არჩევნების შედეგები არალეგიტიმურია და პარლამენტის შეკრება დაუშვებელია - ნათელაშვილი პარლამენტში შესვლაზე უარს ამბობს
"ლეიბორისტული პარტიის" ლიდერი შალვა ნათელაშვილი აცხადებს, რომ 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგები არის არალეგიტიმური და ასეთი პარლამენტის შეკრება დაუშვებელია.
„რუსეთის პრეზიდენტმა, ჩვენი ქვეყნის მთავარმა ოკუპანტმა პუტინმა, რუსი ოლიგარქის, ივანიშვილის მეშვეობით და ჩვენი ვაჭარი თანამემამულეების ხელით, თავზე დაგვამხო ქვეყანა და საპარლამენტო არჩევნები. ამ კენჭისყრის შედეგები არის არალეგიტიმური, უკანონო, ანტისახელმწიფოებრივი და ასეთი პარლამენტის შეკრება გახლავთ დაუშვებელი. იქ არავინ უნდა შევიდეს, არა მარტო ოპოზიცია, არამედ თუ შერჩენია თავმოყვარეობა, „ქართული ოცნების“ წევრებმაც და მათმა მაჟორიტარებმაც უნდა უარი თქვან ე.წ. მეორე ტურზე. უკვე დაწყებულია დიდი სახალხო წინააღმდეგობა, სახალხო პროტესტი და მოძრაობა, რომელიც აუცილებლად წალეკავს ოლიგარქის ძირგამომპალ რეჟიმს და მე ვიმედოვნებ, რომ ხვალ ამერიკელი ხალხი პრეზიდენტის პოსტიდან მოაცილებს ტრამპს, რომელიც პუტინის ლობისტია შეერთებულ შტატებში და რომელთანაც, როგორც ჩანს, ბიძინა ივანიშვილმა გამონახა საერთო ენა და ამას მოწმობს ბოლო დღეს გაკეთებული მთელი რიგი თბილი განცხადებები ვიღაც-ვიღაცებისგან. ამერიკელი ხალხი თავის არჩევანს გააკეთებს და არაფერი შეეშლება, მაგრამ ჩვენ, ჩვენი ბრძოლა და არჩევანი წინ გვაქვს. გული არ გაიტეხოთ, ქართველი ხალხი აუცილებლად გაიმარჯვებს გველეშაპზე. ჩვენ ცისკარას ქვეყანა ვართ, ცისკარა ყოველთვის ამარცხებდა იმ დევს, რომელიც წყალს არ აძლევდა სოფელს. ჩვენ ჩვენს პურს, ჩვენს წყალსა და ჩვენს ქვეყანას აუცილებლად დავიბრუნებთ“, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.