თეგებით ძიება

თბილისის რომელ რაიონშია ყველაზე მეტი დაზიანებული ლიფტი? - სტატისტიკა და რეაბილიტაციის მოთხოვნები

თბილისის მრავალბინიან საცხოვრებელ კორპუსებში ლიფტების უსაფრთხოება და რეაბილიტაცია დედაქალაქის ერთ-ერთ მთავარ მუნიციპალურ გამოწვევად რჩება.

დედაქალაქის გამგეობები ყოველწლიურად მილიონობით ლარს გამოყოფენ „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში ლიფტების შეკეთებისა და ჩანაცვლებისთვის. თუმცა რაიონების გამგეობებიდან გამოთხოვილი ოფიციალური საჯარო ინფორმაციის ანალიზი აჩვენებს, რომ მზარდი დაფინანსების მიუხედავად, მოთხოვნა ბიუჯეტს საგრძნობლად აღემატება.

როგორც თბილისის მუნიციპალიტეტის მერიიდან „ბიზნესპრესნიუსისთვის“ მიწოდებული მონაცემებიდან ირკვევა, 2021 წლიდან დღემდე თბილისის სხვადასხვა რაიონში ლიფტების რეაბილიტაციასა და ჩანაცვლებაზე გაწეულმა ჯამურმა ხარჯმა 66 მლნ ლარს გადააჭარბა.

ამასთან, თითქმის ყველა რაიონში შეინიშნება დაფინანსების მკვეთრად მზარდი დინამიკა (მაგალითად, ისანში წლიური დანახარჯი 2021 წლის 624 ათასი ლარიდან, 2026 წელს 4.4 მლნ ლარამდე გაიზარდა).

გარდა ამისა, მონაცემები ნათლად აჩვენებს, რომ მოსახლეობიდან შესული განცხადებების ნაკადი იმდენად მაღალია, რომ გამგეობები წლიურად მოთხოვნის საშუალოდ, 30%-45%-ის დაფინანსებას ახერხებენ. შედეგად, ასობით ლიფტი კვლავ ჩასანაცვლებელთა ოფიციალურ რიგში რჩება.

შენიშვნა: გამგეობების მიერ მოწოდებული ინფორმაცია დროით ჭრილში განსხვავებულია. გამგეობების ნაწილი (ისანი, სამგორი, ნაძალადევი, საბურთალო, მთაწმინდა, კრწანისი) მონაცემებს 2021–2026 წლების სრული 6-წლიანი პერიოდისთვის წარადგენს, ხოლო გარკვეული გამგეობები (მაგ. ვაკე და დიდუბე) სტატისტიკას 2024–2026 წლების ჭრილში აღრიცხავენ.

თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და რაიონული გამგეობების ოფიციალური სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, დედაქალაქის ცალკეულ ადმინისტრაციულ ერთეულებში დაფინანსების დინამიკა და არსებული სურათი ასე გამოიყურება:

ისანი

ისნის რაიონის მასშტაბით ჩასანაცვლებელი ლიფტების ოფიციალურ ნუსხაში ამ დრომდე 130 ლიფტი ირიცხება.

2021 წლიდან დღემდე რაიონში ლიფტების მოდერნიზაციასა და რეაბილიტაციაზე სულ დახარჯულია 13 568 825 ლარი.

რაც შეეხება 2026 წლის მონაცემებს, დღეის მდგომარეობით, დახარჯულია 2 327 572 ლარი, ხოლო წლის ბოლომდე ამორტიზებული ლიფტების მოდერნიზებისა და რეაბილიტაციისთვის დარჩენილი საბიუჯეტო სახსრები 2 142 797 ლარს შეადგენს.

სამგორი

სამგორის რაიონის მასშტაბით ჩასანაცვლებელი ლიფტების ნუსხაში 153 ლიფტი ირიცხება.

2021 წლიდან დღემდე რაიონში ლიფტების რეაბილიტაციასა და მოდერნიზებაზე ჯამში 7 595 684 ლარი დაიხარჯა.

ვაკე

2024-2026 წლებში ვაკის რაიონის გამგეობის მიერ დაფინანსდა 295 ლიფტის კაპიტალური აღდგენა/შეკეთების სამუშაოები (მათ შორის 63 ლიფტი ახლით ჩაანაცვლეს), რაზეც ჯამში 11 638 162 ლარი დაიხარჯა:

ამასთან, ამ ეტაპზე მიმდინარეობს კიდევ 10 ლიფტის რეაბილიტაცია, რომლისთვისაც გამოყოფილია 463 456 ლარი.

