როდის დასრულდება სადგურის მოედნისა და დადიანის ქუჩის დამაკავშირებელი ხიდის პროექტირება
სადგურის მოედნისა და ცოტნე დადიანის ქუჩის დამაკავშირებელი საავტომობილო ხიდის საპროექტო დოკუმენტაციის მომზადება მიმდინარე თვის ბოლომდე უნდა დასრულდეს. ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში განუცხადეს.
ხიდის საპროექტი დოკუმენტაციის მომზადებაზე შპს „საქგზამეცნიერება“ მუშაობს.
სადგურის მოედნის ტერიტორიის განახლების მიზნით, ტენდერი გასული წლის გაზაფხულზე გამოცხადდა. კერძოდ, მერიამ საპროექტო–სახარჯთაღრიცხვო ტექნიკური დოკუმენტების შედგენის მომსახურების შესყიდვის მიზნით 2.5 მილიონი ლარის ტენდერი გამოაცხადა.
აღნიშნულ ტენდერში გამარჯვებულმა შპს „საქგზამეცნიერებამ“ მერიას 1 491 000-ლარიანი წინადადება შესთავაზა.
ინფორმაციისთვის, სამეწარმეო რეესტრის მონაცემებით, პროექტირების სამუშაოების შემსრულებელი კომპანიის 100%-იანი წილის მესაკუთრე და გენერალური დირექტორი თამაზ შალიკაძეა.
რაც შეეხება უშუალოდ პროექტს, შეგახსენებთ, რომ სადგურის მოედნისა და ცოტნე დადიანის გამზირის დამაკავშირებელი ხიდი ორზოლიანი იქნება.
საავტომობილო ხიდს ექნება საზოგადოებრივი ტრანსპორტის პრიორიტეტი, რაც გულისხმობს მასზე შერეული ნაკადების დაშვებას მხოლოდ არაპიკურ საათებში. ხოლო პიკურ საათებში ხიდი გამოყენებული იქნება მხოლოდ საზოგადოებრივი ტრანსპორტის მიერ.
კონცეფციის მიხედვით, საავტომობილო ხიდი იქნება 280 მეტრი სიგრძის, სწორ მონაკვეთში 8.5 მეტრი სიგანის, ხოლო 15 მეტრი სიგანის მოხვევის მონაკვეთში (ე.წ. სპირალი, რომელიც ეშვება სადგურის მოედანზე).
„ხიდი იქნება ორზოლიანი და დასავლეთით, სადგურის მოედანზე დაშვებისას, რამპას ექნება მარჯვნივ ჩამხვევი ზოლი. რკინიგზის დერეფნის კვეთისას აუცილებელია 7 მეტრიანი სხვაობა რკინიგზის ლიანდაგსა და ხიდის სტრუქტურას შორის.
საავტომობილო ხიდი უნდა ითვალისწინებდეს 18 მეტრიანი ავტობუსების მართვის ტრაექტორიებს, მისი მაქსიმალური გრძივი ქანობი - 10.7%, ხოლო მინიმალური რადიუსი - 12 მეტრი.
საავტომობილო ხიდის გამტარობა შერეული ნაკადების პირობაში უნდა იყოს 800 ავტომობილი ერთ საათში ერთი მიმართულებით“, - აღნიშნულია ტექნიკურ დავალებაში.
ცნობისთვის, აღნიშნული პროექტი თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჯერ კიდევ 2024 წელს დააანონსა. გარდა ამისა, სადგურის მოედნის განახლებასთან დაკავშირებით, დანიური კომპანია Ramboll-ის მიერ შემუშავებულ ტრანსპორტის გეგმაშიც იყო საუბარი.
ამ გეგმის თანახმად, რეკომენდებული იყო ტერიტორიაზე ახალი გადასასვლელის, საჯარო სივრცის, ასევე ველოსიპედისტებისა და ფეხით მოსიარულეებისთვის უსაფრთხო გარემოს მოწყობა.