თეგებით ძიება

"რეფორმერის“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ბაჩო ბუჩუკური: მცხეთა-მთიანეთის მოსახლეობას ელემენტარული პირობები არ აქვს მოგვარებული

„რეფორმერის“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ბაჩო ბუჩუკური მცხეთა-მთიანეთის მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებს და ამომრჩევლებს პარტიის საარჩევნო პროგრამას აცნობს. ბაჩო ბუჩუკურის განცხადებით, ადგილობრივებს სოციალურ და ეკონომიკურ პრობლემებთან ერთად ელემენტარული პირობებიც არ აქვს მოგვარებული.

ბაჩო ბუჩუკური: რეგიონის მოსახლეობას ინტენსიურად ვხვდები. სოფლებში ძალიან ბევრი პრობლემა გამოიკვეთა. აქაურებს ყველაზე მეტად სოციალური და ეკონომიკური გაჭირვება აწუხებთ, რეალურად, მცხეთა-მთიანეთის მთელ მოსახლოებას ერთი და იგივე პრობლემები აქვს - უმუშევრობა, მაღალი ფასები, ეკონომიკური სიდუხჭირე.

რეგიონის მოსახლეობას ძალიან დიდი ზარალი მიაყენა კორონაპანდემიის შედეგად ტურიზმის გაჩერებამ. ბოლო წლებში ადგილობრივების უმეტესობა ტურიზმის სფეროში იყო დასაქმებული, მათ აიღეს სესხები, მოაწყვეს ტურისტული ინფრასტრუქტურა, სასტუმროები, ჰოსტელები, მაგრამ კორონაპანდემიის გამო მათი ბიზნეს - საქმიანობა გაურკვეველი ვადით შეჩერდა. დღეს ეს ადამიანები ვერ იხდიან ბანკის გაზრდილ გადასახადებს და ხელისუფლებას საბანკო ვალდებულებების რესტრუქტურიზაციას კვლავ სთხოვენ.

მოსახლეობას ასევე ძალიან აწუხებს ინფრასტრუქტურული პრობლემებიც. 21-ე საუკუნეში არის სოფლები, სადაც ჯერ კიდევ არ არის გზა, კანალიზაცია, შუქი და გაზი. ეს მარტო მაღალმთიან სოფლებს არ ეხება. მაგალითად, სოფელ ჩინთის მოსახლეობას წლებია ვერ მოუგვარეს ელემენტარული პირობები. თითქოს მოხდა სოფლის გაზიფიკაცია, გაიყვანეს მილები, მაგრამ რამდენიმე თვეა სოფელში გაზის ჩართვას ელოდებიან და ადამიანები მკაცრი ზამთრის მოლოდინში, ამ პრობლემის პირისპირ არიან დარჩენილები. ჩინთელებს არ აქვთ ავტობუსის გაჩერება, წვიმასა და თოვლში საათობით უწევთ ქუჩაში ტრანსპორტის ლოდინი. ეს ხომ ძალიან მარტივი მოსაგვარებელია ადგილობრივი ხელისუფლებისთვის, აქაურებს ისე უჭირთ, საკუთარი სახსრებით ვერ შეძლებენ ამ პრობლემის გადაჭრას. ამასთან ერთად სოფელი, რომელიც არაგვისპირასაა, წლებია უჩივის უწყლობას. დაყენებულია ორი რეზერვუარი, რომლებიც გამართულად ვერ მუშაობს, მოსახლეობა დარჩენილია წყლის გარეშე.

ადგილობრივები ძალიან დიდი ხანია ითხოვენ პატარა ბაზრის მოწყობას, სადაც შეძლებენ საკუთარი ხელით მოყვანილი სასოფლო პროდუქციის გაყიდვას. შეჩერებული ტურიზმის პირობებში სოფლის მეურნეობა და მესაქონლეობა მათთვის ელემენტარული შემოსავლის ერთადერთი წყაროა. რეგიონში ძალიან დიდი პრობლემაა ნარჩენების გატანა. კვირაობით არ გააქვთ ნაგავი იმ სოფლებიდან, სადაც დგას ურნები. ნაგვით გადავსებული ტერიტორიები ნაგავსაყრელებად არის ქცეული. რეგიონში არ ხდება ნარჩენების გადამუშავების სწორი მართვა. ნაგავი ხვდება მდინარეებში და ტერიტორიებზე, სადაც ადგილობრივების კუთვნილი საქონელი იკვებება, შესაბამისად, მათი რძე საკვებად უვარგისია. ადგილობრივი მუნიციპალიტეტები ვერ უზრუნველყოფენ მოსახლეობისთვის ამ პრობლემის მოგვარებას, შესაბამისად, ეს პრობლემა ეკოლოგიურ საფრთხესაც უქმნის მთელ რეგიონს.

ბაჩო ბუჩუკურის განცხადებით, სოციალური და ინფრასტრუქტურული პრობლემები აქვს ჟინვალის მოსახლეობას, სადაც ბევრი ადამიანი საცხოვრებლის გარეშეა დარჩენილი და ელემენტარული შემოსავალიც არ აქვთ, რომ ბინის ქირა გადაიხადონ.“

როგორც „რეფორმერის“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი მცხეთა - მთიანეთში ბაჩო ბუჩუკური აღნიშნავს, რეგიონის მოსახლეობის პრობლემების გადაჭრის ყველაზე ეფექტური გზა არის დეცენტრალიზაცია, რასაც ითვალისწინებს პარტიის საარჩევნო პროგრამა. „დეცენტრალიზაცია საშუალებას მისცემს ყველა რეგიონს თვითონ განკარგოს თავისი ფინანსები, არ იყოს დამოკიდებული ცენტრზე, რაც დააჩქარებს პრობლემების სწრაფად და ეფექტურად გადაჭრას - აცხადებს ბაჩო ბუჩუკური.

წყარო:newposts.ge


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა