5 საავტომობილო გზის პროექტი, რომლის მშენებლობაც მომავალ წელს დაიწყება საქართველოში
2027 წელს საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისთვის 1.332 მლრდ ლარამდეა გათვალისწინებული, მათ შორის 723 მლნ ლარი ჩქაროსნული მაგისტრალების მშენებლობისთვის. ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს მიერ მომზადებულ, 2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის პირველად ვერსიაშია აღნიშნული.
ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, მომავალ წელს არაერთი მსხვილი საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტის მშენებლობა, რეკონსტრუქცია/რეაბილიტაციის გაგრძელება იგეგმება.
თუმცა, ამასთან, დოკუმენტში ჩამოთვლილია ის რამდენიმე პროექტიც, რომლის მშენებლობის დაწყებაც სურს მთავრობას მომავალ წელს.
კერძოდ, 2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის პირვანდელი ვერსიის თანახმად, მომდევნო წელს დაიწყება:
- თბილისის შემოვლითი გზის მშენებლობა - გამოყოფილია 210 მილიონი ლარი;
- მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის წიწამური-ჟინვალის მონაკვეთის მშენებლობა - გათვალისწინებულია 50 მილიონი ლარი;
- თბილისი-რუსთავის II მონაკვეთის მშენებლობა - გამოყოფილია 50 მილიონი ლარი;
- რუსთავი-წითელი ხიდის და ალგეთი-სადახლოს გზების მშენებლობა - მიიმართება 105.5 მილიონი ლარი;
- ანაკლიის პორტთან მისასვლელი გზის მშენებლობა - გათვალისწინებულია 30 მილიონი ლარი.
ამასთან, აღსანიშნავია, რომ ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, საავტომობილო გზების პერიოდული შეკეთებისა და რეაბილიტაციისთვის 2027 წელს 400 მლნ ლარია გათვალისწინებული.
ცნობისთვის, 2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი ამ ეტაპზე პირველადი ვერსიაა და მისი საბოლოო დამტკიცებამდე დოკუმენტში ცვლილებები და კორექტირებები შესაძლებელია.