2026 წელს ვაკის გამგეობაში ლიფტის აღდგენა-შეკეთების მოთხოვნით სულ 279 განცხადება შევიდა, საიდანაც დაფინანსდა 117 (მათ შორის 18 ლიფტის სრული ჩანაცვლება განხორციელდა).

ნაძალადევი

2021-2026 წლებში ნაძალადევის რაიონის გამგეობის მიერ დაფინანსდა 254 ლიფტის კაპიტალური ან ნაწილობრივი აღდგენა/შეკეთება. აღსანიშნავია, რომ 2021-2025 წლებში ჯამურად ამ მიმართულებით დახარჯულია 6 183 176 ლარი.

2026 წელს ლიფტის აღდგენა/შეკეთების მოთხოვნით გამგეობაში სულ 238 განცხადება შევიდა. აქედან დაფინანსდა 72 ლიფტის სამუშაოები, ხოლო 116 განცხადებას გაეცა შუალედური პასუხი (საბოლოო გადაწყვეტილება საანგარიშო წლის ბოლოს გახდება ცნობილი).

დიდუბე

დიდუბის რაიონში სულ აღრიცხულია 810 ლიფტი.

2024-2026 წლებში სრულად ჩანაცვლდა 8, ხოლო კაპიტალური და ნაწილობრივი რეაბილიტაცია ჩაუტარდა 140 ლიფტს. ამ დანიშნულებით, სამწლიან პერიოდში ჯამურად 5 199 900 ლარი დაიხარჯა:

მიმდინარე წელს რეაბილიტაცია ჩაუტარდა 62 ლიფტს. 2027 წლისთვის ამ მიმართულებით გათვალისწინებულია 2 მლნ ლარი და იგეგმება 40-45 ლიფტის რეაბილიტაცია. დღეის მდგომარეობით გამგეობაში უკვე შესულია 80 განცხადება.

საბურთალო

საბურთალოს რაიონის გამგეობის მიერ პროგრამის ფარგლებში დაფინანსდა 447 ლიფტის კაპიტალური აღდგენა/შეკეთების სამუშაოები, რაზეც 2021–2025 წლებში ჯამურად, 15 550 866 ლარი დაიხარჯა.

რაც შეეხება 2026 წლის მონაცემებს, დღეის მდგომარეობით დასრულებულია 66 ლიფტის აღდგენა/შეკეთება (გამოიყო 2 782 377 ლარი), ხოლო ამ ეტაპზე მიმდინარეობს 9 ლიფტის რეაბილიტაცია, რომლის ბიუჯეტი 498 684 ლარს შეადგენს.

მთაწმინდა

მთაწმინდის რაიონში 2021–2025 წლებში ლიფტების რეაბილიტაციაზე ჯამში გამოყოფილია 1 765 284 ლარი. (შენიშვნა: 2026 წლის საბოლოო ხარჯვითი ნაწილი მოწოდებულ ოფიციალურ პასუხში მითითებული არ არის).

2026 წელს რაიონის გამგეობაში ლიფტის რეაბილიტაციის მოთხოვნით სულ შესულია 11 განაცხადი, საიდანაც 6 ლიფტს რეაბილიტაცია უკვე ჩაუტარდა, ხოლო 5-ზე სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს.

კრწანისი

კრწანისის რაიონის ტერიტორიაზე, მრავალბინიან კორპუსებში ლიფტების ჯამური რაოდენობა 283-ს შეადგენს.

მერიის ინფორმაციით, დღეის მდგომარეობით არცერთი ლიფტი არ არის ავარიულ (ამორტიზებულ) მდგომარეობაში. გამგეობის წერილში აღნიშნულია, რომ ლიფტების ტექნიკური ინსპექტირების ვალდებულება მესაკუთრეებს (ამხანაგობებს) აკისრიათ, რის გამოც ინსპექტირებული ლიფტების ზუსტი რაოდენობა მუნიციპალიტეტისთვის უცნობია.

2021 წლიდან დღემდე რაიონში ლიფტების ჩანაცვლება/რეაბილიტაციაზე ჯამში 4 648 514 ლარი დაიხარჯა.

2026 წელს რაიონში შევიდა 20 განაცხადი (40 ლიფტის რეაბილიტაციაზე), საიდანაც დაკმაყოფილდა 12 განცხადება და რეაბილიტაცია ჩაუტარდა 20 ლიფტს (ღირებულება 784 012 ლარი). გარდა ამისა, 2026 წლის ბიუჯეტით დაგეგმილია კიდევ 1 ლიფტის რეაბილიტაცია.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა