თეგებით ძიება

„შენდება საქართველოში ყველაზე გრძელი ხიდი - 2 კილომეტრზე მეტი სიგრძის საინჟინრო კონსტრუქცია“

„სტეფანწმინდა–გველეთის მონაკვეთის მშენებლობის პროექტის დასრულება 2027 წლისთვის არის დაგეგმილი,“ - ამის შესახებ ინფორმაციას ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობითვე, ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ, და საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა სომხეთის ტერიტორიული მოწყობისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, დავით ხუდათიანმა, საქართველოში მიმდინარე მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტები მოინახულეს. მინისტრები ადგილზე გაეცნენ მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზაზე სტეფანწმინდა–გველეთის მონაკვეთის მოდერნიზაციის სამუშაოებს.

„პროექტი მოიცავს 4.5 კმ-იანი ახალი, ორზოლიანი გზის, ორი ხიდისა და ორი გვირაბის მშენებლობას. ამ ეტაპზე უკვე დასრულებულია ერთ-ერთი გვირაბის გაჭრა და მიმდინარეობს ხიდებისთვის საძირკვლებისა და ხიმინჯების მოწყობის სამუშაოები.

აღსანიშნავია, რომ ამ მონაკვეთზე შენდება საქართველოში ყველაზე გრძელი ხიდი — 2 კილომეტრზე მეტი სიგრძის საინჟინრო კონსტრუქცია, რომლის მოწყობა განსაკუთრებულ ტექნიკურ გადაწყვეტილებებს საჭიროებს.

სტეფანწმინდა–გველეთის მონაკვეთი E117 საერთაშორისო მარშრუტისა და ჩრდილოეთ–სამხრეთის დერეფნის ნაწილია, რომლის უსაფრთხოების თანამედროვე სტანდარტებით გაუმჯობესება მნიშვნელოვანია ქვეყნის და რეგიონის ეკონომიკური და სატრანზიტო განვითარებისათვის. პროექტის განხორციელება მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს გადაადგილების უსაფრთხოებას წლის ნებისმიერ პერიოდში.

სტეფანწმინდა–გველეთის მონაკვეთის მშენებლობის პროექტს საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორციელებს. სამუშაოების სავარაუდო ღირებულება 215.5 მილიონი ლარია, ხოლო დასრულება 2027 წლისთვის არის დაგეგმილი,“ - ნათქვამია ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა