ქალწულობის ინსტიტუტი და ქართული რეალობა: ახალი თაობა უფრო ტრადიციულია - საინტერესო კვლევა
„ქალწულობის ინსტიტუტი“ საკმაოდ აქტუალური თემაა. კონსერვატიულ საზოგადოებაში ქალების სექსუალური თავისუფლება შეზღუდულია და ცუდ ტონად ითვლება ქორწინებამდე სექსუალური კავშირი. ეს სოციალურ-კულტურულ-რელიგიური ჩარჩოებით განპირობებული სტერეოტიპი, მამაკაცის დომინაციას განაპირობებს. ზოგადად, ქრისტიანული თვალსაზრისით თავშეკავება ორივე სქესს მოეთხოვება. დასავლურ სამყაროში დროთა განმავლობაში, უფრო ლიბერალური გახდა დამოკიდებულება ქალის ქალწულობის მიმართ. ბევრგან ის მოძველებულ, დისკრიმინაციულ ნორმად მიიჩნევა და წარსულს ჩაბარდა. თუმცა საქართველოში ქალწულობის ინსტიტუტის სიმყარეს, არამხოლოდ ტრადიციები განაპირობებენ, არამედ, როგორც ჩანს, ქართველი ქალების ფსიქოლოგია და არჩევანი თავი შეიკავონ ქორწინებამდე სექსუალური კავშირისგან. შეიძლება ეს შეფასდეს, როგორც უნდობლობა მეორე სქესის მიმართ და ქალს მეტი უსაფრთხოების გრძნობას გვრიდეს. კვლევებმა აჩვენა, რომ ახალი თაობა კიდევ უფრო კონსერვატიული და თავშეკავებულია ვიდრე წინა.
2001 წელს თბილისში, ჩატარდა კვლევა საერთაშორისო ქალთა ცენტრის მიერ, ქალიშვილობის ინსტიტუტის შესახებ. კვლევა ჩაატარა სამმა თსუ-ს სტუდენტმა. ანკეტირებით გამოკითხული იყო 120 სტუდენტი. თსუ-ს სოციოლოგიის სტუდენტმა ქეთევან სალთხუციშვილმა 2012 წელს კვლავ ჩაატარა მსგავსი ხასიათის კვლევა.
კითხვაზე: უნდა მიეცეს თუ არა ქალს სექსუალური თავისუფლება? - მდედრობითი სქესის რესპოდენტთა 70% თვლიდა რომ უნდა მიეცეს. ახალი კვლევით შედეგები თითქმის იგივეა, გოგონების 69% უჭერს მხარს ამ მოსაზრებას, ხოლო 31% ეწინააღმდეგება. ასევე 2001 წელს ბიჭი რესპოდენტების 43% უჭერდა მხარს ქალთა სექსუალურ თავისუფლებას, ხოლო 45% ეწინააღმდეგებოდა. 2012 წელს ეს მაჩვენებელი ბიჭების შემთხვევაში გაიზარდა და 58/42 თანაფარდობა იყო.
შეინახავდით თუ არა ქალიშვილობას სხვა ქვეყანაში, სადაც ქალიშვილობი ინსტიტუტი არ იქნებოდა ასეთი ძლიერი, როგორც საქართველოში? - ამ კითხვაზე საკმაოდ საინტერესო პასუხები იყო, 2001 წელს, იმ გოგოების რაოდენობა, რომელიც შეინახავდა, იყო 49%, ახლა კი ეს რიცხვი გაიზარდა, და გახდა 81 %. ანუ თანამედროვე გოგონებში 65%-თ მეტმა დააფიქსირა თავშეკავების უფრო მაღალი ხარისხი, რაც მათ უფრო კონსერვატიულ ხასიათზე მიანიშნებს. აქედან შესაძლოა, ვიმსჯელოთ, რომ გოგონების აღზრდა, საზოგადოებრივი წნეხი არის სკმაოდ ძლიერი, და ამ ფაქტორების გამო ისინი ვერც კი წარმოიდგენენ თავს, სექსუალურად თავისუფალ პიროვნებად.
შემდეგი კითხვა ასეთი იყო: გექნებოდათ თუ არა სექსუალური ურთიერთობა იმ ადამიანთან, ვისთანაც გადაწყვეტილი გაქვთ მომავალში ქორწინება? 2001 წელს იმ გოგონების რაოდენობა, რომელიც დაეთანხმა ამ შეკითხვას, იყო 53%, ახლა ეს რიცხვი გახდა მხოლოდ 25%. განსხვავებები აშკარაა.
მოამზადა გიორგი აბულაძემ