვის ქორწინება მნიშვნელოვანია და თუკი მან შეგიყვარათ, რაც არ უნდა მოხდეს, ძალიან გაუჭირდება განშორება. კუროს ნიშნის ქვეშ დაბადებულ ადამიანებთან გახსოვდეთ ერთი ოქროს წესი – არ გააბრაზოთ! ის დიდხანს მოგითმენთ, ბოლოს კი ისე გაბრაზდება, სჯობს, მოერიდოთ. კუროები ბუნებით ერთგული, მზრუნველი ხალხია. თუ პარტნიორი ემოციურ კომფორტს შეუქმნის, კუროსგან საუკეთესო მეუღლე, მეოჯახე და პარტნიორი დგება, რომელიც მთელი სიცოცხლის მანძილზე დაუღალავად იზრუნებს იმაზე, რომ საკუთარი მეორე ნახევარი მაქსიმალურად გაანებივროს.
ტყუპები
ტყუპები პირად ურთიერთობაში მეგობრული და კომუნიკაბელურია. უყვარს თავისუფლება. თუ ვინმე მის დამოუკიდებლობას შეზღუდავს, ეს ურთიერთობაზე ცუდ გავლენას მოახდენს. თუ ტყუპებთან დიდხანს ცხოვრება გსურთ, იყავით საინტერესო, რადგან ტყუპების ნიშნის ქვეშ დაბადებულ ადამიანს ინტელექტუალური პარტნიორი იზიდავს. თუმცა ამასთანავე, მასში იუმორის გრძნობაც უნდა იყოს გარეული. ტყუპები თავგადასავლების მოყვარული ადამიანია. მისი ხასიათისთვის დამახასიათებელია დაწყებული საქმეების ბოლომდე მიყვანის უუნარობა, საქმის დაწყებიდან მას მალევე ეკარგება ინტერესი. ანალოგიურად იქცევა ტყუპები პირად ურთიერთობებში. შესაძლოა, ცხოვრების მანძილზე რამდენიმე პარტნიორი შეიცვალოს. მეტიც, შესაძლოა, პარალელურად რომანიც გააბას.
კირჩხიბი
კირჩხიბის ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანები ეთაყვანებიან ოჯახურ იდილიას. კირჩხიბი უზომოდ მგრძნობიარე და ემოციურია. მიუხედავად იმისა, რომ კირჩხიბს ოჯახთან მჭიდრო კავშირი აქვს, ერთგულების შენარჩუნება ხშირად უჭირს. ამის მიზეზი კირჩხიბების ემოციურობა და ფარული ურთიერთობისკენ ლტოლვაა. თუკი ახალი პარტნიორი კირჩხიბთან ემოციურ კავშირს დაამყარებს, კირჩხიბს სურვილი უჩნდება, ამ ემოციას ბოლომდე მიჰყვეს, თუმცა ეს კავშირი მოკლევადიანი იქნება. კირჩხიბებს მყარი ურთიერთობისთვის დაცულობისა და უსაფრთხოების შეგრძნება სჭირდებათ. მას მუდმივად უნდა უმტკიცონ, რომ ის უყვართ, წინააღმდეგ შემთხვევაში თავდაჯერებულობას კარგავს. ის მუდმივად ელოდება მოწონებას. კირჩხიბს ყოველთვის ახსოვს დაბადების დღეები, წლისთავები, ოჯახური ზეიმები და სხვა მნიშვნელოვანი თარიღები. თუკი ურთიერთობა ოდნავ გაცივდა, კირჩხიბი კაპრიზული ხდება. მას სწრაფად ეცვლება ემოციური მდგომარეობა, ერთი უკიდურესობიდან მეორეში გადადის. კირჩხიბს ძალიან ეშინია საყვარელი ადამიანის დაკარგვის და მაქსიმუმს აკეთებს, ოჯახი რომ არ დაენგრას. თუ განშორება დღის წესრიგში მაინც დადგა, შესაძლოა, კირჩხიბს ემოციური აშლილობა დაეწყოს.
ლომი
ლომის ზოდიაქოს ნიშნით ქვეშ დაბადებული ადამიანი მაქსიმალურად ეცდება, საპირისპირო სქესის ყურადღება მიიქციოს. ლომს უყვარს დრამატიზმი და ურთიერთობაში თამაში. უყვარს ფლირტი, მაგრამ, თუ ვინმე შეუყვარდა, ცხოვრების ბოლომდე მისი ერთგული რჩება. ის შეიყვარებს ერთხელ და სამუდამოდ. ლომისთვის აუცილებელია, საკუთარი სიყვარულისა და მომხიბვლელობის გავლენა რჩეულზე იგრძნოს. ლომი იმდენად ვერ იტანს უყურადღებობას, რომ ეს ხშირად ხდება მისი დეპრესიის მიზეზი, რომელსაც მოჰყვება კაპრიზულობა, პრეტენზიულობა და ალკოჰოლით გატაცება. მას ჰაერივით სჭირდება შექება, რადგან მისი თვითშეფასება პირდაპირ არის დამოკიდებული მისი ღირსებების გარედან აღიარებაზე. მას უყვარს ქება-დიდება და იმის შეგრძნება, რომ ის ხალხს სჭირდება.
ქალწული
ქალწულის ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანი ყველაზე მოწესრიგებული და პასუხისმგებლობით სავსეა. ის ნებისმიერ წვრილმანს დიდ ყურადღებას უთმობს. ქალწულებს არა მარტო პირადი ნივთები და ტანსაცმელი, ცხოვრებაც კი დალაგებული აქვთ. ქალწულის ნიშნით დაბადებული ადამიანი ურთიერთობაში მოწესრიგებულია. ძალიან უჭირს შინაგანი სამყაროს გახსნა და გრძნობებზე საუბარი. ურთიერთობის დაწყებამდე ბევრს ფიქრობს, გონებაში ყველა დეტალს განიხილავს, რის გამოც ქალწული ხშირად მარტოხელა რჩება.
ამ ნიშნით დაბადებულ ადამიანებს უყვართ შრომა. კარიერისტები არიან.
ხშირად ოჯახის წევრებიც ავიწყდებათ, რადგან მიიჩნევენ, რომ ისედაც საკმარის ყურადღებას უთმობენ მათ, რაც ახლობლების მატერიალური მოთხოვნების დაკმაყოფილებით გამოიხატება. საწინააღმდეგო სქესთან ურთიერთობისას ქალწული თავს არასოდეს ჰკარგავს.
ქალწული სერიოზულად ეკიდება ცხოვრების მეგზურის არჩევას. საპირისპირო სქესთან ურთიერთობა არც ისე მარტივად და სწრაფად ეწყობა. თავიდან მას უჭირს საკუთარ გრძნობებსა და მოთხოვნებში გარკვევა. ის დიპლომატიურად გამოჰკითხავს პოტენციურ პარტნიორს მისი მოთხოვნების, ჩვევების, შეხედულებების შესახებ და შემდეგ იწყებს საკუთარი გრძნობების შემოწმებას.
სასწორი
სასწორის ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანებისთვის აუცილებელია ჰარმონია ყველგან და ყველაფერში, სამსახურსა თუ ოჯახში. ვერ წარმოუდგენია ცხოვრება სიმარტოვეში. პარტნიორის ემოციური მხარდაჭერის გარეშე ცხოვრების ხალისი ეკარგება. მისი მარტოობა მხოლოდ სულიერად მონათესავე ადამიანთან შეხვედრის შემდეგ სრულდება. სასწორის მიზიდულობის ძალა ისეთია, რომ ძალიან რთულია მასთან განშორება. სასწორი ვერ იტანს ხმაურსა და ზედმეტად ქაოსურ სიტუაციას. პირად ურთიერთობებში ხშირად ზედაპირული და უპასუხისმგებლოა. ის სიყვარულზეა შეყვარებული და არა კონკრეტულ ადამიანზე. სასწორის რჩეული იდეალური გემოვნებისა და დახვეწილი მანერების მქონე უნდა იყოს. ძალიან უყვარს თავის მეორე ნახევართან ერთად საზოგადოებაში გამოჩენა. სურს მისი საყვარელი ადამიანი ყურადღების ცენტრში იყოს მთელ გარემოცვაში.
მორიელი
მორიელის ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებულ ადამიანებს პრინციპულობა და სიმამაცე ახასიათებთ. უზომოდ მგრძნობიარენი არიან. ახასიათებთ ეჭვიანობა და პარტნიორის ფლობის ვნება. ხანგრძლივად იმახსოვრებენ მტანჯველ განცდებს. სწყურიათ ღრმა და ემოციური ურთიერთობები. ხშირად ბობოქარი ვნებები ურჩევნიათ მშვიდ ურთიერთობას. თუ სიყვარული ეწვიათ, მთელი თავისი არსებით უყვართ და პარტნიორისგანაც ასეთივე ერთგულებასა და ყურადღებას მოითხოვენ. შემთხვევითი და ზედაპირული კავშირები მათ არ იზიდავთ.
თუ ურთიერთობა გაცივდა, ამისგან სკანდალს ნუ შექმნით. შეგიძლიათ, იტიროთ და საკუთარ ბედზე უკმაყოფილება გამოხატოთ, მაგრამ, თუ თქვენი მეორე ნახევარი ზოდიაქოს ნიშნით მორიელია, მასთან ერიდეთ სკანდალებს. დაძაბულობა და სტრესი ცუდად მოქმედებს მორიელთა ნერვულ სისტემაზე.
მშვილდოსანი
მშვილდოსნის ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანები სხვა ნიშნებისგან პოზიტიურობითა და ოპტიმიზმით გამოირჩევიან. სასიყვარულო ურთიერთობებში მათთვის დამახასიათებელია აქტიური პოზიცია, გრძნობების გამხელაში ინიციატივას თავად იჩენენ. ამ ნიშნით დაბადებული ადამიანი აქტიურად ეძებს და არ ელოდება სიყვარულს. უყვარს ფლირტი, შესაძლოა, ერთდროულად რამდენიმე პარტნიორიც ჰყავდეს. ასეთ ადამიანს ურჩევნია მარტივი და მსუბუქი ურთიერთობები, ზედმეტი პასუხისმგებლობის გარეშე. დაუშრეტელი ოპტიმიზმის წყალობით სასიყვარულო იმედგაცრუება დიდხანს არ გრძელდება. მშვილდოსნის ნიშნით დაბადებული ადამიანები მალევე იწყებენ ახალი თავგადასავლის ძიებას.
თხის რქა
თხის რქის ზოდიაქოს ნიშნით დაბადებული ადამიანები მიზანდასახულობითა და გასაოცარი ამტანობით გამოირჩევიან. მათ ცხოვრებაში კარიერა და ეკონომიური კეთილდღეობა ყოველთვის წინა პლანზეა. მათ იზიდავთ მომთმენი და გამოცდილი პარტნიორები. გამოცდილებას ყველაზე მეტად აფასებენ. ასევე, მათთვის უმნიშვნელოვანესია ნდობის ფაქტორი და ადამიანის სოციალური მდგომარეობა. ასეთი ადამიანები მიზანმიმართულად მიიწევენ მაღალი სოციალური სტატუსისა და მატერიალური კეთილდღეობისკენ, ვერ წარმოუდგენიათ ცხოვრება პროფესიული წარმატების გარეშე. ცხოვრებისადმი ანალოგიურ დამოკიდებულებას ელიან პარტნიორის მხრიდანაც.
მერწყული
სიახლეების წყურვილი და ცნობისმოყვარეობა ყველაზე მეტად მერწყულის ნიშნით დაბადებულ ადამიანებს ახასიათებთ. ტყუპების მსგავსად, ამ ნიშნით დაბადებულები კომუნიკაბელურები არიან და ახალი ნაცნობობის დაწყება მათთვის პრობლემას არ წარმოადგენს. ასეთ ადამიანებს დიდი სამეგობრო წრე ჰყავთ. უყვართ დახმარება და საჭიროების შემთხვევაში დაუზარებლად გამოგიწვდით დახმარების ხელს. მერწყულებს არ უყვართ მოწყენილობა და ერთფეროვნება. რომანტიკულ ურთიერთობებში გახსნილები არიან. საყვარელ ადამიანთან ინტელექტუალური ურთიერთგაგებისა და სულიერი კავშირებისკენ მიისწრაფვიან, რადგან ინტიმური ურთიერთობა და ემოციური კავშირები მათი სუსტი მხარეა. არ უყვართ ეჭვიანობის სცენები და მბრძანებლობა. ასევე, ვერ ეგუებიან თავისუფლების შეზღუდვას. მათი სასურველი პარტნიორი ორიგინალური და საინტერესო უნდა იყოს.
თევზები
ამ ზოდიაქოს ნიშნით დაბადებული ადამიანები ძლიერი ინტუიციით გამოირჩევიან. სიყვარული მათთვის ამოსავალი წერტილია. სიყვარულისა და პარტნიორის გარეშე ასეთი ადამიანი თავს დაკარგულად და უფუნქციოდ გრძნობს. სასიყვარულო ურთიერთობებში ძალიან რომანტიკოსი და მეოცნებეა. წარმოსახვის უნარი კარგად აქვს განვითარებული. ასეთი ადამიანები მხოლოდ სიყვარულით ქორწინდებიან. მათ განსაკუთრებული უნარი აქვთ, სხვათა განცდები შეიგრძნონ და გაითავისონ. მთლიანად იძირებიან სიყვარულში. ხშირად ასეთი ძლიერი სიყვარული მათ გონებას ურევს და საკუთარ თავს აკარგვინებს.
წყარო: funtime.ge