თეგებით ძიება

საოფისე ფართების დეფიციტი თბილისში

„საოფისე სექტორში მოთხოვნა გაცილებით მაღალია“, - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსთან“ G.Miller International Georgia-ს მმართველმა პარტნიორმა, ნიკოლოზ ურუშაძემ უძრავი ქონების ბაზარზე არსებულ ტენდენციებზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, უძრავი ქონების ბაზარი ამ ეტაპზე სტაბილურობას ინარჩუნებს და ფასები ნელი ტემპით მიჰყვება ინფლაციას, თუმცა ცალკეულ სეგმენტებში, განსაკუთრებით საოფისე ფართებზე, მოთხოვნა მკვეთრად გაზრდილია.

ნიკოლოზ ურუშაძის განმარტებით, აღნიშნული ტრენდი რუსეთიდან საქართველოში ონლაინ ბიზნესების მასობრივ გადმოდინებას უკავშირდება.

„ჯერჯერობით არ შეინიშნება, რომ უძრავი ქონების ფასებს მნიშვნელოვანი აწევ-დაწევა ელოდებოდეს. უძრავი ქონების ბაზარი სტაბილურია და ნელი ტემპით მიჰყვება ინფლაციას - ფასები იზრდება. თუმცა, არის გარკვეული სეგმენტი, სადაც მოთხოვნა გაცილებით მაღალია. მაგალითად, საოფისე სექტორში. ესეც იმითაა გამოწვეული, რომ მთელი რუსეთის ონლაინ ბიზნესი, ლოკაციის მიუხედავად, საქართველოში გადმოსახლდა.

ძალიან ბევრი რუსული კომპანიაა, ზოგი საეჭვო, ზოგიც - არასაეჭვო. კონკრეტულად ვერაფერს ვიტყვი, თუ რით არიან დაკავებულნი, მაგრამ ქოლცენტრებზე მუდმივი საუბარი რომ არის, არ მგონია, მთლად ჭორი იყოს, ეს საკითხი აუცილებლად მოითხოვს გამოძიებას. მათ უცებ შეავსეს საოფისე ფართები, რის გამოც დღეს დეფიციტია და საკმაოდ დიდი მოთხოვნა ფიქსირდება. საოფისე სფეროში ეს ტრენდი დეველოპერებმა უკვე შეამჩნიეს და ძალიან ბევრი პროექტის ნებართვა გაიცა, რომ ნელ-ნელა დაეწიოს მოთხოვნა მიწოდებას.

დედაქალაქის მასშტაბით, საოფისე ფართებზე მოთხოვნა ძალიან გაზრდილია. უძრავ ქონებაზე გაზრდილ მოთხოვნას დღეს ძირითადად, რუსები ქმნიან, რაც ბოლო წლების განმავლობაში საკმაოდ მაღალია. ვფიქრობ, ეს მაღალი მოთხოვნა შენარჩუნდება იმის გამო, რომ მიგრაცია უკვე უკონტროლოა და ძალიან ბევრი ადამიანი შემოდის.

შეხედეთ, ჩვენს საზღვრებზე გამოქცეული ხალხის უზარმაზარი რიგებია. რა თქმა უნდა, ეს გავლენას ახდენს მოთხოვნაზე და ის იზრდება და იზრდება. როდის დაბალანსდება ეს ყველაფერი, არავინ იცის, რადგან რაც უფრო მოუჭერს რუსეთი თავის მოსახლეობას, მით უფრო მეტი ხალხი გამოქცევა ჩვენთან.

ეს, ერთი მხრივ, შეიძლება პოლიტიკური კატასტროფაა, მაგრამ უძრავ ქონებაზე მოთხოვნის ზრდაში აისახება. როგორც წესი, ვისაც ფული აქვს და ამ ყველაფერს ხედავს, ფიქრობს, თუ სად გაიზრდება მოთხოვნა, რის გამოც საკმაოდ დიდი რაოდენობის საოფისე ცენტრები შენდება.

რუსეთი უვარგისი გახდა ონლაინ საქმიანობისთვის, რადგან იქ ინტერნეტს მუდმივად ახშობენ. თუ საერთაშორისო ონლაინ ბიზნესი გაქვს, რუსეთი ასეთი საქმიანობისთვის გამოსადეგი არ არის. ამიტომ, ვისაც შეეძლო, ეს ქვეყანა უკვე ყველამ დატოვა, ეს ხალხი კი იქ ყოველთვის ლეგალურ საქმიანობას არ ეწეოდა.

ცნობილია, რომ რუსეთი იყო „ონლაინ ყაჩაღი“ და მთელ მსოფლიოს ძარცვავდა. ეს ქოლცენტრების ბაზები რუსეთის უშიშროებიდან მოდის. ჩვეულებრივი ადამიანი ამ დონის ჰაკერინგს ვერ ეწევა. ეს კომპანიები ძირითადად გაიქცნენ იმ ქვეყნებში, სადაც რუსებს მიესალმებიან, შექმნილი აქვთ სასათბურე პირობები და რუსეთის მთავრობას აქვს გავლენა, არ დააჩაგვრინოს თავისი მოსახლეობა. მიუხედავად იმისა, კარგ საქმიანობას ეწევიან იმ ქვეყანაში თუ ცუდ საქმიანობას“, - განაცხადა ნიკოლოზ ურუშაძემ „ბიზნესპრესნიუსთან“.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა