თეგებით ძიება

აჭარაში უძრავ ქონებაზე მოთხოვნა ევროპის და გალფის ქვეყნებიდან უფრო მზარდია, ვიდრე რუსეთიდან - REA Investment

აჭარის უძრავი ქონების ბაზრის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ბოლო პერიოდში გაყიდვებში როგორც ბათუმში, ასევე რეგიონში ევროპის და გალფის ქვეყნების წილი მზარდია.

როგორც BMG-ს უძრავი ქონების საინვესტიციო კომპანია REA Investment-ში განუცხადეს, სპარსეთის ყურის ქვეყნებიდან აჭარის ბაზრისადმი ინტერესის ზრდა მათ შორის ახლო აღმოსავლეთში არსებულ დაძაბულობას და ამ ფონზე, საქართველოს როგორც უსაფრთხო ქვეყნის მიმართ ინტერესის ზრდას უკავშირდება.

კომპანიის დირექტორის, ირმა მახარაძის თქმით, აჭარის უძრავი ქონების ბაზარი საინვესტიციოდ მიმზიდველი ევროპული ქვეყნების მოქალაქეებისთვისაც არის.

“ზოგადად საქართველოს უძრავი ქონების ბაზარზე რუსულენოვანი ქვეყნების მოქალაქეების მხრიდან ინტერესი ყოველთვის მაღალი იყო და ეს სეგმენტი დღესაც ნამდვილად მნიშვნელოვან როლს იკავებს და ბოლო კვლევები აჩვენებს, რომ ბათუმში რუსეთის, უკრაინის და ბელარუსის მოქალაქეების ჯამური წილი ნამდვილად ოდნავ გაზრდილია. ჩვენი კომპანიის მაგალითზე შემიძლია ვთქვა, რომ ეს დინამიკა სტაბილურია.

სამაგიეროდ, კვლევებიც აჩვენებს და ჩვენი კომპანიის მაგალითიც ზუსტად ასეთია, რომ განსაკუთრებით შესამჩნევია ევროპული ბაზრების გააქტიურება. ბოლო თვეებში ევროპიდან უფრო მეტ ინტერესს ვხედავთ პარტნიორული მიმართულებითაც და პირდაპირი გაყიდვებითაც. შეიძლება გამოვყო რამდენიმე ქვეყანა: ეს არის ძირითადად გერმანია, პოლონეთი, ცენტრალური ევროპის ქვეყნები, სლოვაკეთი, სლოვენია, ჩეხეთი, საფრანგეთიც ძალიან აქტიურია.

ასევე ინტერესი იზრდება და კომერციული აქტივობა ზოგადად სპარსეთის ყურის ქვეყნების მხრიდან, განსაკუთრებით ეს არის არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და საუდის არაბეთთან თანამშრომლობის კუთხით. პირდაპირი გაყიდვებიც საკმაოდ მზარდია და ასევე პარტნიორული მომართვიანობაც.

ზოგადად რუსულენოვანი აუდიტორიის წილი საკმაოდ სტაბილური იყო, თუმცა ვერ ვიტყვი, რომ შესამჩნევად გაიზარდა მათი რიცხვი ამ პერიოდის განმავლობაში. პირიქით, ბათუმის და ზოგადად აჭარის რეგიონის მაგალითზე უფრო მეტად იზრდება ევროპული ქვეყნებიდან და ზოგადად GCC-დან მოთხოვნა, ვიდრე რუსულენოვანი ქვეყნებიდან. უფრო მეტად დივერსიფიცირებული არის ახლა აჭარის უძრავი ქონების ბაზარი, ვიდრე იყო პირობითად აქამდე.

რასაც ვუკავშირებთ [გაზრდილ მოთხოვნას], ეს არის ტურიზმის ადმინისტრაციის სტრატეგია სხვადასხვა ქვეყნების ათვისების კუთხით, იმიტომ რომ, როგორც ვხედავთ, რეალურად ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ დავაინტერესოთ სხვადასხვა ქვეყნები საქართველოთი.

მეორე - ახლო აღმოსავლეთში არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, შედარებით სტაბილური ქვეყნის როლი გვაქვს რეალურად ჩვენს რეგიონში მთლიანად. შესაბამისად, [ინვესტორები] ეძებენ უფრო უსაფრთხო ალტერნატივას, ქვეყანას, რომელიც არის განვითარებად ეტაპზე, სადაც იმისი ძალიან დიდი პოტენციალია, რომ ინვესტიციები რეალურად გაიზრდება”, - განაცხადა ირმა მახარაძემ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა