პირველი პაემნის თარიღი წყვილის მომავალს განსაზღვრავს
ვარსკვლავების განლაგება არამარტო ადამიანის სახასიათო შტრიხებზე, რომანტიული ურთიერთობების განვითარების პერსპექტივაზეც გვაწვდის ინფორმაციას, იმის მიხედვით თუ კონკრეტულად როდის შედგა წყვილს შორის პირველი პაემანი. მოდით, გაიხსენეთ როდის გაიცანით ერთმანეთი... ხოლო თუ ჯერაც მარტო დააბიჯებთ ამ ქვეყანაზე, ეცადეთ სასურველ პარტნიორთან უშუალო ნაცნობობა, პლანეტების პოზიტიურ განლაგებას დაამთხვიოთ, მანამდე კი ინტერნეტი და მისი ჯანი...
მაშ ასე, თუკი ნაცნობობა ვერძის პერიოდში შედგა – ურთიერთობაში ბევრ კამათს, დაშორება-შერიგების მცდელობებს და ხმაურიან გარჩევებს ექნება ადგილი ორივე მხრიდან. თუმცაღა ურთიერთკომპრომისის გარეშე ამ ურთიერთობას ხანგრძლივი ვადით გაგრძელება არ უწერია.
თუკი კუროს პერიოდში გაიცანით თქვენი რჩეული – ყურადღება ერთმანეთისთვის მაქსიმალური კომფორტის შექმნას უნდა მიაქციოთ, როგორც ემოციური ისე მატერიალური (საჩუქრები, სიურპრიზები) კუთხით.
თუკი ნაცნობობა ტყუპის პერიოდს დაემთხვა – წყვილს შორის პირველ რიგში მენტალური კონტაქტი იქნება მთავარი. ამიტომ სასურველია მაქსიმალურად გახსნილი იყონ ისინი ერთმანეთთან. თუმცა ტყუპის გავლენის გამო, ამ ურთიერთობას ჭორები და ინტრიგებიც საკმარისზე მეტი მოჰყვება და ამისთვის მზად იყავით.
თუკი ნაცობობა კირჩხიბის პერიოდში მოხდა – დიდი შანსია უბრალოდ ფლირტიდან მოკლე ხანში მენდელსონის მარშით დაგვირვგვინებულ საქორწინო ცერემონიალში გადაიზარდოს იგი. მთავარია, წყვილმა მუდმივი ზრუნვა არ დაიშუროს ერთმანეთის მიმართ.
თუკი ნაცნობობა ლომის პერიოდში შედგა – სავარუდოდ ეს მოკლევადიანი მაგრამ დაუვიწყარი "ლოვ-სთორი" იქნება, რომელსაც თან მოჰყვება სერენადები მთვარის შუქზე, მდიდრული საჩუქრები და სენტიმენტალური აღიარებები სიყვარულში.
თუკი ნაცნობობა ქალწულის პერიოდს დაემთხვა – ურთიერთობის მთავარ მოტივად შესაძლოა ცივი გონებით გათვლილი ქმედებები იქცეს. გამორიცხული არაა წყვილი საერთო ინტერესებმა გააერთიანოს, ან სულაც ერთობლივი საოჯახო ბიზნესის წამოწყებას მიჰყონ ხელი.
თუკი ნაცნობობა სასწორის პერიდოში შედგა – მოემზადეთ ჭეშმარიტად ლამაზი, ამაღელვებელი და რომანტიული მომენტების განსაცდელად. სასწორი ხომ, ზოდიაქოს მეშვიდე სახლის ანუ პარტიორობის სახლის მმართველია. ამიტომ თუ ვულგარული, უხეში
და სულსწრაფი არ ხართ, შესაძლოა ამ პერიდოში დაწყებულმა კავშირმა მყარი და ლამაზი ოჯახი შეგაქმნევინოთ.
თუკი ნაცნობობა მორიელის პერიოდში მოხდა – ურთერთობა სავსე იქნება დრამატიზმით, ეჭვიანობის მძაფრი სცენებით და ხმაურიანი სკანდალბით. ნებისმიერ შემთხვევაში მანამ, სანამ წყვილი საბოლოოდ გაარკვევს ერთმანეთის მიმართ ჭეშმარიტ ზრახვებს, არაერთგზის მოხვდებიან ისინი საზოგადოების ყურადღების ცენტრში და არცთუ სახარბიელო კუთხით.
თუკი ნაცნობობა მშვილდოსნის პერიოდში შედგა – ურთიერთობა ზედაპირული, მაგრამ რომანტიულ-ავანტიურისტული ელემენტებით იქნება სავსე. შესაძლოა ამ ნაცნობობამ კუბოს კარამდე ერთგული მეუღლე ვერ შეგძინოთ, მაგრამ იგი მთელი ცხოვრების მანძილზე დაგიტოვებთ ამაღელვებელ და ლამაზ მოგონებებს.
თუკი ნაცნობობა თხის რქის პერიოდს დაემთხვა სავარაუდოდ მისი საფუძველი გარიგება ან ოჯახებს შორის სიმპათია-პატივისცემა იქნება. წყვილმა დამოუკიდებლადაც რომ გაიცნოს ერთმანეთი, მათ საბოლოო დაოჯახებაში მაინც დიდ როლს ითამაშებს მათივე გარემოცვა, უფრო სწორად სანათესაო წრე და ოჯახის წევრები.
თუკი ნაცნობობა მერწყულის პერიდოში შედგა – არაორდინალური და შესაძლოა ძალზე კომიკური მოვლენებით იყოს იგი სავსე. გამორიცხული არ არის პირველ პაემანზე რომელიმე პარტნიორმა ფეხი იღრძოს, რესტორანში თევზის ფხა გაეჩხიროს ყელში ან რამე მსგავსი გაუთვალისწინებელი რამ დაემართოს, რაც ურთიერთობას ერთობ სახალისოს (თუმცა არცთუ უსაფრთხოს) გახდის.
და ბოლოს თუკი თქვენი ნაცნობობა თევზების პერიოდს დაემთხვა – ეს იქნება ემოციური ურთიერთობების დასაწყისი, რომლის განვითარებაც ორივე მხარის მონდომებასა და ფსიქოლოგიურ მდგრადობაზე იქნება დამოკიდებული. შესაძლოა ამ ურთიერთობამ ყველაფერი მოგიტანოთ რომანტიული აღმაფრენით დაყწებული, მძაფრი დეპრესიით დამთავრებული. მოკლედ ნუ დაგავიწყდებთ ის ფაქტი, რომ სიყვარული ბრმაა, თანაც ვერტიკალური და ბრუნვადი..
წყარო: astrologi.ambebi.ge