საქართველოში პირველი 24/7 აუთსორსინგული ქოლ ცენტრი K•Call მზად არის თავისი სრული რესურსით დაუდგეს მხარში სახელმწიფოს
დღესდღეობით კორონავირუსთან დაკავშირებული რისკების შემცირება არა მხოლოდ ცალკეული სტრუქტურებისა და კომპანიების, არამედ მთელი ქვეყნის პასუხისმგებლობაა. საქართველოში პირველმა 24/7 აუთსორსინგულმა ქოლ ცენტრმა K•Call-მა გადაწყვიტა აიღოს პასუხისმგებლობა და მზად არის თავისი სრული რესურსით დაუდგეს მხარში სახელმწიფოს.
K•Call უკვე ოთხ წელზე მეტია, რაც ქართულ ბაზარზე გამოჩნდა და უზრუნველყოფს კომპანიებსა და მათ მომხმარებლებს შორის გამართული კომუნიკაციის დამყარებას. უნდა აღინიშნოს, რომ K•Call-ს დიდი წვლილი შეაქვს ქვეყანაში BPO მიმართულების განვითარებაში, რაც ქართულ ბაზარზე უფრო და უფრო მოთხოვნადი მიმართულება ხდება, რადგან ბიზნესები უკვე ნათლად ხედავენ აუთსორსინგის საჭიროებას.
იმაზე, თუ როგორ აპირებს კომპანია ამ საკითხთან დაკავშირებით სახელმწიფოს დახმარებას და რა შედეგი შეიძლება მოჰყვეს ამ მხარდაჭერას, K•Call-ის დამფუძნებელმა - სერგო ავსაჯანიშვილმა განაცხადა:
„ყველას მოგვეხსენება ბოლო დროს კორონავირუსთან დაკავშირებით განვითარებული მოვლენები. ვთვლით, რომ ამ გლობალურ პრობლემასთან ბრძოლაში უნდა გავერთიანდეთ თითოეული მოქალაქე, კერძო თუ სახელმწიფო სტრუქტურა, კომპანია და ერთიანი ძალებით შევამციროთ ვირუსის გავრცელების რისკები.
სწორედ ამიტომ, K•Call-ის გუნდი მზადყოფნას გამოვთქვამთ გვერდში დავუდგეთ საქართველოს მთავრობა-ს, დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო-ს, National Center for Disease Control & Public Health, Georgia (NCDC & PH)-ს.
K•Call-ის სრული შემადგენლობით მზად ვართ გავააქტიუროთ ცხელი ხაზი, რომელიც 24 საათიან რეჟიმში მიიღებს საზოგადოების მხრიდან შემოსულ ნებისმიერ ფაქტსა თუ ინფორმაციას, თითოეულ საკითხზე ოპერატიულად მივაწვდით ინფორმაციას შესაბამის სტრუქტურებს, სოციალური ქსელების საშუალებით დავეხმარებით მათ სწორი მესიჯების, რეკომენდაციებისა და სიახლეების გაზიარებაში, რათა საზოგადოება უფრო მეტად, სწორად ინფორმირებული იყოს თითოეული ფაქტის შესახებ. ასევე მზად ვართ, გამოვიყენოთ ყველა ჩვენს ხელთ არსებული ბერკეტი და შესაძლებლობა, რათა მაქსიმალურად შევამციროთ ვირუსის გავრცელების რისკები“.
დაინტერესების შემთხვევაში შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ 24/7: (032) 2 05 03 02 ან მოგვწეროთ FB გვერდზე: KCALL • ქეიქოლ . ჩვენს მომსახურებაზე დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ესტუმრეთ: http://kcall.ge/