"მიწოდებასა და მოთხოვნას შორის დისბალანსია, მშენებლობის ნებართვების გაცემა უნდა შენელდეს" - Galt & Taggart
უძრავი ქონების ბაზარზე დისბალანსი იზრდება - როგორც საინვესტიციო ბანკ „Galt & Taggart“-ში აცხადებენ 2023-2025 წლებში ნებართვების რაოდენობა გაყიდვებზე მნიშვნელოვნად სწრაფად გაიზარდა. კერძოდ, გაყიდული ბინების რაოდენობა 60 ათასია, გაცემული ნებართვების რიცხვი კი 85 ათასს აჭარბებს.
როგორც Galt & Taggart-ის ასოცირებულმა მკვლევარმა ზუკა თავყელიშვილმა გადაცემა „უძრავი ქონების პროსპექტში“ სტუმრობისას განაცხადა, გამძაფრდა კონკურენცია, რაც ფასების ზრდის ტემპის შენელებასა და შიდა განვადებების გამარტივებაში გადაითარგმნა.
„მე მინდა, ცოტა შორიდან დავიწყო და შევეხო 2022 წლამდე პერიოდს, თუ რა სურათი გვქონდა ბაზარზე. თუ სტატისტიკას ჩავხედავთ, ვნახავთ, პირველად ბაზარზე ყოველწლიურად რამდენი ბინაც იყიდებოდა, დაახლოებით იმავე რაოდენობის ახალი ბინის მშენებლობა იწყებოდა. ეს იყო წლიურად 15-დან 17 ათას ბინამდე.
2022 წელს ეს სურათი ჩვენთვის ნაცნობი მიზეზების გამო შეიცვალა, თუმცა ეს იყო ერთჯერადი მასტიმულირებელი მიზეზი, მაგრამ ამის მიუხედავად, მიწოდების მხარეს კვლავ მაღალი მაჩვენებელი შენარჩუნდა. მხოლოდ 2023 წელს მიწოდებას თუ შევხედავთ, წლიურად 40%-ით იყო გაზრდილი საცხოვრებელი ფართობი გაცემულ ნებართვებში. ეს ნიშნავს, რომ მხოლოდ 2023 წელს 19,000-მდე ბინა გაიყიდა პირველად ბაზარზე, მაშინ როდესაც 30,000-ზე მეტი ახალი ბინის მშენებლობა დაიწყო.
მიუხედავად 2024-2025 წლებში ნებართვების გაცემაში მცირედი კლებისა, ეს ნიშნული კვლავ ბევრად უფრო მაღლა შენარჩუნდა, ვიდრე ჯანსაღი გაყიდვების რაოდენობაა.
შეგვიძლია ვთქვათ, რომ ყოველწლიურად პირველად ბაზარზე ჯანსაღი რაოდენობა არის 20,000-მდე ბინა. ბოლო სამი წელი რომ შევაფასოთ და 2025 წელიც ბოლომდე რომ დავაპროგნოზიროთ, ასეთ ვითარებას ვიღებთ - 2023-დან 2025 წლის ჩათვლით, 60,000-მდე ბინა გაიყიდა, მაშინ როდესაც გაიცა ნებართვა 85,000-ზე მეტი ახალი ბინის მშენებლობაზე",- განაცხადა ზუკა თავყელშვილმა.
გამოსავლად სექტორის წარმომადგენლები მიწოდების მართვას ასახელებენ.
„მთავარია, ნებართვების გაცემა შენელდეს, რათა მოთხოვნა და მიწოდება, რომლებიც დღეს დისბალანსშია, რაც შეიძლება მალე დაუბრუნდეს ერთ ნიშნულს“, - აცხადებენ Galt & Taggart-ში.
მათივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ბანკები უკვე გრძნობენ ჭარბი მიწოდების რისკებს, მიმდინარე წლის მონაცემებით, დაკრედიტება სრულად არ შეჩერებულა.
„მოყვანილი რიცხვები ნიშნავს იმას, რომ გაიზარდა მიწოდება, გაიზარდა კონკურენცია და ბუნებრივია, პირველ რიგში ეს აისახა იმაზე, რომ ფასის ზრდა ბევრად უფრო გართულდა, ვიდრე ეს აქამდე ხდებოდა. თუ წინა წლებში 10-15%-იან ზრდას ვხედავდით ფასებში, წელს ეს ზრდა 3%-ია. ფასთან ერთად კონკურენციაში შედიან შიდა განვადებების სქემებით, რომლებიც რეალურად 2022 წლამდეც არსებობდა, თუმცა პოპულარობა შეინარჩუნა სწორედ იმის შემდეგ, რაც კონკურენცია ასე კოლოსალურად გაიზარდა.
თუ თავიდან ვხედავდით საშუალოდ 50-60%-იან წინასწარ შენატანებს, შემდეგ ვიხილეთ 30%-ზე ჩამოსული, 10%-ზე, დღეს უკვე ძალიან ხშირად ვხედავთ 0%-იანი წინასწარი შენატანით შიდა განვადებებს. დღეს ამ ბერკეტის პოტენციალიც ამოწურულია, ანუ 0%-ზე უფრო მეტად ვერ გამარტივდება.
გამოსავალს რაც შეეხება, რა თქმა უნდა, აქ რეგულაციებმაც, შესაძლოა, ითამაშა თავისი როლი, თუმცა ვფიქრობთ, რომ მიწოდების მხარე არის მთავარი პასუხი ამ ყველაფერზე, ანუ მიწოდების მხარეს არის საჭირო, რომ შენელდეს ნებართვების გაცემა, რათა მოთხოვნა და მიწოდება, რაც დისბალანსშია დღეს, რაც შეიძლება მალე დაუბრუნდეს ერთ ნიშნულს.
ბანკები, რა თქმა უნდა, გრძნობენ ამ ჭარბი მიწოდების რისკებს, თუმცა ვერ ვიტყვით, რომ დაკრედიტება სულ გაჩერებულია.“ - განაცხადა თავყელიშვილმა.