საქართველოს უძრავ ქონებაზე რუსების მოთხოვნა ერთ წელიწადში 447%-ით გაიზარდა
საქართველოს უძრავ ქონებაზე რუსების მოთხოვნა ერთ წელიწადში 447%-ით გაიზარდა. ამის შესახებ უძრავი ქონების საერთაშორისო საბროკერო კომპანია Tranio-ს კვლევაში წერია, რასაც რუსული “კომერსანტი” ავრცელებს.
კერძოდ, წლის პირველ ნახევარში უცხოურ უძრავ ქონებაზე რუსების მთლიან განაცხადებში საქართველოს წილი 5%-ს შეადგენს, მაშინ, როცა 2025 წლის ანალოგიურ პერიოდში ეს მაჩვენებელი მხოლოდ 1% იყო. ამდენად, მოთხოვნის წლიურმა ზრდამ 447% შეადგინა, რითაც საქართველო სხვა ქვეყნებს შორის ლიდერია.
უძრავ ქონებაზე რუსების განაცხადებში ყველაზე დიდი წილი ტაილანდს უკავია (16%), ხოლო მის შემდეგ თანაბარი 9%-იანი წილით საბერძნეთი და არაბთა გაერთიანებული საემიროებია. თუმცა ამ წამყვან სამეულში მოთხოვნა ყველაზე მეტად საბერძნეთის უძრავ ქონებაზე გაიზარდა (+86%), ხოლო რეიტინგის ლიდერ ტაილანდზე, პირიქით, 27%-ით შემცირდა.
წლის პირველ ნახევარში უცხოურ უძრავ ქონებაზე რუსების მოთხოვნაში ლიდერი ქვეყნების წილი ასეთია:
- ტაილანდი 16% (2025 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით -27%)
- საბერძნეთი 9% (+86%)
- არაბთა გაერთიანებული საემიროები 9% (+7%)
- ესპანეთი 8% (+29%)
- თურქეთი 7% (0%)
- კვიპროსი 7% (+37%)
- საფრანგეთი 6% (-22%)
- საქართველო 5% (+447%)
- მონტენეგრო 4% (+38%)
ამდენად, მოთხოვნის ზრდით საქართველო ლიდერობს, შემდეგი კი საბერძნეთი და მონტენეგროა. უძრავ ქონებაზე რუსების მოთხოვნა ერთ წელიწადში მხოლოდ ტაილანდსა და საფრანგეთში შემცირდა, თურქეთში კი უცვლელი დარჩა.