თეგებით ძიება

ვიმედოვნებ, ამერიკელი ხალხი პრეზიდენტობიდან მოაცილებს ტრამპს, რომელიც პუტინის ლობისტია და მასთან ბიძინა ივანიშვილმა, როგორც ჩანს, საერთო ენა გამონახა - ნათელაშვილი

გული არ გაიტეხოთ, ქართველი ხალხი აუცილებლად გაიმარჯვებს გველეშაპზე. ჩვენ ცისკარას ქვეყანა ვართ, ცისკარა ყოველთვის ამარცხებდა იმ დევს, რომელიც წყალს არ აძლევდა სოფელს, – ამის შესახებ „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

„რუსეთის პრეზიდენტმა, ჩვენი ქვეყნის მთავარმა ოკუპანტმა პუტინმა რუსი ოლიგარქის, ივანიშვილის მეშვეობით და ჩვენი ვაჭარი თანამემამულეების ხელით, თავზე დაგვამხო ქვეყანა და საპარლამენტო არჩევნები. ამ კენჭისყრის შედეგები არის არალეგიტიმური, უკანონო, ანტისახელმწიფოებრივი და ასეთი პარლამენტის შეკრება გახლავთ დაუშვებელი. იქ არავინ უნდა შევიდეს, არა მარტო ოპოზიცია, არამედ თუ შერჩენია თავმოყვარეობა, „ქართული ოცნების“ წევრებმაც და მათმა მაჟორიტარებმაც უნდა უარი თქვან ე.წ. მეორე ტურზე. უკვე დაწყებულია დიდი სახალხო წინააღმდეგობა, სახალხო პროტესტი და მოძრაობა, რომელიც აუცილებლად წალეკავს ოლიგარქის ძირგამომპალ რეჟიმს და მე დიდად ვიმედოვნებ, რომ ხვალ ამერიკელი ხალხი პრეზიდენტის პოსტიდან მოაცილებს ტრამპს, რომელიც პუტინის ლობისტია შეერთებულ შტატებში და რომელთანაც, როგორც ჩანს, ბიძინა ივანიშვილმა გამონახა საერთო ენა და ამას მოწმობს ბოლო დღეს გაკეთებული მთელი რიგი თბილი განცხადებები ვიღაც-ვიღაცებისგან. ამერიკელი ხალხი თავის არჩევანს გააკეთებს და არაფერი შეეშლება, მაგრამ ჩვენ, ჩვენი ბრძოლა და არჩევანი წინ გვაქვს. გული არ გაიტეხოთ, ქართველი ხალხი აუცილებლად გაიმარჯვებს გველეშაპზე. ჩვენ ცისკარას ქვეყანა ვართ, ცისკარა ყოველთვის ამარცხებდა იმ დევს, რომელიც წყალს არ აძლევდა სოფელს. ჩვენ ჩვენს პურს, ჩვენს წყალსა და ჩვენს ქვეყანას აუცილებლად დავიბრუნებთ“, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

წყარო: 1tv.ge


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა