დავიცვათ ეკლესია, რომელსაც თავს ესხმიან - იაროსლავ კაჩინსკი
პოლონეთის მმართველი პარტიის ლიდერი იაროსლავ კაჩინსკი მხარდამჭერებს მოუწოდებს, ეკლესია დაიცვან. ამის შესახებ განცხადება იაროსლავ კაჩინსკიმ მას შემდეგ გააკეთა, რაც აბორტების შესახებ კანონის გამკაცრებას პოლონეთში საპროტესტო აქციების ტალღა მოჰყვა. დემონსტრანტების ნაწილმა ეკლესიებში წირვა შეაფერხა.
„ეკლესიებზე თავდასხმა პოლონეთში ისტორიაში არასდროს მომხდარა. ხელისუფლებისა და ხალხის მოვალეობაა, დაიცვან ეკლესიები, ამისთვის ყველა ღონე უნდა ვიხმაროთ. მოვუწოდებ მმართველი პარტიის ყველა წევრსა და ყველა ჩვენს მხარდამჭერს, დაიცვან ეკლესია, რომელსაც დღეს თავს ესხმიან და ეს შემთხვევით არ ხდება“, – განაცხადა პოლონეთის მმართველი პარტიის ლიდერმა.
კაჩინსკიმ ასევე მოუწოდა აქციების მონაწილეებს, გაითვალისწინონ, რომ ქვეყენაში კორონავირუსის მეორე ტალღაა და მასობრივი შეკრებებისგან თავი შეიკავონ, რადგან ამას შესაძლოა, „ადამიანების სიცოცხლე შეეწიროს“.
ანალოგიური მოწოდებით გამოვიდა პოლონეთის პრემიერ-მინისტრი მატეუშ მორავიეცკი.
პოლონეთში აბორტის შესახებ კანონის გამკაცრების გადაწყვეტილება საკონტიტუციო სასამართლომ მიიღო. პოლონეთის ხელისუფლება აცხადებს, რომ ვერდიქტი გასაჩივრებას არ ექვემდებარება.
ახალი რეგულაციის მიხედვით, პოლონეთში აბორტის გაკეთება იმ შემთხვევშიც არ იქნება დაშვებული, თუ ნაყოფს განვითარების პრობლემები ან სერიოზული დარღვევები აღენიშნება.
მოქმედი კანონმდებლობით, გამონაკლისის სახით პოლონეთში აბორტის გაკეთება დაშვებულია, თუ ქალი ინცესტის ან გაუპატიურების შემთხვევაში დაორსულდა, ასევე თუ დედის ჯანმრთელობას უკიდურესი საფრთხე ემუქრება.
წყარო: 1tv.ge