თეგებით ძიება

ხელისუფლება დაუსრულებელ მშენებლობებზე საგადასახადო შეღავათებს კიდევ ერთხელ, ამჯერად 4 წლით ავადებს

პარლამენტში დარეგისტრირდა კანონპროექტი „საგადასახადო კოდექსში“ ცვლილების შეტანის შესახებ, რომელიც 2008 წლის 8 აგვისტომდე დაწყებული და დაუსრულებელი მშენებლობებისთვის დადგენილი საგადასახადო შეღავათების მოქმედების ვადის გაგრძელებას ითვალისწინებს. კანონპროექტი დღეს საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე პირველი მოსმენით განიხილეს და მხარი დაუჭირეს. კანონპროექტის განხილვა დაჩქარებული წესით იგეგმება, ხოლო კანონი გამოქვეყნებისთანავე ამოქმედდება.

მოქმედი კანონმდებლობით, აღნიშნულ ობიექტებზე უძრავი ქონების მიწოდება და მასთან დაკავშირებული სამშენებლო-სამონტაჟო მომსახურება 2029 წლის 1 იანვრამდე გათავისუფლებულია დღგ-ისგან ჩათვლის უფლებით. წარმოდგენილი ცვლილებით, აღნიშნული საშეღავათო პერიოდი 4 წლით, 2033 წლის 1 იანვრამდე გახანგრძლივდება.

საქმე ის არის, რომ 2024 წლის ბოლოს მოსაკრებლისგან გათავისუფლების საშეღავათო ვადა 2025 წლის 1 იანვრიდან 2028 წლის 1 იანვრამდე გადავადდა.

განმარტებითი ბარათის თანახმად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ხელშეწყობით უკვე წლებია მოქმედებს პროგრამა დაუსრულებელი მშენებლობებით დაზარალებული პირების დაკმაყოფილების მიზნით. პროცესში ჩართულ ახალ დეველოპერულ კომპანიებს დაკისრებული ვალდებულებების შესასრულებლად საბანკო დაფინანსება ესაჭიროებათ.

ვინაიდან ექსპლუატაციაში მიღების მოქმედი ვადა 2029 წლით განისაზღვრებოდა, კომპანიებისა და საბანკო სექტორის მხრიდან დღის წესრიგში დადგა ვადის გაგრძელების საჭიროება. საკანონმდებლო ჩარჩოს სტაბილურობა ბანკებს საშუალებას მისცემს, უფრო მარტივად გასცენ სესხები და შექმნან მყარი ფინანსური გარანტიები პროექტების ბოლომდე მოსაყვანად.

ცვლილებამ შესაძლოა გამოიწვიოს სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილის შემცირება დღგ-ის ნაწილში, თუმცა იგი არ ითვალისწინებს საბიუჯეტო ხარჯების ზრდას ან ახალ ფინანსურ ვალდებულებებს.

კანონპროექტის ავტორები და ინიციატორები არიან პარლამენტის წევრები: პაატა კვიჟინაძე, ირაკლი ხელაძე, შოთა ბერეკაშვილი, ბეჟან წაქაძე, გიორგი ბარვენაშვილი და ზურაბ რურუა. დოკუმენტი თბილისის მერიის ჩართულობით მომზადდა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა