რატომ არის აუცილებელი ახალი ტანსაცმელის გარეცხვა?
ვის არ უყვარს წვეულებაზე თუ მეგობრებთან შეხვედრაზე ახალი, ლამაზი და მოდური ტანსაცმლით წასვლა, მაგრამ როგორც არ უნდა ჩქარობდეთ, სანამ ახალ სამოსს ტანზე მოირგებდეთ, აუცილებლად უნდა გარეცხოთ. მაშინაც კი თუ შეფუთულია და თქვენამდე არავის ჩაუცვამს.
ჩვენ გიამბობთ, რატომ არის ამის გაკეთება აუცილებელი.
დამუშავების ეტაპები
მაღაზიის დახლზე მოხვედრამდე, ტანსაცმელი დამუშავების რამდენიმე ეტაპს გადის.
პირველი ეტაპი ქსოვილის გაუფერულებაა, რადგან ნატურალური ქსოვილი აუცილებლად მუქი ყავისფერია. ბუნებრივი ფერის გასაქრობად, ქსოვილს ქლორით, წყალბადის ზეჟანგით, სხვადასხვა მჟავით ან მათეთრებელი საშუალებით ამუშავებენ და აშრობენ. ბუნებრივია, ამ პროდეცურების შემდეგ, ქსოვილზე ზემოთ ჩამოთვლილი ნივთიერებების უმცირესი ნაწილაკები რჩება, რომელიც მგრძნობიარე კანისთვის ნამდვილ საფრთხეს წარმოადგენს.
ტანსაცმლის დამუშავების მეორე ციკლი გაუფერულებული ქსოვილის ღებვა ან მასზე ნახატების დატანაა, რაც დაახლოებით, იგივე პროცედურებს გულისხმობს, რაც წინა შემთხვევაში. გაუფერულებულ ქსოვილს შესაღებად ანილინის საღებავს უსვამენ და აშრობენ. როგორც წინა, ისე ამ შემთხვევაში, ქსოვილის ზედაპირზე ქიმიური ნივთიერებებისა და გამშრალი საღებავის ნაწილაკები რჩება. თანაც, რაც უფრო სქელია ქსოვილი, მით უფრო მეტი.
გახსოვდეთ, ანილინის საღებავების უმეტესობა კანცეროგენურია და საშიში ქიმიური ნივთიერებები თქვენს კანზე ოფლთან ერთად მოხვდება.
ტრანსაცმლის დამუშავების მესამე ეტაპი მისი ტრანსპორტირებისთვის გამზადებაა. მზა პროდუქცია კონტეინერებით გადატანის დროს რომ არ დანესტიანდეს ან დაიჭმუჭნოს, წყალგაუმტარი და ფორმალდეჰიდის ფისოვანი ხსნარებით ამუშავებენ, რომელთა ჰიპერალერგენულობა არავის ადარდებს.
და ბოლოს, გაითვალისწინეთ, რომ საქსოვ დაზგაზე ძაფის შექმნიდან მზა ტანსაცმლის დახლზე მოხვედრის მომენტამდე, ქსოვილი არ გარეცხილა. ამგვარად, მასზე მხოლოდ ქიმიური ნივთიერებების „კოქტეილია“ მიმოფანტული, რომელიც თქვენი და თქვენი ოჯახის წევრების ჯანმრთელობისთვის ნამდვილ საფრთხეს წარმოადგენს.